რუსეთი მეცნიერების გარეშე -  აკადემიური სფეროს წარმომადგენლები საზღვარგარეთ გარბიან

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რუსულ სამეცნიერო სფეროს დანარჩენი სამყაროსგან იზოლაცია ემუქრება. 24 თებერვლის შემდეგ რუსეთი რამდენიმე ასეულმა ათასმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის მრავლადაა მეცნიერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ბევრი რუსეთს იმის გამო ტოვებს, რომ სამშობლოში სამეცნიერო პროექტების განხორციელება აღარ შეუძლია. ვერ ახერხებენ საჭირო ინვენტარის, კონტაქტებისა და დაფინანსების მოძიებას. ამ საკითხზე რადიო თავისუფლების რუსული ბიურო საუბრობს.

- 100 წლის წინ, 1922 წელს, ლენინის განკარგულებით ინტელიგენციის წარმომადგნლები გერმანიაში გაუშვეს. 300-მდე ადამიანი 5 გემით გაემგზავრა. ამ მოვლენას შემდეგ „ფილოსოფიური ორთქლმავალი“ შეარქვეს. გავიდა 100 წელი და რუსული ინტელიგენცია: მხატვრები, პედაგოგები, მეცნიერები საზღვარგარეთისკენ დაიძრნენ. მიდიან თურქეთში, ერევანში, საქართველოს საზღვარზე, ბალტიისპირეთში. ამჯერად რუსეთს ფილოსოფიური თვითმფრინავი ტოვებს. თან ჯერჯერობით საზღავრს არ კეტავენ, ინტელიგენციას ხელს არ უშლიან ქვეყანა დატოვონ. ადრე ფილოსოფიური ორთქლმავალი იყო, ახლა ფილოსოფიური თვითმფრინავია. როგორ აისახება ეს რუსეთის კულტურასა და მეცნიერებაზე?

ელენა ლუკიანოვა, პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი: სიტუაცია თან არის მსგავსი და თან - არა. 100 წლის წინ ვინც წავიდა, ისინი საბოლოოდ დაშორდნენ რუსეთს, ახლა კი, დღევანდელი კომუნიკაციების წყალობით, ეს ვეღარ მოხდება. ეს უფრო ადგილის შეცვლაა. ახლა, 100 წლის მერე, მეცნიერება აღარ არის მხოლოდ ნაციონალური.

მაგალითად, ჩემი საყვარელი თემაა სუვერენიტეტი. პუტინიც ხომ ახლა სუვერენიტეტით თამაშობს. ბრიტანული ენციკლოპედია და რუსული ვიკიპედია რომ შევადაროთ - ანალიზის სიღრმე, პუბლიკაციების რაოდენობა - ერთმანეთთან ახლოსაც კი არაა. რუსულ ვიკიპედიაში სიტყვა „სუვერენიტეტზე“ [ძიების შედეგები] კარგად აჩვენებს თუ რა არის საკუთარ თავში ჩაკეტილი მეცნიერება, არც ერთი უცხოური წყარო, ყველაზე ახალი პუბლიკაციები 90-იან წლებშია დაწერილი. და აჰა, შედეგიც, ომი! რადგან ამ ტერმინს სწორედ ამ ყველაფრის გასამართლებლად იყენებდნენ.

- სხვათა შორის, რუსულ ვიკიპედიას ძალიან მიადგნენ. შეძრწუნებული ვუყურებ, რომ სტატიები შეცვლილია. ვიკიპედიის რედაქტორებთან მივიდნენ და თუ მანამდე სტატიები მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო, ახლა უბრალოდ ვერ გამოიყენებ.

ასევე ნახეთ ძალა უმეცრებაშია - რა ხერხებით ამახინჯებს რუსეთი ისტორიას

სერგეი, შეგვიძლია ვისაუბროთ თუ რა მასშტაბი აქვს ამ კატასტროფას, რომელიც ჰუმანიტარულ და სამეცნიერო სფეროს ეხება?

სერგეი იეროფიევი, სოციოლოგი, რატგერსის უნივერსიტეტი, აშშ: ჩემს უნივერსიტეტში ლექცია წავიკითხე, რომელსაც ასევე ერქვა „რუსეთის კატასტროფა“. შეძლება ეს ძალიან მკვეთრი ტერმინია, მაგრამ სხვა სახელი ამ შემთხვევაში მომხდარს სრულფასოვნად არ ასახავს. რაღაც გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით პოსტსაბჭოთა პერიოდის ჰუმანიტარული სფერო რუსეთში ისედაც კატასტროფული იყო. როგორ შეიძლება ამას შევხედოთ? უგუნურება იქნება ვთქვათ, რომ ეს ჩვეულებრივი ემიგრაციაა.

ასევე ნახეთ პუტინის საყვარელი ფილოსოფოსი და ომი

კონკრეტული რიცხვები არ არსებობს, მაგრამ მარტიდან მოყოლებული ყველაზე დიდი 400 ათასი ადამიანი გავიდა რუსეთიდან. მათ შორის ბევრი ხელოვანია. უხეშად რომ დავთვალოთ, ნახევარი იქნებიან ბიზნესმენები და მეორე ნახევარი ის ხალხი, რომლებსაც სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროს მივაკუთვნებთ.

ელენა ლუკიანოვა: „ფილოსოფიური ორთქლმავალი“ 24 თებერვალს არ „დაძრულა“, ეს 2014 წელს დაიწყო. მაშინ ბევრმა ვერ გაუძლო ყირიმის სამარცხვინო ანექსიას, ეს ხომ სირცხვილია, საშინელებაა. ბევრი წავიდა, რცხვენოდათ, რომ მათ ქვეყანაში ასეთი რამ ხდება. მეორე ნაწილი კი დარჩა იმ მოსაზრებით, რომ იქნებ სიტუაცია შეეცვალათ. დროთა განმავლობაში ყველაფერი კიდევ უფრო უარესდებოდა. ემიგრაციის მეორე ტალღა სადღაც 2020 წელს იყო, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს. კონსტიტუციონალისტები, პოლიტოლოგები ღიად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს, იმიტომ კი არა, რომ რეჟიმს უპირისპირდებოდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათი კვლევის საგანი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა. ისინი გამოდიოდნენ როგორც სპეციალისტები და არა როგორც პოლიტიკოსები. ვისაც მაშინ საკუთარი აზრი არ გამოუთქვამს, მის პროფესიონალიზმში ხალხს ეჭვი შეეპარა.

რაც უფრო ახლოა თქვენი სამეცნიერო კვლევის საგანი ხელისუფლებასთან, მით უფრო ბუტაფორიული ხდება ის, რადგან ცენზურა მოქმედებს. ვხედავთ, რომ ახლა მთელ რიგ პროგრამებს შლიან: პოლიტოლოგიას, სოციოლოგიას, საერთაშორისო საჯარო სამართალს.
ელენა ლუკიანოვა

24 თებერვალს მომხდარმა ფაქტობრივად არჩევანი აღარ დაუტოვა იმათ, ვინც ჯერაც რჩებოდა. სპეციალისტებისთვის რუსეთში ყოფნა მართლა შეუძლებელი გახდა. თუ ჩუმად არ ზიხარ შენთვის, არამედ იკვლევ და კვლევის შედეგებს ასაჯაროებ, რისკის ქვეშ ხარ და არც ერთი ადვოკატი, არც ერთი იურისტი, არაფერი შენ არ გიშველის. რეჟიმი გაგისწორდება ისე, როგორც თავად უნდა.

სერგეი იეროფიევი: მე მაინც ვიტყოდი, რომ ახალი ტალღა არა 2014, არამედ 2012 წელს დაიწყო. ეს მუდმივი პროცესია. ყველამ ვიცით, რა მოხდა ეკონომიკის უმაღლეს სასწავლებელში ჯერ კიდევ რექტორის შეცვლამდე, როგორი რეპრესიები იყო იმ პროფესორებზე, რომლებიც საღად აზროვნებდნენ.

- დიახ, ჯერ პრორექტორებს მიადგნენ, შემდეგ პროფესორებს და ბოლოს სტუდენტებს.

დიმიტრი დუბროვსკი, ისტორიკოსი და სოციოლოგი: ვფიქრობ, უამრავი ადამიანია, რომელიც ახლა ფიქრობს წასვლას და არიან ისეთებიც, რომლებიც წავიდნენ და უკან დაბრუნებას აპირებენ, რადგან წავიდნენ ემოციურ ფონზე და შემდეგ იქ უამრავ ტექნიკურ პრობლემას წააწყდნენ, დაწყებული დაბლოკილი ბარათებიდან, დამთავრებული იმით, რომ სამსახური ვერ იშოვეს. კი, მათ ჰქონდათ გარკვეული თანხა, მაგრამ ახლა ისიც უთავდებათ.

რუსი სტუდენტების აქცია ჩეხეთში.

ჰუმანიტარული სფერო ახლა ცუდ დღეშია. შეუძლებელია შენი საქმე აკეთო და ომს გვერდი აუარო. იტყვი რამეს და შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ. თან არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამას აუდიტორიაში იტყვი თუ სადმე კერძო საუბარში. ვიცით, რომ უკვე შექმნილია ჯგუფები, რომლებიც დაკავებულები არიან იმით, რომ დიპლომატიის უნივერსიტეტში სამშობლოს გამყიდველებს ეძებენ.

- მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლა მათგან მხოლოდ ფასადები დარჩა? დგას მშვენიერი შენობები მოსკოვში, ათასობით სტუდენტი ირიცხება, ეს ყველაფერი რა არის ახლა?

ელენა ლუკიანოვა: ეკონომიკის უმაღლეს სკოლაზე საუბარი გამიჭირდება. შემიძლია ვთქვა, რომ იქ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტიდან მხოლოდ სახელწოდებაა დარჩენილი. 2020 წელს დეკანი შეიცვალა, რომელიც დანიშნეს იმისთვის, რომ ჩვენ გავეყარეთ. სხვა ფაკულტეტებზე საუბარი მიჭირს. ზოგადად კი როგორაა, მაგალითად, ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო სამართლისა და სამეწარმეო სამართლის კათედრები მუშაობს, საკონსტიტუციო სამართლის კათედრა კი ბუტაფორიაა. რაც უფრო ახლოა თქვენი სამეცნიერო კვლევის საგანი ხელისუფლებასთან, მით უფრო ბუტაფორიული ხდება ის, რადგან ცენზურა მოქმედებს. ვხედავთ, რომ ახლა მთელ რიგ პროგრამებს შლიან: პოლიტოლოგიას, სოციოლოგიას, საერთაშორისო საჯარო სამართალს. პროფესორები ევროპაში მოდიან და ჩვენთან, თავისუფალ უნივერსიტეტში ასწავლიან. ძალიან ბევრი მსურველი გვყავს, ამ კურსებზე უზარმაზარი მოთხოვნაა, რადგან რუსეთში ისინი აღარ ისწავლება.

- სერგეი, თუ ავიღებთ სოციოლოგიას, პოლიტოლოგიას... სხვათა შორის პუტინმა ახლახან თქვა, რომ პოლიტოლოგია როგორც საგანი არ არსებობს, რადგან მას მეთოდი არა აქვს. რა გამოდის, მთელი რიგი დისციპლინების კოლაფსია, თუ მაინც რჩება რაღაც ნიშა ამ სფეროებში, მაგალითად ბაზრის სოციოლოგია?

სერგეი იეროფიევი: პოსტსაბჭოთა პერიოდში, სოციალურ -ჰუმანიტარ სფეროში არა მხოლოდ დილეტანტიზმი ყვაოდა, არამედ ობსკურანტიზმიც. ახლა კატასტროფამ უფრო დიდი მასშტაბი მიიღო, თუ რამე ეფექტური იყო დარჩენილი იმასაც შეეხო. მაგრამ არის კარგი ამბავიც, ამ 30 წლის მანძილზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მართლაც ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. ახალი მეცნიერების მთელი თაობა გაიზარდა. ეს ხალხი და მათი ცოდნა დარჩება, თუკი მათ ფიზიკურად არ გაანადგურებენ. და კიდევ ერთი კარგი ამბავი, უკრაინაზე თავდასხმით პუტინმა დღე მოისწრაფა, მან მოაახლოვა დრო, როდესაც ეს ხალხი რუსეთში დაბრუნებას შეძლებს. ეს კატასტროფული მდგომარეობა გამოსწორდება უკვე იმ საშინელი შეცდომების გარეშე, რომელიც 90-იან წლებში დავუშვით, როცა საჭირო იყო ყველა, განურჩევლად ყველა იმ კათედრის ლუსტრაცია, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმს მისდევდა.