“რუსეთის რეაქციაზე ბრიტანეთში ხარხარებენ”- დომინიკ ნიქოლსი ბორის ჯონსონის წასვლასა და მისი უკრაინის პოლიტიკის დარჩენაზე

დომინიკ ნიქოლსი

„ვინც არ უნდა გახდეს ჯონსონის მემკვიდრე, უკრაინის მხარდაჭერა არ შესუსტდება“ - დომინიკ ნიქოლსი

„შეიკრიბა მოხუცი კაცების ჯგუფი მოსკოვში, რომელთაც თავი 60-იანების კოსტიუმირებულ პანტომიმაში ჰგონიათ, ცივი ომის დროინდელ ფილმში. ეს უბრალოდ მოსაბეზრებელი გახდა”, - ბრიტანული „ტელეგრაფის” თავდაცვისა და უსაფრთხოების რედაქტორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოსკოვის რეაქცია ბრიტანეთის პრემიერის გადადგომაზე, უბრალოდ სასაცილოა და რომ ვინც არ უნდა მოვიდეს დაუნინგ სტრიტზე, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება. ვაჟა თავბერიძე ბრიტანელ კოლეგას თბილისიდან ესაუბრა.

მას ნამდვილად სწამდა იმის, რასაც აკეთებდა, ეს მისთვის ნამდვილად პირადული იყო, მაგრამ ამავდროულად უკრაინა მისთვის იყო თავშესაფარი, რათა საშინაო ფრონტზე არსებულ დავიდარაბას გაქცეოდა.

რადიო თავისუფლება: რა არის ბრიტანელი საზოგადოების მთავარი პრობლემა - რას ვერ აპატიებენ ბორის ჯონსონს?

დომინიკ ნიქოლსი: ბევრი შემთხვევა იყო, წლების განმავლობაში დაგროვდა. ცალკე აღებული არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა საკმარისი „მომაკვდინებელი დარტყმისთვის“, მისი პოლიტიკური კარიერისთვის ბოლოს მოსაღებად. მაგრამ თანდათანობით, თითოეული მორიგი ამბის შემდეგ იზრდებოდა მის მიმართ მიუღებლობა. ბოლოს კი „ამოხეთქა“ სანდოობისა და მორალურ პრინციპებთან დაკავშირებულ საკითხზე ერთი სამთავრობო დანიშვნის გარშემო, რამაც სხვა შემთხვევებიც ხელახლა გამოიტანა დღის სინათლეზე და ჯონსონის პოლიტიკური კაპიტალი „დაიწრიტა“. საბოლოოდ, მას გადადგომის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა.

რადიო თავისუფლება: რატომ მაინცდამაინც ახლა?

დომინიკ ნიქოლსი: ეს დიდხანს გრძელდებოდა - დიდხანს „დუღდა“. გაჭიანურებაში წვლილი შეიტანა პანდემიამ, ბრექსიტმა და დიდწილად, ომმა უკრაინაში - საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ლამის „კალენდარში ცარიელ ფურცელს“ ველოდით, რომ ეს საკითხი მოგვეგვარებინა. უჩვეულო ნამდვილადაა, რომ ამდენი ხანი გაძლო, ნებისმიერი სხვა მინისტრი დიდი ხნის წინ დატოვებდა თანამდებობას, იმდენად დიდი იყო წინააღმდეგობა, რომელსაც ის აწყდებოდა.

ვინც არ უნდა იყოს მისი მემკვიდრე - შეიძლება ის არ აღმოჩნდეს ისეთივე ეგზოტიკური, „მყვირალა“ შოუმენი, როგორიც ჯონსონი იყო, მაგრამ [უკრაინის მხარდაჭერის] პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს.

რადიო თავისუფლება: ჯონსონი და თითქმის ყველა სხვა დასავლელი ლიდერი ხმამაღლა აცხადებენ, რომ ომი უკრაინაში ეს დასავლეთის, ცივილიზებული სამყაროს ომია, რომ პუტინი ევროპას ებრძვის. თუ ასეა, პრეზიდენტ რეიგანს რომ დავესესხოთ, რატომ ვცვლით ცხენებს შუა დოღისას?

დომინიკ ნიქოლსი: იმიტომ რომ დემოკრატიული სამყარო ვართ და ერთი კაცი არ განსაზღვრავს არც მთავრობის პოლიტიკას და არც ერის, ქვეყნის პოზიციას. რატომ ვცვლით ცხენებს შუა დოღისას? მე ვერ ვიტყოდი, რომ ჯონსონს უკრაინასთან მიმართებით რაიმე ისეთი, სხვებისგან განსხვავებული მიდგომა ჰქონდა, რასაც ბრიტანულ პოლიტიკურ სამყაროში არ იზიარებენ. ვინც არ უნდა გახდეს მისი მემკვიდრე, თითქმის წარმოუდგენელია უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა შეიცვალოს.

რადიო თავისუფლება: შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ უკრაინის საკითხი ბორისისთვის პიროვნულადაც მნიშვნელოვანი იყო. რამდენად მძიმეწონიანი ფიგურა იყო ის გეოპოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე?

დომინიკ ნიქოლსი: ის თავის თავს ყოველთვის დიდ სახელმწიფო მოღვაწედ აღიქვამდა. ჩერჩილის თავგამოდებული თაყვანისმცემელია. მეტიც, ბიოგრაფია ჩერჩილისა და საკუთარ თავსაც, ვფიქრობ, ამ ჭრილში ხედავდა, თუმცა უსამართლობა იქნებოდა თქმა, რომ მხოლოდ ეს იყო მისი მოტივაცია, როდესაც ის, ომის ადრეულ ეტაპზე, კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა - ევროპის ყველა სხვა ლიდერზე ადრე, თანაც საკუთარი სიცოცხლისთვის დიდი პირადი რისკის ფასად. ვფიქრობ, მას ნამდვილად სწამდა იმის, რასაც აკეთებდა, ეს მისთვის ნამდვილად პირადული იყო, მაგრამ, ამავდროულად, უკრაინა მისთვის იყო თავშესაფარი, რათა საშინაო ფრონტზე არსებულ დავიდარაბას გაქცეოდა. ის ნამდვილად გადმოსცემდა იმ სულისკვეთებას, იმ განწყობას, რაც ბრიტანეთში გვაქვს უკრაინის მიმართ. რაც შეეხება მის მემკვიდრეებს, დიახ, შეიძლება, ასე ხშირი ვიზიტები ვერ ვნახოთ უკრაინაში, მაგრამ მხარდაჭერა ნამდვილად ისეთივე მტკიცე იქნება. ჯონსონის სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მან დიდი წვლილი შეიტანა ომის პირველ კვირებში ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთიანობასა და სიმტკიცეში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას შეეხებოდა. ახლა ამ კუთხით „ზვავი უკვე დაიძრა“ და ომახიანი შეძახილი შესაძლოა აღარც იყოს საჭირო. ახლა საჭიროა კარგი, გონიერი და საიმედო „ხელები საჭესთან“, როგორც ჩვენთან იტყვიან. ვინც არ უნდა იყოს მისი მემკვიდრე - შეიძლება ის არ აღმოჩნდეს ისეთივე ეგზოტიკური, „მყვირალა“ შოუმენი, როგორიც ჯონსონი იყო, მაგრამ [უკრაინის მხარდაჭერის] პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს, საზოგადოების მხრიდან არანაირი დაკვეთა არ არსებობს ამ კურსის შეცვლაზე.

რუსეთი მშვენიერი ქვეყანაა, რომელსაც სათავეში უდგას განგსტერების ბანდა, რომელიც ფიქრობს, რომ შავ-თეთრ ფილმში თამაშობენ.

რადიო თავისუფლება: სხვა ყველაფერთან ერთდ, „ამოტივტივდა“ ლონდონელ ოლიგარქ ლებედევთან არასანქცირებული შეხვედრაც - ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს?

დომინიკ ნიქოლსი: არსებული ცნობების თანახმად, წლების წინ, როდესაც ის საგარეო საქმეთა მდივანი იყო, ნატოს ერთ-ერთი სამიტიდან პირდაპირ გაეშურა ევგენი ლებედევთან შესახვედრად - ის ბრიტანული Evening Standard-ისა და the Independent-ის ყოფილი მფლობელია, ბორის ჯონსონმა ლორდთა პალატის წევრი გახადა, მამამისი, ალექსანდრ ლებედევი კი კგბ-ს ყოფილი ოფიცერი და დღეს ლონდონელი ოლიგარქია. ლებედევის ვილა იტალიაში საკმაოდ უცნაური ადგილია ნატოს კონფერენციიდან წასასვლელად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ როგორც საგარეო საქმეთა მდივანი, ჯონსონი იქ არ უნდა წასულიყო თანმხლებისა და ოფიციალური არხების გავლის გარეშე. ვინ იცის, რას აკეთებდნენ იქ, შეიძლება უბრალოდ იახტაზე ატარებდნენ დროს და ცურავდნენ, მაგრამ მოიაზრება, რომ ამას თან ახლდა ეროვნული უსაფრთხოების რისკი, ეროვნული უსაფრთხოება კი ისეთი საკითხია, რომელთანაც თამაში არ შეიძლება. ბორისს უყვარდა საკუთარი წესებით თამაში და არასტანდარტული პოლიტიკოსის იმიჯი, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების რისკებით თამაში დაუშვებელია. ვფიქრობ, ეს მისი მხრიდან უკიდურესად წინდაუხედავი ნაბიჯი იყო, რომ თავის თავს დაუჯერა და ჩათვალა, რომ ამაში არაფერი იყო მიუღებელი. ახლა უკვე ერთგვარად წარსულს ჩაბარდა ეს ამბავი, რადგან ჯონსონმა თანამდებობა დატოვა, მაგრამ ეს თავისთავად კიდევ ერთ დიდ სკანდალად იქცეოდა…

რადიო თავისუფლება: სავარაუდო მემკვიდრეებზე ვსაუბრობდით - გამოკითხვების თანახმად, ამ ეტაპზე თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი ლიდერობს. თუ გავიხსენებთ მის „სიყვარულით სავსე“ გამონათქვამებს რუსეთზე - რომ პუტინი „პატარა კაცის სინდრომის მქონე ფაშისტია“, რომ რუსეთს „ყირიმში ისევ კუდით ქვას ვასროლინებთ“ და რომ „რუსეთი უნდა შევაკავოთ“ - რა მოლოდინი უნდა გვქონდეს?

დომინიკ ნიქოლსი: არ მგონია, რომ რამე ცვლილებას ვიხილავთ ბენ უოლესის ან საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის მიდგომასა და გამოხატვის მანერაში. არა მგონია, მათ რამე განსაკუთრებულად არადიპლომატიური ეთქვათ, რაც სახელმწიფო მოღვაწეს არ შეეფერება, ან რასაც ბრიტანეთში არ ეთანხმებიან. ამიტომ ვფიქრობ, ეს მიდგომა გაგრძელდება. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კარგახანს მოგვიწევს ლოდინი, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს და, ამ შემთხვევაში, ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს. ეს რამდენიმესაფეხურიანი პროცესია და ის, რომ ახლა ბენ უოლესი ლიდერობს, შეიძლება ძალიან მარტივად შეიცვალოს.

ყოველდღე გამოაგორებენ დმიტრი პესკოვს, ისიც ხან მარცხნივ დაგვემუქრება, ხან მარჯვნივ, ბოლოს კი დააყოლებს: უტატა, ჭკუით იყავით, თორემ მოვალთ და ასე და ისე გიზამთ. მოდით, რაღა. დააყენეთ საშველი. ძალიან მოგვბეზრდა...

რადიო თავისუფლება: არ ვიცი, რამდენად ინტერესდებიან ბრიტანეთში რუსეთის რეაქციით, მაგრამ გუშინ ზეიმობდა სრულიად რუსული პუბლიკაცა და ოფიციოზიც. ნიშნისმოგებით გაიძახოდნენ, რომ ასე დაემართება ყველას, ვინც „რუსეთის დანგრევას“ მოინდომებს. მოახდენს თუ არა ეს „გაფრთხილება“ გავლენას ევროპის რიგ ლიდერებზე, მაგ. ემანუელ მაკრონსა და მის თანამოაზრეებზე?

დომინიკ ნიქოლსი: ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპზე, რომ ხალხს უბრალოდ ეცინება რუსების ამ მყვირალა განცხადებებზე. პოლიტიკური ელიტა უკვე ღიად იცინის. ადრე ჩუმად იცინოდნენ, დიპლომატიურად, როდესაც კამერები და ჩამწერები გვქონდა გამორთული, ახლა ღიად და მოურიდებლად ხარხარებენ. ეს განცხადებები არის, უბრალოდ... უაზრო. შეიკრიბა მოხუცი კაცების ჯგუფი მოსკოვში, რომელთაც თავი 60-იანების კოსტიუმირებულ პანტომიმაში ჰგონიათ, ცივი ომის დროინდელ ფილმში. ეს უბრალოდ მოსაბეზრებელი გახდა. რამე ახალი ქენით - ახალი იდეები იპოვეთ, რამე სხვა თქვით. ყოველდღე გამოაგორებენ დმიტრი პესკოვს, ისიც ხან მარცხნივ დაგვემუქრება, ხან მარჯვნივ, ბოლოს კი დააყოლებს: უტატა, ჭკუით იყავით, თორემ მოვალთ და ასე და ისე გიზამთ. მოდით, რაღა. დააყენეთ საშველი. ძალიან მოგვბეზრდა. მათ ახალი არაფერი აქვთ სათქმელი, არ აქვთ ახალი იდეა, მათი მსოფლმხედველობა წარსულშია ჩარჩენილი, ნაცვლად იმისა, რომ დანარჩენ სამყაროს აუწყონ ფეხი, იმუქრებიან. ოკ, სალამი, ბატონო ლავროვ, დღეს ვინ უნდა გალანძღოთ? აჰა, კარგი, კი ბატონო, როგორც გენებოთ. ეს აღარავის ადარდებს. სამყარო ვითარდება, რუსეთი კი - არა. და ამ პრობლემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ისაა, რომ ახალგაზრდა თაობა რუსეთში, თუ მათ აქვთ ინფორმაციასთან წვდომა, ისინი ხედავენ, რომ სხვები, მათი თანატოლები კარგად ცხოვრობენ, ტექნოლოგიის ერას, ახალ იდეებს ფეხს უწყობენ, ახალ კულტურებს იზიარებენ. მათ კი წარსულში ტოვებენ. და ეს სევდიანი სანახავია, ეს საშინელებაა, რადგან რუსეთი მშვენიერი ქვეყანაა, რომელსაც სათავეში უდგას განგსტერების ბანდა, რომელიც ფიქრობს, რომ შავ-თეთრ ფილმში თამაშობენ, რომლის ნახვაც მარტო თვითონ უნდათ.