ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ცენტრალური როლი შეასრულა უკრაინაში ბოლოდროინელ საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქების, ლისიჩანსკის და პოპასნას აღებაში და მძიმე დანაკარგი განიცადა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა „ვაგნერი“ გამოიყენა მოწინავე პოზიციების გასაძლიერებლად და არმიის პირად შემადგენლობაში დანაკლისის შესავსებად. ბრიტანელი მზვერავების თანახმად, ლუგანსკში ამ დაჯგუფების მიერ გაკეთებული საქმისთვის „ვანგერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ „ვაგნერმა“ შეიარაღებული პირების დაქირავების სტანდარტები დაწია და კერძო კომპანიაში იღებენ ადრე „შავ სიაში“ შეტანილ გასამართლებულ პირებსაც, ახლად მიღებულთა მომზადება კი, შეზღუდულად მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ, აისახება ამ დაჯგუფების ოპერატიულ ეფექტიანობაზე და შეამცირებს "ვაგნერის", როგორც რუსეთის რეგულარული არმიის საყრდენის მნიშვნელობას.
კრემლი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში იყენებს. მის მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.