სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 18 ივლისს, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სასამართლო პროცესი ბრალდებულის მიერ დაკავების ღონისძიების დეტალებზე საუბრის შემდეგ დაიხურა.
პროკურორ მაია სილაგაძის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები გრიფით საიდუმლო დოკუმენტებსა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის ცნობით, ბრალდებებს შორისაა 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვის საქმე.
ადვოკატის ცნობითვე, მეორე ეპიზოდი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით, შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემებს და ამ მონაცემების სამსახურიდან უკანონოდ გამოტანას.
რაც შეეხება მესამე ბრალდებას, ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვას, ადვოკატის თქმით, ლაპარაკია 5 ცეცხლსასროლ იარაღზე.