სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ მის შვილებს ემუქრებიან.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ მისი შვილები გაფრთხილებებს იღებენ:
„ჩემი ოჯახის და შვილების მიმართ მუქარები მოდის. ჯერ არ ვიცით, ვინ არიან, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, შეტყობინებები მოგვდის, რომ ფრთხილად იყავით, კამერები დააყენეთ მანქანებზე აუცილებლად, გვაფრთხილებენ კეთილის მსურველები. მათი ვინაობა რომ დავასახელო, ვეღარ გავიგებ შემდეგ ვერაფერს. მაგრამ პირობას ვაძლევ, რომ არ გაჩუმდება გოგაშვილის მეუღლე და არ გაჩუმდებიან მისი შვილები. ხომ მომცეს საჩუქარი, მეც პირობას ვაძლევ, რომ ვალში არ დავრჩები, საჩუქარს მეც გავუგზავნი. ჩვენი საჩუქარი იქნება სამართლიანი ბრძოლა“.
16 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების შემდეგ, მისმა შვილმა, ნინო გოგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამის დაკავების დროს სამართალდამცავებმა იარაღი და ისეთი ელექტრონული მოწყობილობები "ჩაუდეს", რომელზეც ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი.
"ვარაზის ქუჩაზე ჩაგვიდეს იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ნივთები. ამას დედაჩემიც და დეიდაჩემიც შეესწრნენ და უთხრეს, რას აკეთებდნენ. მათ ძალადობრივად გადაუგრიხეს ხელები და ჩამოიყვანეს ქვემოთ. მერე ერთმანეთს უთხრეს, რომ "საჩუქარი ადგილზეა" და პრემიებსაც მიიღებდნენ. მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ", - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო გოგაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის ცნობით, ბრალდებებს შორისაა 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვის საქმე.
ადვოკატის ცნობითვე, მეორე ეპიზოდი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით, შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემებს და ამ მონაცემების სამსახურიდან უკანონოდ გამოტანას.
რაც შეეხება მესამე ბრალდებას, ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვას, ადვოკატის თქმით, ლაპარაკია 5 ცეცხლსასროლ იარაღზე.
ასევე ნახეთ გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება