ბიჭვინთა რუსეთს უნდა - რას ნიშნავს ეს? იმოქმედა თუ არა სოხუმის გადაწყვეტილებაზე უკრაინის ომმა

ბიჭვინთა, 2022 წელი

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მოსკოვთან შეთანხმების ტექსტი უკვე გადაგზავნილია.

უკრაინაში ომის ფონზე "მხოლოდ რუსული სამხედრო-პოლიტიკური "ქოლგა" არის ჩვენი მოქალაქეების მშვიდობისა და სიმშვიდის გარანტი", - ასე ხსნის გადაწყვეტილებას დე ფაქტო მთავრობა. ოპოზიცია სახალხო პროტესტის დაწყებაზე საუბრობს.

რა მოხდა?

სოხუმი ბიჭვინთა-მიუსერის აღკვეთილში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის გასხვისებას აპირებს. ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს გაუფორმებიათ, მაგრამ ეს ცნობილი მხოლოდ 11 ივლისს გახდა, მაშინ, როდესაც დოკუმენტის განხილვა დე ფაქტო პარლამენტში დაიწყეს. გასაიდუმლოებულმა გარიგებამ აფხაზები აღაშფოთა.

რას ითვალისწინებს "ბიჭვინთის აგარაკის" შეთანხმება?

შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო მიმდებარე მიწები რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. 186 ჰექტარი დაახლოებით 300 საფეხბურთო მოედანია.

ძველი და ახალი ხელშეკრულება - რას აპროტესტებენ ახლა?

2022 წლის 19 იანვრის შეთანხმების გარდა არსებობს 1995 წელს სოხუმსა და მოსკოვს შორის დადებული ხელშეკრულება ბიჭვინთის აგარაკისა და მიმდებარე ამ ტერიტორიის შეუზღუდავი და უფასო იჯარით გადაცემის შესახებ, რომელიც აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას მმართველობის დროს გაფორმდა.

1995 წლის ხელშეკრულებით, კომპლექსი რუსეთს უვადო სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, მაგრამ აფხაზეთის საკუთრებად რჩებოდა. ახალი ხელშეკრულების პროექტში საკუთრების გადაცემაზეა საუბარი.

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის იდეა პირველად 12 წლის წინ გაჩნდა. მაშინ აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვის გამო ეს თემა დღის წესრიგიდან გაქრა.

ბიჭვინთა, 2008 წლის ივნისი

რატომ ღელავენ საერთოდ - რა ღირებულება აქვს ბიჭვინთის აგარაკს?

ბიჭვინთა გაგრის რაიონის ზღვისპირა კურორტია აფხაზეთში საუკეთესო ქვიშიანი პლაჟით, თბილი ზამთრით, ზომიერად ცხელი ზაფხულით, მშვიდი ზღვით და ბიჭვინთის კონცხზე რელიქტური ფიჭვის კორომებით. დიდი საკურორტო კომპლექსი აქ ჯერ კიდევ 1959-1967 წლებში შეიქმნა.

ბიჭვინთა, 1973 წლის აგვისტო

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკს, საბჭოთა კავშირის ლიდერების საზაფხულო რეზიდენციას, რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა შეხვედრისა და ღონისძიებისთვის 1995 წლიდან იყენებს. 2017 წლის აგვისტოში, ამ აგარაკზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა. აქ ისვენებდა საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი 1964 წლის შემოდგომაზე, როდესაც შეატყობინეს, რომ ის ცკ-ის პირველი მდივანი აღარ იყო. 1974 წელს, საბჭოთა კავშირის კიდევ ერთი ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი საფრანგეთის პრეზიდენტ ჟორჟ პომპიდუს აქ შეხვდა.

"თუ ამ ობიექტს საკუთრებაში გადავცემთ, მაშინ მომავალში მისი განკარგვა ჩვენ გარეშე შეეძლებათ. და ის, რომ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ეს [განკარგვა] "აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით" ხდება, ჩვენს სამოქალაქო კოდექსს ეწინააღმდეგება, რადგან კერძო საკუთრება არის კერძო საკუთრება", - უთხრა "ეხო კავკაზას" ოპოზიციური "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერმა ადგურ არძინბამ.

"ეთნოსისა და სახელმწიფოს" დაცვის სახელით

"რუსეთი იარსებებს ამ აგარაკის გარეშე, მაგრამ ვიარსებებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ესაა საკითხავი", - თქვა 20 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ.

"რა ალტერნატივა გვაქვს? გვყავს თუ არა ისეთი მეზობლები, რომლებიც იმავენაირად დაგვეხმარებიან? სხვა მეზობელთან ომის მდგომარეობაში ვართ, როგორ შეიძლება ამის დავიწყება? ზოგიერთ საზოგადო მოღვაწეს ან არ ესმის, ან თავს იტყუებენ, თითქოს დასავლეთი დაინტერესებულია, დაგვეხმაროს. ეს არ არის სიმართლე. ვინმეს დახმარება რომ ნდომოდა, გვაღიარებდნენ. და იქნებოდა თუ არა აღიარებული ჩვენი ქვეყანა, დიდ რუსეთს რომ არ გადაედგა პირველი ნაბიჯი?", - უთხრა ბჟანიამ ტყვარჩელის მოსახლეობას.

21 ივლისს გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე საუბრისას ისე დაიძაბა ვითარება, რომ ბჟანიას დარბაზის დატოვებაც მოუწია.

ასევე ნახეთ „ბიჭვინთის“ შესახებ დაწყებული კამათის გამო ბჟანიამ საზოგადოებასთან შეხვედრა დატოვა

"თუ ყველა არგუმენტის, საზოგადოებაში არსებული მთელი აღშფოთების მიუხედავად, პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, დეპუტატები, რომლებიც ამ პროექტს მისცემენ ხმას, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გაიზიარებენ პასუხისმგებლობას იმ ხალხის წინაშე, რომელიც [პარლამენტთან] იქნება და ამაზე რეაქცია იქნება უკიდურესად უარყოფითი. ხოლო მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან ერთად შემცირდება", - ამბობს "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერი ადგურ არძინბა.

ბიჭვინთის გარშემო კამათისას აფხაზურ საზოგადოებაში უკვე გაჩნდა რეფერენდუმის ჩატარების იდეა კითხვით: "ენდობა თუ არა ხალხი დღევანდელ პარლამენტს?"

"ახლა ამაზე საუბარი არ მინდა, ეს ყველა ჩვენგანისთვის ცუდი სცენარია", - ამბობს არძინბა.

აფხაზური კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, მიწა არის აფხაზეთის მოსახლეობის საკუთრება და ის არ შეიძლება გაიყიდოს უცხოელზე.

"როგორც ჩანს, ეს მოსკოვში დღევანდელი ხელისუფლების გარკვეული დაპირებების შედეგია და დღეს ამ დაპირებების იურიდიულად გაფორმების საკითხი დადგა. მაგრამ, არის აფხაზეთის რესპუბლიკის კანონები, არსებობს კონსტიტუცია და არავის აქვს უფლება, დაარღვიოს არც კანონები და არც კონსტიტუცია, ეს სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებაა", - უთხრა "ეხო კავკაზას" ოპოზიციური პარტია "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის" ლიდერმა, ასლან ბარციცმა.

სოხუმში რუსეთის მფლობელობაშია "რუსეთის საელჩო" და "მოსკოვის სახლი". ამ საკუთრებაში არსებული მიწები საიჯარო ურთიერთობების საფუძველზე გამოიყენება.

ბიჭვინთის ტერიტორიებისა და სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა "ეთნოსისა და სახელმწიფოს" დაცვის მოტივით ამართლებს. ის ამბობს, რომ ბიჭვინთის პარკი რუსეთს მადლიერების ნიშნად უნდა გადაეცეს. "მზარდი გეოპოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური რისკების" ფონზე ეს შეთანხმება აფხაზეთისთვის უსაფრთხოების გარანტიაა", - ხსნის გადაწყვეტილებას დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი.

"სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია ამ ამოცანასთან შედარებით... უკრაინის ირგვლივ პოლიტიკური დაპირისპირება მარტივად შეიძლება ჩვენს რეგიონშიც გადმოვიდეს. სავსებით აშკარაა, რომ აფხაზეთს შეუძლია ამ ვითარებაში გადარჩენა მხოლოდ სხვა, უფრო ძლიერ სახელმწიფოსთან ალიანსით. ჯერჯერობით, ასეთი სახელმწიფო მხოლოდ რუსეთის ფედერაციაა. და მხოლოდ რუსული სამხედრო-პოლიტიკური "ქოლგა" არის ჩვენი მოქალაქეების მშვიდობისა და სიმშვიდის გარანტი", - აცხადებს შამბა.

შამბა განმარტავს, რომ აფხაზეთში ისეთი დაწესებულების არსებობა, სადაც რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები ისვენებენ, ნებისმიერ აგრესორს მათ წინააღმდეგ ავანტიურული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებობდნენ ისეთი გიჟები, რომლებიც მზად იქნებიან ჰაერში საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინონ იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე ისვენებს. ეს ჩაითვლება აგრესიის აქტად არა მარტო აფხაზეთის, არამედ რუსეთის წინააღმდეგაც. რაც შეეხება საკუთრებისა და სუვერენიტეტის საკითხებს, ამ ობიექტის საკუთრებაში გადაცემა მიწის სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ გასხვისებას არ ითვალისწინებს", - ამბობს შამბა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი ვალერი ბიგუა შამბას მსჯელობას ეთანხმება.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ მიწის ყიდვა-გაყიდვაზე, მაშინ მე, როგორც ნებისმიერი სხვა აფხაზი, წინააღმდეგი ვარ. მაგრამ არა მგონია, ამ დოკუმენტში მიწის გაყიდვაზე იყოს საუბარი. მიწა კონსტიტუციით არ იყიდება, ის სახელმწიფოს, ხალხს ეკუთვნის. მაგრამ თუ ვსაუბრობთ უძრავ ქონებაზე, რომელიც არის იქ, ბიჭვინთაში, მიწაზეა აგებული, მაშინ, ვფიქრობ, კამათი არ ღირს. რატომ? იმიტომ რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა. აგარაკი აშენდა საბჭოთა კავშირის ძალების მიერ. თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ავაშენეთ, სიმართლე არ იქნება. ჩვენ არასდროს ავაშენებდით ამ აგარაკს".

აფხაზეთში მიწების გასხვისება მტკივნეული საკითხია. მიმდინარე თვეს საზოგადოების მღელვარება მოჰყვა გერმანული კომპანიის FVT–Group & Partner-ის შეთავაზებასაც, რომელიც აფხაზეთში ქალაქური ტიპის დასახლების ან 10-12-ათასკაციანი "მცირე საკურორტო ქალაქის" აშენებას ითვალისწინებდა.

ასევე ნახეთ „რამდენი უნდა გადავიხადოთ, რომ ზღვაში ვიბანაოთ?“ - აფხაზეთში მიწების გასხვისებას ეწინააღმდეგებიან

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრ ტკაჩევის 2021 წლის 27 დეკემბრის განცხადებამაც. მან თქვა, რომ ბიჭვინთაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების კომპლექსი "მოსკოვი რიზორთი" აშენდება. პროექტში დაახლოებით 20 მილიარდი რუბლის ინვესტიციაა ჩადებული. "მოსკოვი რიზორთი" იქნება 700-საწოლიანი სასტუმრო, ხოლო მიმდებარედ ათასსაწოლიანი აპარტამენტები აშენდე.

რას ამბობენ თბილისში?

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არც დამოუკიდებლად გაუკეთებია და არც რადიო თავისუფლების მიმართვის შემდეგ. "საკითხს მოვიკვლევთ და დაგიკავშირდებით", - ასეთი იყო საგარეო უწყების პასუხი.

"წინა დე ფაქტო ხელისუფლებები საკითხის გაჭიანურებას [ბიჭვინთის აგარაკებისა და მიწის გადაცემას] რაღაცნაირად ახერხებდნენ, მაგრამ თემა დამოკლეს მახვილივით ეკიდა აფხაზურ საზოგადოებაზე. ვფიქრობ, ამის იმპლემენტაცია ძალიან გაჭიანურდებოდა, რომ არა თუნდაც უკრაინის ფონი", - მიაჩნია კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს.

კანაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სუსტი პოზიციების გამო სოხუმი რუსეთთან დათმობებზე წავიდა და ფიქრობს, რომ შემდეგი დათმობები ენერგეტიკის, მიწის საკუთრებისა და უცხოური ინვესტიციების მიმართულებითაც იყოს.

"იურიდიული კუთხით რომ შევხედოთ, [რუსეთის] ყველანაირი ქმედებები აფხაზეთის ტერიტორიაზე, …ბათილად იქნება ცნობილი, არაკანონიერია და არანაირ ძალას არ ატარებს, მაგრამ ფაქტია, რომ შექმნილი ვითარების ფონზე რუსეთი მინიმალურ პოლიტიკურ ფასად ჩაიგდებს ამ ტერიტორიას ხელში", - ამბობს გიორგი კანაშვილი

"ამ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? ყველაზე მინიმუმი არის განცხადება და დაგმობა ამ შემდგარი ანექსიის და მოწოდება პარტნიორებისთვის, შეაფასონ ანექსიის ფაქტი. მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათ შორის წერილითაც, რომ რეაგირება მოახდინონ", - ეუბნება "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი დეპუტატი თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებას.