საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამი დეპუტატი, რომლებმაც პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მოტივით, ანტიდასავლურ კამპანიას არ აწარმოებს. ამასთან, მისი სიტყვებით, მათი განცხადებები ვერ დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას, აზიანებს თუ არა ამ დეპუტატების განცხადებები და „ელჩებზე თავდასხმები“ პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროცესის დაზიანება შეიძლება მხოლოდ იმით, თუ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება და ოპოზიცია ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ 12 პუნქტზე არ იმუშავებენ.
„ეს ნამდვილად დააზიანებს პროცესს და დღეს ოპოზიცია არაფრის კეთებით არის დაკავებული სწორედ ამ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით და ამით აზიანებს ამ პროცესს“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, დეპუტატ სოზარ სუბარისთვის, რომელმაც "ქართული ოცნება" დატოვა, ანტიდასავლურობის დაბრალება, „სასაცილოა“.
„რაც შეეხება ანტიდასავლურ კამპანიას, ახსენეთ ტერმინი, აქ შემიძლია ცალსახა ვიყო: არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის ამ ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან, არ არის და სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა დააბრალო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს თუ ზოგიერთ სამოქალაქო აქტივისტს. სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს. ასე რომ, აქ საუბარი თითქოს ანტიდასავლური კამპანია არის, სასაცილოა უბრალოდ. ეს არის უბრალოდ არასერიოზული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ემიჯნება თუ არა სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებს, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა: „როგორ უნდა გავემიჯნო ან რა უნდა გავაკეთო, ვერ ვხვდები. ეს სამი ადამიანი, იცით, რომ გავიდა „ქართული ოცნებიდან“. აქედან გამომდინარე, ჩვენი განცხადება ეს არ არის და ჩვენი განცხადების ნაწილი ეს არ არის“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ყოფილი სამი დეპუტატის განცხადებები დემოკრატიული დისკუსიის ნაწილია და ყველაზე დიდი ანტიდასავლურობა, ამგვარი დისკუსიის წინააღმდეგ არგუმენტირებული პასუხების დაპირისპირების ნაცვლად, ეპითეტების მიწებება და სტიგმატიზებაა.
დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.
ასევე ნახეთ დეგნანი ყაველაშვილის წერილზე: რაღაცნაირად ეხმაურება „ქართული ოცნების" წევრების ნარატივსუფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.
ასევე ნახეთ კობახიძე დეგნანის განცხადებაზე: „შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, მიშა ყაველაშვილს“მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს საყვედურის შინაარსით წერილი 8 ივლისს მისწერა. წერილში ის აღნიშნავდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. მიხეილ ყაველაშვილის წერილი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ელჩმა დეგნანმა ამ წერილზე თქვა, რომ "სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით" და ბოლომდე მისი წაკითხვაც კი ვერ შეძლო.