უკრაინის არმიის ერთ-ერთი ბრიგადა აცხადებს, რომ რუსული "ვაგნერის" ჯგუფი გაანადგურა

ფოტო არქივიდან: "ვაგნერის" წევრების სიმბოლური მუყაოს კუბოები დონბასში რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო აქციაზე კიევში, რუსეთის საელჩოსთან. 2018 წლის ივნისი

უკრაინის არმიის 58-ე მოტოქვეითი ბრიგადის სარდლობა აცხადებს, რომ გაანადგურეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ჯგუფი. ბრიგადის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, სად და რამდენი „ვაგნერელია“ ლიკვიდირებული.

ამ კვირის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ცენტრალური როლი შეასრულა უკრაინაში ბოლოდროინელ საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქების, ლისიჩანსკის და პოპასნას აღებაში და მძიმე დანაკარგი განიცადა.

ასევე ნახეთ ბრიტანული დაზვერვის თანახმად, "ვაგნერმა" უკრაინაში მძიმე დანაკარგი განიცადა

კრემლი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში იყენებს. მის მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.