კობახიძე: გოგაშვილს წლებია შეხება არ აქვს „ქართულ ოცნებასთან"

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის დაკავების საქმეზე ბათუმში მყოფმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გოგაშვილს წლებია შეხება არ აქვს ქართულ ოცნებასთან.

ჟურნალისტების კითხვებზე კობახიძემ უპასუხა, რომ უმჯობესია ამ თემაზე კომნეტარი აკეთონ სამართალდამცვაებმ ადა არა პოლიტიკოსებმა: „ეს ასეც იქნება, ჩვენ უნდა დაველოდოთ სამართალდამცავების კომენტარს, სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე. თუ დანაშაულია ჩადენილი, ამას სჭირდება გამოძიება, და შესაბამისს კითხვებზე პასუხს გაგცემენ სამართალდამცველები".

შეკითხვაზე, რატომ დააკავეს ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა, კობახიძემ თქვა: „როდესაც ჩაითვალა, რომ იყო შესაბამისი მტკიცებულებები, მაშინ, დაიწყო საქმე".

სოსო გოგაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს, 18 ივლისს შეუფარდა.

ასევე ნახეთ სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება სამი მუხლით წარუდგინეს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.); 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.