ღარიბაშვილი: წყალტუბოში გასაყიდად გამოგვაქვს 14 სანატორიუმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

წყალტუბოში საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაცია გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მან თქვა, დამტკიცებულია წყალტუბოს გენერალური გეგმა და კურორტი ამ გეგმის მიხედვით განვითარდება. „ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. ეს იყო ჩვენი მმართველი პარტიის დაპირება“, - თქვა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ახლა გასაყიდად გამოდის 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება, დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.

„ჩვენი მოლოდინი არის, რომ დაახლოებით 500 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია, ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით ლარის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს კარლოვი ვარი, ბადენ-ბადენი თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული და მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს და მისი ინფრასტრუქტურა იყოს კეთილმოწყობილი.

„ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის გამართული, ხოლო მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის, ასე ვთქვათ, სიახლოვე დამატებითი უპირატესობა იქნება წყალტუბოსთვის. ეს ყველაფერი ერთად, რაც მთავარია, წყალტუბოს უნიკალურობა, მისი ბუნება, წყალი, ეს რესურსები ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ კურორტს. 2019 წელს წყალტუბოს მხოლოდ 25 000 ვიზიტორი ეწვია და ჩვენი, ასე ვთქვათ, ვარაუდით ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. საერთო ძალისხმევით, კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად“, - აღნიშნა პრემიერმა.

2019 წლის 29 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან გამოისყიდის წყალტუბოს ყველა ობიექტს და პირადი სახსრებით დაიწყებს ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას და კურორტის განვითარებას.

ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს სასტუმროებსა და ბალნეოლოგიურ აბანოებს გამოისყიდის
ასევე ნახეთ კურორტ წყალტუბოს ძველი დიდება და ბუნდოვანი მომავალი