ისევ ფარული ჩანაწერები - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 ივლისს

ისევ გვისმენენ... ნიუსრუმებშიც

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერით, ტელეწამყვანისა და მომღერლის, გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) მიერ გავრცელებული ფარული მიყურადების ჩანაწერის საქმეზე, რომელშიც „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესის ნაწილია ასახული. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„ამდენი ხნის განმავლობაში როგორ მუშაობენ ეს ტელევიზიები, ამის ჩვენება მინდა”, - ასე წარადგინა გიორგი გაჩეჩილაძემ აუდიოჩანაწერი „მაესტროს“ ეთერში გაშვების წინ. მან თქვა, რომ ეს ჩანაწერი მას ერთ-ერთი ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის თანამშრომელმა 13 ივლისის დილას გადასცა, ტელეკომპანია „მაესტროს“ შესასვლელთან. „მთავარის“ ჟურნალისტები ამბობენ, რომ ჩანაწერში ასახულ საუბარს მათ გარდა არავინ ესწრებოდა და გამორიცხულია, მათგან ვინმეს ეს ჩანაწერი გაეკეთებინა და გაევრცელებინა.

2-წუთიანი საუბრიდან შემდეგი შინაარსის გამოტანა შეიძლება:

  • რომ იგეგმება გადაცემა იმაზე, თუ როგორ ათავისუფლებდა „ქართული ოცნება“ მსჯავრდებულებს წინასაარჩევნოდ არჩევნებში მათი და მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ.
  • რომ „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ინფორმატორი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილია.

„ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება ხელისუფლებაში მოსვლამდე ფარული მოსმენისა და თვალთვალის მანკიერ პრაქტიკაზე უარის თქმა იყო. თუმცა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითქმის ყოველ წელს ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ფარული, უკანონო, მიყურადებული ჩანაწერები. ფარული ჩანაწერების საქმეზე 13 ივლისს სარჩელი გაიგზავნა სტრასბურშიც, რომელიც 2021 წლის 13 სექტემბრის გავრცელებულ კრებსებს ეხება.

რას ნიშნავს, როდესაც ქვეყანაში ჟურნალისტებს უსმენენ? წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ასევე ნახეთ გიორგი გაბუნია სახალხო დამცველსა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავს

„კოლაფსს აგვისტოში ვიგრძნობთ“. რუსეთში ხელფასების დაგვიანება დაიწყო

ციმბირის ათამდე რეგიონის მცხოვრებლები იმის გამო ჩივიან, რომ თვეების განმავლობაში უგვიანდებათ ხელფასი, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები კი დანამატების შემცირებაზე ლაპარაკობენ. იურისტების თქმით, ანაზღაურების მიღების შანსი მხოლოდ კომერციული კომპანიების თანამშრომლებს აქვთ. სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ დავებში სასამართლოები, როგორც წესი, დამსაქმებლის მხარეს იკავებენ. ეკონომისტების ვარაუდით, ეს მხოლოდ დასაწყისია.

რუსეთის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა შესაძლოა 2 მილიონით შემცირდეს, უმუშევრობის დონე კი 4,4%-დან 7,8%-მდე გაიზარდოს, - კომპანია ANCOR-ის ამ პროგნოზს გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

„ჩვენს სამშენებლო კომპანიაში აპრილის შემდეგ ხელფასი არ გაცემულა. დაახლოებით ას მუშაზეა ლაპარაკი! არადა, ყველას ოჯახი ჰყავს, ყველას იპოთეკა აქვს! ადამიანებს არა მხოლოდ საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრებათ, ბევრს მალე საჭმელიც არ ექნება, რადგან სამსახურიდან გათავისუფლებისას აშინებენ: ეუბნებიან, თუ დატოვებთ ობიექტს, წინა თვეების ხელფასს ვერ მიიღებთო. თავიდან მენეჯმენტი არწმუნებდა თანამშრომლებს, ეუბნებოდა, ნახეთ, როგორ გაძვირდა მასალები, შედით ჩვენს მდგომარეობაშიო. ახლა კი მუქარაზე გადავიდნენ, - ამბობს ირკუტსკის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი ალექსეი კ., - რა თქმა უნდა, პროკურატურას მივმართეთ, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს. ალბათ, სასამართლოში მოგვიწევს წასვლა. ეს, რა თქმა უნდა, ძვირია, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, ადვოკატს დავიქირავებთ“.

წაიკითხე მეტი.

ანასტასია შატალოვას საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა

თბილისში 2021 წლის 18 ოქტომბერს მოკლული რუსეთის მოქალაქის, 27 წლის ანასტასია შატალოვას საქმეზე განაჩენი ცნობილია.

  • ბრალდებულ ბექა ლატარიას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
  • სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბიძინა ხასიას.
  • 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ლევან რაჯავს.

ანასტასია შატალოვა თავის პარტნიორს, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს, რომელთანაც საერთო შვილიც ჰყავდა, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, „ამ ფაქტზე გამოყოფილია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, ყველა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“.

გამოძიების ვერსია მოკლედ:

ბექა ლატარია და ბიძინა ხასია ანასტასია შატალოვას საცხოვრებელ სახლთან განზრახ მკვლელობის მიზნით ელოდნენ. მისი გამოჩენის შემდეგ ლატარიამ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემდეგ ორივე მათგანი მიიმალა.

ამის შემდეგ ბიძინა ხასია ლევან რაჯავას სახლში იმალებოდა და ადგილზე მისულ პოლიციას თავს დაესხა. სამართალდამცველებმა სამივე ეჭვმიტანილი ერთ დღეს დააკავეს. ბექა ლატარიას ჩხრეკისას, ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3,85 გრ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

წაიკითხე მეტი.

ომი უკრაინაში: 20-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ ვინიცაში მსხვერპლის რაოდენობა

სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაიღუპა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვინიცაში, სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. დაშავდა 90-მდე ადამიანი. ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

პოლიციის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ ნასროლი სამი რაკეტა მოხვდა საოფისე შენობას. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულია ახლომდებარე ოფიცერთა სახლიც, საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო ცენტრი.

გუშინ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. ხელისუფლებამ გაათავისუფლა 32 უკრაინელი მოხალისე, რომლებიც მარიუპოლის შემოგარენიდან გაიტაცეს. ისინი ნანგრევებად ქცეული ქალაქიდან მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ მიუერთდა საქართველო ჰააგაში უკრაინის სარჩელს

40-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა, 13 ივლისს მხარი დაუჭირეს უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

გავრცელებულ განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არ არის საქართველო, რომელმაც მარტში, 38 ქვეყანასთან ერთად მიმართა ჰააგაში მდებარე კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლებას განუმარტავს, თუ რატომ არ მოაწერა საქართველომ ხელი 13 ივლისს უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.

უწყების განცხადებით, საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში და ასეთი ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე.

უწყების პასუხი სრულად, წაიკითხე აქ.

"ჩამონგრეული ზეცა" - უკრაინელი ქალების დანახული ომი

„ჩამოქცეული ზეცა“ რვა უკრაინელი ხელოვანი ქალის ჯგუფური გამოფენაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციამ უმასპინძლა. რუსეთის მიერ დაწყებული ომის თემაზეა. რას ხედავენ და გრძნობენ ქალები, როდესაც მათი ქალაქების ნაწილი ოკუპირებულია, ნაწილი კი განადგურებული? ავტორების ნაწილი დროებით საქართველოში ცხოვრობს, ნაწილი უკვე საზღვარგარეთაა, ზოგმაც ნამუშევრები უკრაინიდან გამოგზავნა.

ლუბოვ დუშინა სცენოგრაფი, თეატრისა და კოსტიუმების მხატვარია, ხარკოვში მეუღლესთან ერთად კერძო თეატრი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ხარკოვის დაბომბვა დაიწყო, შვილებსა და ქმართან ერთად დასავლეთ უკრაინაში, ზაკარპატიეს ოლქში გადასახლდა. იქ მოხალისედ დაიწყო მუშაობა და სწორედ ეს პერიოდი გახდა მისი შთაგონების წყარო. ნამუშევრებზე - "დაბნელება", "ევროპის მოტაცება", "პატარძალი" და კიდევ სხვებზე ლუბოვი თითქმის 4 თვე მუშაობდა.

„როდესაც საერთო საცხოვრებელში ვიკითხე, რა სასარგებლო საქმე შეიძლება მეკეთებინა, ადგილობრივ სკოლაში გამიშვეს. იქ ათობით ქალი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, იძულებით გადაადგილებული პირები 10-15-მეტრიან კამუფლაჟის ბადეებს ერთად ქსოვდნენ. იყო ერთობის საოცარი შეგრძნება და ამას მივუძღვენი ჩემი ნამუშევრები“.

ომი უკრაინელი ქალების აღქმით - წაიკითხე და ნახე ანი ბურდულისა და მზია საგანელიძის სტატიაში.