საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ევროპარლამენტარები ისეთ ისტორიულ მომენტში ჩამოვიდნენ, როგორც ქვეყანას იშვიათად ჰქონია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები დღეს ჩამოსული არიან რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში. ეს ხაზს უსვამს, ასევე, ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში", - თქვა პრეზიდენტმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასა და იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად:
"ჩვენ უნდა გვესმოდეს და ალბათ, ეს არის მთავარი ამ ქვეყნისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა ევროპარლამენტის და ასევე, ევროპული საბჭოს მიერ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზეც უკან დახევა არ იქნება. ეს მოითხოვს ჩვენგან, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსი ვიყოთ. მეორე მხრივ, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რაზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ზოგი ნაწილი ამ პუნქტების".
ასევე ნახეთ დევიდ მაკალისტერი: საქართველოზე საუბრისას ერთი სიტყვა წამოიჭრება ხოლმე - ეს არის პოლარიზაციასაქართველოში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6-კაციანი დელეგაცია დღეს აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ისინი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოდან სომხეტში გაემგზავრებიან.
შეხვედრების განსახილველ საკითხებს შორისს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ასევე, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს.