რამაზან კადიროვი განაგრძობს ვოლოდიმირ ზელენსკიზე გადაღებული დასაცინი კლიპების გავრცელებას

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურის, რამზან კადიროვის ტელეგრამის არხში კვლავ გამოჩნდა მორიგი დამამცირებელი ვიდეორგოლი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გროზნოში რამზან კადიროვს ტყვედ ბარდება. კლიპში ზელენსკის როლს თამაშობს ბლოგერი მაქს კომიკაძე, ხოლო კადიროვი თავად განასახიერებს საკუთარ თავს. პაროდიულ ვიდეორგოლში ზელენსკი საკუთარ რეზიდენციაში მყოფ კადიროვს "ახმატის" სახელით ცნობილ ბატალიონში ჩარიცხვას სთხოვს, რაზეც კადიროვი მიუგებს, რომ მისი ადგილი ნატოს ქვედანაყოფშია.

ეს ერთ კვირაში ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ინსტაგრამის არხზე გამოქვეყნებული მეორე პაროდიული ვიდეოკლიპია. პირველში ზელენსკის როლის შემსრულებელი მსახიობი ხელს აწერს უკრაინის "უსიტყვო კაპიტულაციის აქტს" და წარმოთქვამს სიტყვებს: "ახმატი ძალაა". ვიდეორგოლის ბოლო კადრში ჩნდება რამზან კადიროვი, რომელიც მას ამ გადაწყვეტილებას უწონებს.

ასევე ნახეთ

რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტის დასაცინ ვიდეორგოლში ითამაშა

კლიპში ზელენსკის როლს თამაშობს ბლოგერი მაქს კომიკაძე, რომელსაც აპრილიდან აქტიურად მიჰყავს საკუთარი იუტუბის არხი. მისი ყველა ვიდეორგოლი ეძღვნება უკრაინის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ პაროდიებს. ბლოგერი ამავე კლიპებს აქვეყნებს სხვა სოციალურ ქსელებშიც, ხოლო მის ტელეგრამის არხზე გამოსახულია ასო Z-ი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომის პროპაგანდისტული სიმბოლო.

კადიროვმა არაერთხელ გაავრცელა მუქარა უკრაინის პრეზიდენტის მისამართით თავისი ტელეგრამის არხის საშუალებით.

უკრაინის წინააღმდეგ ომში კადიროვი გახდა რუსული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი რუპორი: თავის ტელეგრამის არხში ის ყოველდღიურად საუბრობს ჩეჩენი სამხედროების წინსვლაზე, დაკავებულია სამხედრო ოპერაციების დაგეგმვით და მტრებს ლექსებს უკითხავს. თებერვლიდან მისი ხელმომწერების რაოდენობა 60 ათასიდან ორნახევარ მილიონ ადამიანამდე გაიზარდა. ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კადიროვი "ფეიკებსა" და დეზინფორმაციას ავრცელებს.

კადიროვმა უკვე განაცხადა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინიდან "გაქცევისა" და საომარი მოქმედებების ზონაში თავისი მოგზაურობის შესახებ – ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. მიუხედავად საჯარო მხილებისა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი კვლავაც განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას.