აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას და აცხადებს, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ.
ასევე ნახეთ კობახიძე: ამერიკის ელჩისგან ველოდით პასუხს, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლა არავის უკადრიანედ პრაისმა 20 ივლისს თავისი ყოველდღიური ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა და თქვა, რომ საელჩო თბილისში ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად:
"როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გაუფართოვა ევროპული პერსპექტივა და მისცა საგზაო რუკა რეფორმებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სრული სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა თითქოს მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან და მხარი დაუჭირონ მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ. ჩვენ განვაგრძობთ საერთო მიზნების მხარდაჭერას. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რაც უცვლელი რჩება. დღეს, აშშ მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში დაასრულოს რაც შეიძლება მალე, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვაგრძელებთ მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ნედ პრაისმა აღნიშნა, აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას და ხელს შეუწყობს მას იმ რეფორმების გატარებაში, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უკანასნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი გახდა. ისინი ელჩს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებენ ბრალს.