Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტის დასაცინ ვიდეორგოლში ითამაშა


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტზე გადაღებულ, დამამცირებელ პაროდიულ ვიდეორგოლში ითამაშა.

საიტ "კავკაზ.რეალიის" თანახმად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა კლიპი, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის პაროდისტი მსახიობი ხელს აწერს "უკრაინის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს" და წარმოთქვამს სიტყვებს: "ახმატი ძალაა". ვიდეორგოლის ბოლო კადრში ჩნდება რამზან კადიროვი, რომელიც მას ამ გადაწყვეტილებას უწონებს.

კლიპში ზელენსკის როლს თამაშობს ბლოგერი მაქს კომიკაძე, რომელსაც აპრილიდან აქტიურად მიჰყავს საკუთარი იუტუბის არხი. მისი ყველა ვიდეორგოლი ეძღვნება უკრაინის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ პაროდიებს. ბლოგერი ამავე კლიპებს აქვეყნებს სხვა სოციალურ ქსელებშიც, ხოლო მის ტელეგრამის არხზე გამოსახულია ასო Z-ი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომის პროპაგანდისტული სიმბოლო.

კადიროვმა არაერთხელ გაავრცელა მუქარა უკრაინის პრეზიდენტის მისამართით თავისი ტელეგრამის არხის საშუალებით.

უკრაინის წინააღმდეგ ომში კადიროვი გახდა რუსული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი რუპორი: თავის ტელეგრამის არხში ის ყოველდღიურად საუბრობს ჩეჩენი სამხედროების წინსვლაზე, დაკავებულია სამხედრო ოპერაციების დაგეგმვით და მტრებს ლექსებს უკითხავს. თებერვლიდან მისი ხელმომწერების რაოდენობა 60 ათასიდან ორნახევარ მილიონ ადამიანამდე გაიზარდა. ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კადიროვი "ფეიკებსა" და დეზინფორმაციას ავრცელებს.

კადიროვმა უკვე განაცხადა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინიდან "გაქცევისა" და საომარი მოქმედებების ზონაში თავისი მოგზაურობის შესახებ – ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. მიუხედავად საჯარო მხილებისა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი კვლავაც განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას.

XS
SM
MD
LG