პარლამენტში დასრულდა ოპოზიციური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენელთა შეხვედრა. მათ განიხილეს ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობა, რომელთა შესრულება წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია. შეხვედრა დავით უსუფაშვილის, პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის კაბინეტში გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ „ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად კომისიების შექმნა საჭირო არ არის.
„კობახიძემ წარმოადგინა დროის გაყვანის და ფუჭად დაკარგვის გეგმა, რადგან არანაირი კომისიების შექმნა და კომისიებში მუშაობა არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ ოპოზიციამ დაიწყო მუშაობა, ეს არის პროცესი, რომელიც გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, რომლის ბოლოსაც, უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, რომლის დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი, მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა საკითხები, რომელზეც კომისია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ არის გამზადებული ინიციატივები, კანონპროექტები, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს და დაამტკიცოს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ უმრავლესობის მხრიდან პარლამენტის დღის წესრიგის მორგება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების დღის წესრიგისთვის და არა სიმულაციური პროცესი, რომ, თითქოს, რაღაც ხდება, რაც ევროკავშირის მოთხოვნებს ეხმიანება", - თქვა სამადაშვილმა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, რიგგარეშე სესიაზე მისაღები არის მთელი რიგი კანონები, რასაც დროის გაწელვა არ სჭირდება.
„ვიმსჯელეთ ძალიან კონკრეტულ მექანიზმებზე, რა ფუნქცია გვაქვს ჩვენ, ოპოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის ფუნქცია, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვერავის მოატყუებს კობახიძე და „ქართული ოცნების" ვერცერთი წარმომადგენელი. არსებობს საშინაო დავალების და რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც ბრიუსელმა საქართველოს წარმოუდგინა. პირველი, ეს არის, რაც არის მიშელის შეთანხმებაში - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, პროკურატურასთან დაკავშირებული კანონი, დეპოლარიზაციის მიმართულებით პოლიტპატიმრების თემა, საკონსტიტუციო ცვლილებები. ანუ მთელი რიგი კანონების, რომელიც სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომებზე შესაძლებელია მიღებულ იქნას, არ სჭირდება ამას გაწელვა და ტყუილები. ჩვენ ამ დღის წესრიგზე ვიმუშავებთ. ხვალ და ამ დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და საზოგადოებას ვაჩვენებთ კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი. ამას არ სჭირდება 6-თვიანი კომისიების შექმნა", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
„გირჩის" ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
„იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, მოთხოვნები შევასრულოთ, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის ნაწილში და ეს აღიაროს ოპოზიციამ, თუ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, რადგან სააკაშვილი ციხეში არის დაძაბულობის წყარო. ამიტომ ვთავაზობდი ჩემს კოლეგებს, რომ გვქონდეს პროპორციული არჩევნები. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, პროცესში რა მიგვაჩნია, რომ ექვსი თვის თავზე იყოს გაკეთებული: ერთი უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე, ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ. იცით, რომ ეს ჩვენი მოთხოვნა იყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაიჭირეს. კოლეგებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ და ამაზე ვსაუბრობთ. ჩხუბი უნდა დამთავრდეს, მივხვდი, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ამ ჩხუბს არ დაასრულებს, "ქართულ ოცნებას" ისედაც არ უნდა ჩხუბის დასრულება", - მიიჩნევს იაგო ხვიჩია.
პარლამენტში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარტია „მოქალაქეებიდან ლევან იოსელიანი, „ლელოს" წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი.
„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა.
ასევე ნახეთ „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარმოადგინა23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ასევე ნახეთ 12 პირობა და 6 თვე ევროკავშირისკენ - შეძლებს (თუ ვერ) საქართველო შანსის გამოყენებას?