ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) საჩივარი „თბილისი პრაიდის“ საქმეზე და აღნიშნა, რომ საქმეს შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს (“The Court considers that these application may become an impact case”).
საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებულ ჰომოფობიურ ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ. შესაბამისად, მოსარჩელეები ითხოვენ ხელისუფლების უმოქმედობის და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევის დადგენას. კერძოდ, საუბარია კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", რომელიც იცავს “თბილისი პრაიდის” და ლგბტქი+ აქტივისტების უფლებებს ევროპულ სასამართლოში, აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დააკომუნიცირა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილი ყველა საკითხის ირგვლივ. მათ შორის, სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები. ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა და მთავრობას დაავალა, წარმოადგინოს 5 ივლისის უსაფრთხოების გეგმა და შიდა მასალები, რომლებიც ეხება შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას სადავო მოვლენების (2021 წლის 1-ლი და 5 ივლისის) წინ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა მომხდარიდან 1 წლის შემდეგ დასრულებულია, თუმცა პასუხისგებაში არაა მიცემული ძალადობის არცერთი ორგანიზატორი, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული, მინიმალური სანქციები შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა "პრაიდის" ოფისზე თავდამსხმელ სამ ადამიანს. პროკურატურა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
ასევე ნახეთ პროკურატურა გაასაჩივრებს „თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრის საქმეზე ბრალდებულთა განაჩენსსტრასბურგის სასამართლოს წარმოებაში აქვს მიღებული 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის. ამ საქმეში მოსარჩელე "სირცხვილიას" აქტივისტები არიან.
ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო 5 ივლისზე "სირცხვილიას" საჩივარი