ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული პარლამენტის დელეგაციის წევრები პარლამენტის სპიკერს და კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ოფიციალური ცნობით, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

ევროპარლამენტის დელეგაციის კითხვის პასუხად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რომ საქართველოს პარლამენტი შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში მათ შესრულებაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

„ცალსახაა, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო პოლიტიკას, ევროპულ პოლიტიკას, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას და არა ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ეს არაერთ შეხვედრაზე ამ ვიზიტის ფარგლებშიც გაჟღერდა. ცალსახაა მათი პოზიცია, რომ პოლიტიკური პარტიები ოპოზიციიდან უნდა ჩაერთონ ფორმატებში, რომელიც შეიქმნა პარლამენტში და მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ. ცხადია, პირველ საკითხად დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შეტანა ჩამონათვალში ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მოელის საქართველოში უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას", - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრაზე.

ევროპარლამენტის დელეგაცია, ასევე, შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს. შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, პოლიტიკური ჯგუფების - „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, „მოქალაქეების“, „გირჩის“, „რეფორმების ჯგუფის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

შეხვედრის შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ თქვა: „მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში გვეხმარებიან და გვერდში უდგას ქვეყანას პარტნიორები ევროპარლამენტარების სახით და ეს ვიზიტიც ამის მაჩვენებელია. ისინი ამით კიდევ ერთხელ უდასტურებენ ქვეყანას მხარდაჭერას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. შეკითხვები აქვთ, რა შეიძლება მათ გააკეთონ ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად მიიღოს სტატუსი. ვილაპარაკეთ პრობლემებზე, გავაცანით ჩვენი მოთხოვნა რიგგარეშე სესიაზე, რომელიც უარყო პროცედურების სრული დარღვევით "ქართულმა ოცნებამ", ამის მიუხედავად, ჩემი პოზიცია არაერთხელ განმიცხადებია, რომ არ უნდა შევწყვიტოთ ცდა და ვაიძულოთ "ქართული ოცნება", 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროცესი გახადოს ინკლუზიური. ჩემი პოზიციაა, რომ ამ პროცესში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი ინკლუზიური გახდეს".

„ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ილაპარაკა ევროპარლამენტის წევრების ვიზიტის მნიშვნელობაზე.

„დელეგაციის საქართველოში ყოფნა ადასტურებს, რომ მიუხედავად დაძაბულობისა, ევროპარლამენტი და ევროკავშირი ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულები და ჩართულები საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის პროცესში; მიუხედავად იმ ძალიან საზიზღარი, პიროვნული შეურაცხყოფებზე დამყარებული კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლების სპიკერები აწარმოებენ, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დელეგაციაში მონაწილეობენ.

ჩემი მხრიდან დაისვა რამდენიმე საკითხი. 12 პუნქტის შესრულება არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის საკითხები, რომლებიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას, რომ მას ჰქონდეს კომფორტი, გაიქცეს ამ 12 პუნქტის შესრულებიდან.

დელეგაციასთან დაისვა საკითხი იმ მძიმე გარემოს შესახებ, რომელშიც ქართულ მედიას უწევს მუშაობა და ასევე დაისვა კონკრეტული საკითხი ნიკა გვარამიას პოლიტიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის შესახებ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ევროპარლამენტის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ასევე ნახეთ დევიდ მაკალისტერი: საქართველოზე საუბრისას ერთი სიტყვა წამოიჭრება ხოლმე - ეს არის პოლარიზაცია