უკრაინის ჯარებმა დააზიანეს მნიშვნელოვანი ხიდი ხერსონის მახლობლად

"ანტონოვის" ხიდი ხერსონის მახლობლად.

უკრაინის სამხედროებმა 20 ივლისს დილით ცეცხლი გაუხსნეს ანტონოვკის ხიდს ხერსონის მახლობლად. ის დაზიანდა და ჩაიკეტა სატვირთო ტრანსპორტისთვის. ამის შესახებ ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი და ვლადიმირ სალდო იტყობინებიან.

სტრემოუსოვის თქმით, ხიდს ესროლეს 12 რაკეტა HIMARS-ის სისტემიდან, აქედან 11 მიზანს მოხვდა. მსხვერპლი არ არის, მაგრამ ხიდი „ძლიერ არის დაზიანებული“.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს, რომ ხიდის სავალი ნაწილი გახვრეტილია. „ის არ დაინგრევა, ეს შეუძლებელია“, დააზუსტა სტრემოუსოვმა. სამშაბათს ანტონოვკის ხიდს უკვე დაუშინეს ცეცხლი, რის შედეგადაც, სტრემოუსოვის სიტყვებით, ხიდმა ოთხი დაზიანება მიიღო.

სალდოს თქმით, სარემონტო სამუშაოების გამო ხიდზე მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტისთვის.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა თავის ყოველდღიურ ბიულეტენში იტყობინება, რომ დნეპრზე გადასასვლელებზე კონტროლი, როგორც ჩანს, მთავარ ფაქტორად იქცევა საბრძოლო მოქმედებების შედეგებისთვის ხერსონის ოლქში. ანტონოვკის ხიდი, ნათქვამია ანგარიშში, მთავარი სისუსტეა რუსეთის ძალებისთვის. მისი მეშვეობით რუსეთს შეუძლია საკუთარი ჯარების მომარაგება ან მათი გამოყვანა დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ასევე ნახეთ ბრიტანული დაზვერვა: ხერსონთან, დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი გადამწყვეტი იქნება

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ „პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში“ განახორციელებს დარტყმას ყირიმის ხიდზე. რუსეთმა ერთ-ერთ ასეთ განცხადებას „ტერაქტის ანონსირება“ უწოდა.