13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაირკვა, რომ ევროკომისია 12 პუნქტის შესრულებას არა 2022 წლის დეკემბერში, არამედ 2023 წელს შეაფასებს და ეს დეპოლარიზაციასა და რეფორმებზე "გულდასმით სამუშაოდ" საქართველოსთვის სათანადო დროის მიცემის საჭიროებით აიხსნა.
იქამდე, 2022 წლის შემოდგომაზე ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას საქართველოს მიერ „ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ“.
რეზოლუციისა და ყოველწლიური ანგარიშის პროექტში, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს განიხილა, ლაპარაკია დეოლიგარქიზაციაზეც, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობისთვის ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებში ერთ-ერთ ყველაზე სადავო პუნქტია.
13 ივლისს, ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე რამდენჯერმე ახსენეს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
შეფასების გადავადება
13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული ანგარიშის პროექტის განხილვის დროს, სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენელმა, მიხაილ როპმა თქვა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასების ანგარიშს 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენენ, მაშინ, როდესაც 17 ივნისს გამოქვეყნებული თვალსაზრისის მიხედვით შეფასება 2022 წლის ბოლოს იგეგმებოდა.
შეფასების ვადამ, სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომამდე გადაიწია, რადგან მომდევნო წლის გაფართოების პაკეტზე (ანუ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესსა და მათთვის გამოყოფილ დახმარებაზე) ევროკომისია, როგორც წესი, ოქტომბერში მსჯელობს.
ასევე ნახეთ "არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია" - მიხაელ როპი
რას ნიშნავს შეფასების გადავადება?
„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შეფასების გადავადება და პროცესის გახანგრძლივება, თავისთავად, სამწუხარო ფაქტია საქართველოსთვის, რადგან „ყველა რეკომენდაციის შესრულება დროულადაც იყო შესაძლებელი“, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, მწვავე პოლარიზაციის ფონზე, შესაძლოა გადავადებამ მოსალოდნელი რისკები დააზღვიოს.
„ვადის გადაწევა ცუდია, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება კარგიც არის - რადგან ჯერჯერობით არანაირი შანსი არ ჩანს, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ეს 12 პუნქტი შევასრულოთ და ასეთ შემთხვევაში გადავურჩებით კიდევ ერთ უარყოფით ანგარიშს... როგორც ჩანს, ევროკომისიაში დაინახეს, რომ დეპოლარიზაციას ჯერ პირი არ უჩანს და მეტი დრო მისცეს საქართველოს... დეპოლარიზაცია მათთვის არის უმთავრესი ნაბიჯი იმისთვის, რომ შესრულდეს ყველა დანარჩენი რეკომენდაცია...“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილი.
მისი მოლოდინია, რომ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული ნეგატიური ანგარიშის შემთხვევაში, ევროკომისია შესაძლოა კიდევ წლები აღარ დაუბრუნდეს ამ საკითხს, რადგან „საქართველოს გარდა, მას კიდევ ძალიან ბევრი საქმე აქვს“.
ევროკავშირის გადაწყვეტილება, გადადოს საქართველოს პროგრესის შეფასება, პარტია "ლელოში" აღიქვეს მინიშნებად, რომ "საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში".
პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "საქართველოს დააკარგინა ისტორიული შესაძლებლობა მოეპოვებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რამაც გადაწყვეტილების მიღების გაურკვეველი ვადით გადადება გამოიწვია".
მზადება ახალი რეზოლუციისთვის
კახა გოგოლაშვილის თქმით, ევროკომისიის შემდგომ შეფასებებზე, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მსგავსად, ზეგავლენას აუცილებლად მოახდენს მომდევნო რეზოლუცია, რომელიც სექტემბერში უნდა დამტკიცდეს და რომელსაც საფუძვლად უნდა დაედოს ყოველწლიური ანგარიში "ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ'.
როგორც ანგარიშის ავტორმა, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ესტონელმა ევროპარლამენტარმა, სვენ მიკსერმა (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) 13 ივლისს განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რეზოლუციის ამჟამინდელი პროექტი დიდწილად ეყრდნობა ევროკომისიის შეფასებებს, რომლებიც მოჰყვა საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და რომ ევროპარლამენტის კომიტეტში წარდგენილი ტექსტი კიდევ ბევრი დეტალით შეივსება და აუცილებლად განახლდება საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაციის მომავალ კვირაში სტუმრობის შემდეგ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული უწოდეს ევროპარლამენტარების მიერ 9 ივნისს დამტკიცებულ მწვავე რეზოლუციას. ამ რეზოლუციაში ოლიგარქად არის მოხსენიებული „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და ტექსტში მისთვის სანქციების დაწესებაც არის მოთხოვნილი. ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი 13 ივლისს, ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზეც უწოდეს.
კრიტიკული ანგარიში და მწვავე მესიჯები
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილული ყოველწლიური ანგარიშის პროექტი კრიტიკულია და მოიცავს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ევროკომისიის მიერ შემუშავებულ და ევროკავშირის ევროპული საბჭოს მიერ დამტკიცებულ 12 რეკომენდაციაშია ასახული. მათ შორის არის პოლარიზაციის დაძლევა და პოლიტიკური დიალოგი, სასამართლო და საარჩევნო რეფორები, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია და სხვა.
„პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა უმაღლესი სტანდარტები; მტკიცედ დაიწყოს ევროკომისიის თვალსაზრისში ასახული რეფორმების პრიორიტეტების შესრულება იმისთვის, რომ აჩვენოს მტკიცე პოლიტიკური ნება, ამბიციური ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“, - განაცხადა სვენ მიკსერმა.
-
[ევროპარლამენტი] შეწუხებულია, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ არის საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელი ფაქტორი; მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს, გააერთიანონ თავიანთი ძალები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მიზნის გარშემო, ამბიციური, დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით; [ევროპარლამენტი] კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზამკვლევს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად;
-
[ევროპარლამენტი] მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს ქვეყნის საარჩევნო რეფორმა და აღმოფხვრას მუდმივი ნაკლოვანებები საარჩევნო კამპანიებში და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად და ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების შესაბამისად.
-
[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს ინტერესთა ჯგუფების, მათ შორის ოლიგარქების, გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, როგორც ევროკომისიის მიერ ეს ერთ-ერთ პრიორიტეტად არის განსაზღვრული და რაც უნდა გადაიჭრას, ვიდრე საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
-
[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს მართლმსაჯულების რეალური და სიღრმისეული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას გამჭვირვალე და ეფექტიანი 2021 წლის შემდგომი სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე; ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის საშუალებით; [ევროპარლამენტი] მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოასწოროს ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესში სასამართლოს ყველა დონეზე და გენერალური პროკურორის შემთხვევაში, რათა პროცესი სრულ შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან; [ევროპარლამენტი] მოუწოდებს სიღრმისეული რეფორმირების გატარებისკენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მისი დარჩენილი წევრების დასანიშნად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 13 ივლისს, ანგარიშის განხილვის შემდეგ, მოუწოდა ევროპარლამენტარებს, რომ ნუ იქნებიან პოლარიზაციის პროცესის წამქეზებლები საქართველოში. კონკრეტულად, პოლარიზაციის წაქეზებად ის მიიჩნევს ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ, მათ შორის, რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება, მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს საქართველოში პოლარიზაციას და მათ შორის, ამ კუთხით შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს გამოსვლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა.
13 ივლისს ყველაზე მკვეთრი ლიეტუველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს გამოსვლა იყო:
„საქართველო ერთი ადამიანის მძევალია. თუკი "ქართულ ოცნებას" არ ესმის, რა არის დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის რეკომენდაციაში, მე დავეხმარები, რომ გაიგონ: ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ანდა დეივანიშვილიზაციას. ეს არის ის, რაც საქართველოს ხალხს სჭირდება იმისთვის, რომ აღარ იყოს ერთი ადამიანის მძევალი. პარლამენტში ჩვენ დავამტკიცეთ რეზოლუცია, რომელშიც ნახსენები იყო სანქციები. არ უნდა დავანებოთ თავი ამ საკითხის წინ წაწევასა და მასზე ფიქრს. ასევე ჩვენი რეზოლუციისკენ კიდევ ერთხელ ვიპყრობ ევროკომისიისა და სხვა ინსტიტუციების ყურადღებას“, - თქვა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ევროდეპუტატმა, რასა იუკნევიჩიანემ (EPP). მისივე თქმით, საქართველოში არის „ძალიან კრემლისტური პოლიტიკა“, რომელიც ხელს აძლევს კრემლს - დააბრკოლოს საქართველოს ევროკავშირში მომავალი გაწევრიანება.
ასევე ნახეთ ლექსმანის თქმით, საქართველოში პოლიტიკურ ლანდშაფტზე ერთ ოლიგარქს კვლავ მზარდი ზეგავლენა აქვსბიძინა ივანიშვილი 13 ივლისს სხვა ევროპარლამენტარებმაც ახსენეს და ახსენეს ასევე „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მაიკლ გალერმა (EPP) სარკასტული უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ, თუკი დეკემბერში საქართველოში ომი დაიწყება, ქვეყანა გარანტირებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
სხდომაზე სამწუხარო უწოდეს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას და გამოხატეს დახმარების სურვილი, რომ ქვეყანამ, პოლიტიკურმა ელიტამ, რეკომენდაციების შესრულება ევროკომისიის შემდგომ შეფასებამდე მოახერხოს.
კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ თუკი საპარლამენტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად დასხდომა და მუშაობა ვერ შეძლეს, ევროკომისია სავარაუდოდ "დიდ ძალისხმევას აღარ დახარჯავს ამ საკითხზე".
პოლარიზაცია გრძელდება - "ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ"
13 ივლისს, საპარლამენტო ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, 18 ივლისიდან მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შეუდგეს რიგგარეშე სესიის სამზადისს.
განცხადებაზე ხელმომწერი ხუთი ოპოზიციური პარტია და ექვსი დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია სწრაფად მოგვარდეს ზოგიერთი საკითხი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან. ინიცირებული საკითხები შეეხება, მათ შორის - საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირებასა და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას.
„კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, უარი არ თქვათ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე და სრულად ჩაერთეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რეალურ საპარლამენტო საქმიანობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება თქვენი პოლიტიკური ლუსტრაცია და იმის პირდაპირი დემონსტრირება, რომ თქვენთვის მთავარია არა საქართველოს ეროვნული ინტერესები და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის დაზიანების ფასად ძალაუფლების შენარჩუნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებელი" და ასევე - დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე.
განცხადებას არ უერთდებიან „გირჩი“ და „მოქალაქეები“.
ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილი რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნაზე - არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ოპოზიციის ეს ნაწილი მათ უნდა შეუერთდეს.
„მათ ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყვნენ იმ სამუშაო პროცესის მონაწილე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ყოველდღიურად, არ აქვთ“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ „რიგგარეშე სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული“ და „ეს იქნება საცირკო წარმოდგენა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ“.
"შეასრულეთ 12 პრიორიტეტი! ნათელია და მარტივი! თქვენ არ შეგიძლიათ იმპროვიზება ამ პრიორიტეტებზე"
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა, 13 ივლისს, კომიტეტის სხდომაზე შენიშნა, რომ ევროპარლამენტში საქართველოს სხვა ქვეყნებზე მეტი დრო ეთმობა და იქვე ივარაუდა, რომ მიზეზი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაშია მოსაძებნი.
„კოლეგებო, ჩვენ დავხარჯეთ ჩვენი დროის დიდი ნაწილი საქართველოს ვითარებაზე მსჯელობისთვის. მთლიანობაში, ეს დრო ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაზე დაგვიხარჯავს. რატომ ხდება ასე? ალბათ, რაღაც არის საკუთრივ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც არ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ოპტიმისტურები ამ ქვეყნისთვის მიცემული დროის შემდგომი მონაკვეთის მიმართ.
და მართლაც, საკმაოდ ნათელი უნდა იყოს, რომ ვუთხრათ ქართველ პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით მმართველ პარტიას: შეასრულეთ 12 პრიორიტეტი! ნათელია და მარტივი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. შეიძლება იყოს უფრო მარტივი? ვფიქრობ, არა, რადგან ყველაფერი წარმოდგენილია და თქვენ არ შეგიძლიათ იმპროვიზება ამ პრიორიტეტებზე. ისინი კარგად არის დაწერილი, კარგად არის წარმოდგენილი, კარგად ახსნილი. მაგრამ, ვფიქრობ, საქმე გვაქვს გარკვეული ტიპის სისტემურ გამოწვევასთან, რომელიც კვლავ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში", - თქვა აუსტრევიჩიუსმა.
აუსტრევიჩიუსის თქმით, "ახლა არის იდეალური დრო საქართველოსთვის, რომ მოაგვაროს უთანხმოებები და მიხედოს პრობლემებს". ის იმედოვნებს, რომ "მმართველი აპრტია აჩვენებს დადებითი და კონსტრუქციული მობილიზაციის ინიციატივას იმისათვის, რომ მიიწვიოს ყველა პოლიტიკური პარტია, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში".
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია მომავალ კვირაში ესტუმრება საქართველოს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში. ევროპარლამენტის რეზოლუციისთვის ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადად 2022 წლის 8 სექტემბრის 17:00 საათი განისაზღვრა.