სახელმწიფო დეპარტამენტი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას და აცხადებს, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ.
ნედ პრაისმა 20 ივლისის ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა და თქვა, რომ საელჩო თბილისში ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად:
"როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გაუფართოვა ევროპული პერსპექტივა და მისცა საგზაო რუკა რეფორმებისა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სრული სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები, დიდი უმრავლესობით, მხარს უჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, თითქოს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ. ჩვენ განვაგრძობთ საერთო მიზნების მხარდაჭერას. 30 წელია მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების თანამშრომლობაზე, რაც უცვლელი რჩება. დღეს, აშშ მუშაობს ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში დაასრულოს რაც შეიძლება მალე, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვაგრძელებთ მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
გამოხმაურებებს თვალი ადევნე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდებიან კობახიძეს და ღარიბაშვილს
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული პარლამენტის დელეგაციის წევრები დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან. კობახიძემ გუშინ თქვა, რომ ევროპარლამენტარებს დღეს განუმარტავს, თუ „ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა“.
ისინი გუშინ უკვე შეხვდნენ პარლამენტის სპიკერს და კომიტეტების თავმჯდომარეებს. მანამდე გაიმართა შეხვედრა ოპოზიციასთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.
ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულება დელეგაციის შეხვედრების მთავარი თემა იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულება.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა თქვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უმთავრეს ამოცანად, 12 პრიორიტეტის შესრულების პარალელურად, რჩება პოლიტიკურ ძალთა შორის პოლარიზაციის დაძლევა.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
კობახიძე: ჰარცელს მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა EU-სთან ურთიერთობის დროს
ოთხწლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს „ქართული ოცნება“ კრიტიკით აცილებს. პარტია მას აკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
მას მერე, რაც ქვეყნიდან მიმავალმა ელჩმა გამოსამშვიდობებელი ვიდეო დადო, რამდენიმე საათში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა:
"ჩვენ ვერიდებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში. თუმცა დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - თქვა კობახიძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კი გუშინ თქვა, რომ კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ვადა ევროკავშირის ელჩს მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება. მის შემცვლელად უკვე დასახელდა პაველ ჰერჩინსკი.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
ასევე ნახეთ კობახიძე: ამერიკის ელჩისგან ველოდით პასუხს, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლა არავის უკადრიაომი უკრაინაში: უკრაინის ჯარებმა დააზიანეს მნიშვნელოვანი ხიდი ხერსონის მახლობლად
უკრაინის სამხედროებმა 20 ივლისს დილით ცეცხლი გაუხსნეს ანტონოვკის ხიდს ხერსონის მახლობლად. ის დაზიანდა და ჩაიკეტა სატვირთო ტრანსპორტისთვის. ამის შესახებ ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი და ვლადიმირ სალდო იტყობინებიან.
სტრემოუსოვის თქმით, ხიდს ესროლეს 12 რაკეტა HIMARS-ის სისტემიდან, აქედან 11 მიზანს მოხვდა. მსხვერპლი არ არის, მაგრამ ხიდი „ძლიერ არის დაზიანებული“.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა თავის ყოველდღიურ ბიულეტენში იტყობინება, რომ დნეპრზე გადასასვლელებზე კონტროლი, როგორც ჩანს, მთავარ ფაქტორად იქცევა საბრძოლო მოქმედებების შედეგებისთვის ხერსონის ოლქში. ანტონოვკის ხიდი, ნათქვამია ანგარიშში, მთავარი სისუსტეა რუსეთის ძალებისთვის. მისი მეშვეობით რუსეთს შეუძლია საკუთარი ჯარების მომარაგება ან მათი გამოყვანა დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
პარალელურად, უკრაინის არმიის 58-ე მოტოქვეითი ბრიგადის სარდლობა აცხადებს, რომ გაანადგურეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ჯგუფი. ბრიგადის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, სად და რამდენი „ვაგნერელია“ ლიკვიდირებული.
გაირკვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ორი კანდიდატი
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა გამართეს საბოლოო კენჭისყრა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ორი პრეტენდენტი დატოვეს. ხმების უმრავლესობა მოაგროვა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა: მას თემთა პალატის 137-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 113 ხმით მეორე ადგილზეა საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.
ზაფხულის მიწურულს ეროვნულ დონეზე გაიმართება კენჭისყრა, რომელშიც გაირკვევა კონსერვატორების მომავალი ლიდერი. მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა ბრიტანელი, ვინც კონსერვატიული პარტიის წევრია. მათი რაოდენობა 200 ათასამდეა. კენჭისყრის შედეგები 5 სექტემბერს გამოქვეყნდება. პარტიის ახალი ლიდერი მემკვიდრეობით მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობას და ამასთან ერთად - პრემიერ-მინისტრობას.
ლავროვი "სპეცოპერაციის" გეოგრაფიის გაფართოებით იმუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს ემუქრება „სპეცოპერაციის“ არეალის გაფართოებით, თუ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას.
ერთ-ერთ ასეთ იარაღად ლავროვმა დაასახელა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ი, რომლის პირველი პარტია უკრაინამ შეერთებული შტატებისგან რამდენიმე კვირის წინ მიიღო და წარმატებით იყენებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მათ მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არ დაუშვებენ, რომ "უკრაინის იმ ნაწილში, რომელსაც ზელენსკი ან მისი შემცვლელი გააკონტროლებს", არსებობდეს შეიარაღება, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ტერიტორიას და „იმ რესპუბლიკებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს“.
სადამდე გაშლით ფეხს და საბანს - ანუ რა დაგიჯდებათ დასვენება ამ ზაფხულს
საკვებ პროდუქტზე, პირველადი მოხმარების ნივთებზე, წამლებზე, ბენზინზე და მოკლედ, გაზრდილი ფასები, ცხადია, პირდაპირ აისახა ზაფხულში, დასვენებისთვის გადადებულ ხარჯებზე. ის თანხა, რაც, საკმარისი იქნებოდა შარშან ან შარშანწინ, მაგალითად, ოთხსულიანი ოჯახის დასვენებისთვის ზღვაზე თუ მთაში, წელს აღარ გეყოფათ.
დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ გარდა ინფლაციისა, პანდემიის პერიოდში წარმოქმნილმა „ტურისტულმა შიმშილმა“ და დღეს, საკურორტო ბიზნესის, ფაქტობრივად, თავიდან გაცოცხლებამ, კურორტებზე ბინებისა და სასტუმროების ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
მაგალითად, დასავლეთ საქართველოში, ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარე პატარა სოფელ კაპროვანში, თუკი 2020 წელს ერთ კოტეჯს, ღამეში 100 დოლარად დაიქირავებდით, დღეს მისი ფასი 150 დოლარია.
ანუ, დამსახურებული დასვენება მოკრძალებული ხარჯებით წელს ვერ გამოგივათ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ბინაც უნდა დაიქირაოთ, საჭმელადაც კვების ობიექტებს უნდა მიაკითხოთ და ბათუმის კენჭებიან სანაპიროზე პირსახოცის გაშლის ნაცვლად, შეზლონგისკენ უნდა გაგექცეთ თვალი.
რა დაგიჯდებათ წელს დასვენება მთასა და ზღვაზე? წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
20 წლის ვსევოლოდ ოსიპოვმა ჯერ საჯაროდ აღიარა, რომ ის „ეფესბეს“ (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის) აგენტი იყო, შემდეგ კი რადიო თავისუფლებას უამბო, რა დავალება მიიღო საქართველოში ჩამოსვლის წინ.