აფრიკაში დღეს დილით კიდევ რამდენიმე მშენებარე სახლი დაანგრიეს. თბილისის მერიის თანამშრომლებმა ნგრევა გამთენიისას დილის 5 საათზე დაიწყეს. ოჯახებს, რომლებიც დღე-დღეზე აპირებდნენ ნახევრად აშენებულ სახლებში გადასვლას, დღეს სახლების ნაცვლად სამშენებლო მასალის გროვა დახვდათ. ამ ადგილას სახელმწიფო სახლებს უკვე მესამედ ანგრევს.
აფრიკაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, შუქნიშანთან სკოლასა და მაღაზიას შორის ასახვევია, რამდენიმე ათეული მეტრი მოასფალტებული გზის ბოლოს ტაქსის მძღოლი აუცილებლად იკითხავს, საით წავიდეს - უნდა წავიდეს პირდაპირ, ბოლომდე და იქ, სადაც გზები იყოფა, გააჩეროს. მზიან ამინდში მტვრიან და წვიმიანში ატალახებულ გზას ორივე მხარეს ახალაშენებული ერთსართულიანი გაულესავი სახლები მიუყვება. ახლა ამ მწკრივის ბოლოში ნანგრევებია, ჯერ კიდევ გუშინ იქ 5 სახლით მეტი იდგა.
მათ შორის იყო ედუარდ ოსეპიანის, სამი არასრულწლოვანი შვილის მამის ნახევრად აშენებული, გადაუხურავი სახლიც. მას მეზობელმა დილის 5 საათზე დაურეკა და უთხრა, რომ მერიიდან უნებართვო მშენებლობების დასანგრევად მივიდნენ.
"20 წუთში აქ ვიყავი, უკვე ასე დამხვდა დანგრეული. ოჯახთან ერთად უნდა გადმოვსულიყავი სამ დღეში - კედლები აშენებული იყო, გადახურვა მქონდა დარჩენილი... საცხოვრებელი ადგილი არ მაქვს, ქუჩაში რამდენი ხანი უნდა ვიყო. ხან ნათესავთან ვცხოვრობ, ხან ქირით... შემამოწმონ, ცხოვრებაში ქონება არ მქონია. თვითონ რომ კარგად ცხოვრობენ, ჰგონიათ, ყველა კარგად არის. ნახონ, ხალხი რა დღეშია", - ამბობს ედუარდ ოსეპიანი.
ედუარდი ხელოსანია, ეს მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ოჯახს 17 ათას ლარამდე ვალი დარჩა, ფული, რომელიც მშენებლობაზე დახარჯეს.
"სამი თვე ვაშენებდი - წავიმუშავებდი და ხან ცემენტს ვიყიდდი, ხან ბლოკს. ერთიანად საშუალებაც არ მქონდა... თავიდანვე მაინც გავეჩერებინე. ელოდებიან, რომ ბოლომდე გაგწირონ. გამოსავალია, რომ ისევ გავაგრძელო აშენება. ორ ოთახს მაინც ავაშენებ. იმდენი ვალი დავიდე, რომ წლები მჭირდება იქედან გამოსაძრომად", - ამბობს ის.
დღეს დანგრევას მხოლოდ 36 წლის ქეთის სახლი გადაურჩა. ის ორ მცირეწლოვან და ერთ ჩვილ შვილთან ერთად აქ სამი დღის წინ გადმოვიდა. სახლის ყველა ფანჯარა ერთმანეთისგან განსხვავებულია, ახალაშენებულ სახლზე მეტად მიტოვებულ შენობას ჰგავს. ქეთი ამბობს, რომ წასასვლელი სხვაგან არსად აქვს.
"სესხი ავიღე, რომ რაღაც მქონოდა. ვიცი, რომ უკანონოდ გავაკეთე, მაგრამ სხვა საშუალება, უბრალოდ, არ მქონდა, რომ კანონიერად რამე მექნა. 15 ათასი ლარი ვისესხე და დანარჩენი მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით შევაგროვე.
აქამდე ქირით ვცხოვრობდი. იმ სახლში ვეღარ დავბრუნდები, რამდენიმე თვის ქირა მაქვს გადასახდელი", - ამბობს ის.
ქეთი საუბრის დროს რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ მადლობელია მერიის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლების იმისთვის, რომ დღეს სახლი არ დაუნგრიეს. სახელმწიფოს წარმომადგენლები მას ბინის ქირაობაში დახმარებას დაჰპირდნენ და გააფრთხილეს, რომ შენობა დანგრევას მომავალში მაინც ვერ გადაურჩება.
"მოსულები იყვნენ და მითხრეს, რომ მაინც დაანგრევენ - მითხრეს სოციალურ დახმარებას მოგცემთ, უსახლკარო სტატუსი გექნებაო და მერე დაგაკმაყოფილებთო. წასასვლელი არ მაქვს. ვიცხოვრებ აქ მანამდე, სანამ დამაკმაყოფილებენ. ქირით დღეს რომ დამაკმაყოფილონ და ხვალ არა - იმავეს გამოვლა მომიწევს", - ამბობს ის.
თბილისის მერიის პრესსამსახურმა მშრალი განცხადება გაავრცელა, ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო სახელმწიფო მიწა და უკანონო მშენებარე კონსტრუქციები.
"მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი მოახდინა", - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ როგორ იქცა კერძო საკუთრება ეკლესიის ეზოდ - საპატრიარქოს ხელს საკრებულო უწყობსთბილისის ორ უბანში, აფრიკასა და ორხევში, ძირითადად, სოციალურად ყველაზე დაუცველი ოჯახები ცდილობენ სახელმწიფოს მიწაზე სახლების აშენებას. მერია რამდენიმე თვეში ერთხელ მათ ნაწილს, რომლის მშენებლობის პროცესი დასრულებული არ არის, ანგრევს. მედიამ უკვე ასეთი 20-მდე ნაგებობის დანგრევის შესახებ გააშუქა.