„საშინელი სიკვდილით დაიხოცებიან“ - რუსი ჯარისკაცები ჩერნობილში თევზაობდნენ

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

24 თებერვალს, ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს, რუსულმა ჯარმა ჩერნობილის ატომური სადგური აიღო და იქ მყოფნი ტყვედ აიყვანა. სადგურის თანამშრომლები ხედავდნენ, როგორ თხრიდნენ რუსი ჯარისკაცები სანგრებს რადიაციით დაბინძურებულ ზონაში, მდინარეში კი თევზს იჭერდნენ.

„ნასტოაშჩეე ვრემიამ“ ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების მონაყოლი ჩაიწერა.

ვლადიმირ ალექსეენკო, ატომური ელექტროსადგურის ავარიის ლიკვიდატორი, ტყეში გათხრილ სანგრებს აჩვენებს და ჰყვება, რომ როდესაც ეს ამბავი გაიგო, ხუმრობა ეგონა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჯარისკაცებმა სამალავად მართლაც წითელი ტყე შეარჩიეს, რომელიც ჩერნობილის ატომური სადგურის მიმდებარედ ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული და სახიფათო ტერიტორიაა.

„ეს ის ადგილია, სადაც პირველად გამოიფრქვა რადიაცია, მას შემდეგ, რაც მე-4 რეაქტორი აფეთქდა“, - ამბობს ალექსეენკო. ავარიის მერე გამხმარი ხეები და მასთან ერთად რადიაციაც იქვე, მიწის სიღრმეში ჩამარხეს.

„აქ ზედაპირზე 3 მილირენტგენია, საათში 3 000 მიკრორენტგენი. ეს ნორმას 100-ჯერ აჭარბებს“, - ამბობს ვლადიმირი და გამარტავს, რომ მიწის ქვეშ გამოსხივება ათჯერ და ასჯერ უფრო მეტია.

ჩერნობილის ზონა

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ამ ზონაში ჩაიდინო, ჭამაა, რასაც რუსი ჯარისკაცები სისტემატურად აკეთებდნენ. იმ ადგილას, სადაც ისინი გაჩერდნენ, კონსერვის ქილები დარჩა.

„ამ ადგილას საკვების მიღება ნიშნავს, რომ მოსიარულე მკვდარი ხარ. საშინელი სიკვდილით დაიხოცებიან! რას მოეხეტნენ? ასეთი შტერები და გაუნათლებლები როგორ არიან?“, - ამბობს ვლადიმირ ალექსეენკო.

ელექტროსადგურის ცვლის უფროსი ვლადიმირ ფალშოვნიკი ჰყვება, რომ რუსი ჯარისკაცები მათ არ ეკითხებოდნენ, სანგრები სად გაეთხარათ, რჩევებს კი უბრალოდ არ უსმენდნენ. როცა დრო ჰქონდათ, მდინარეზე თევზაობდნენ კიდეც, აქაური თევზის ჭამა კი არ შეიძლება.

ჩერნობილის ატომური სადგურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ოკუპანტები მათ მუშაობაში ხელს მაინცდამაინც არ უშლიდნენ, განსხვავებით ზაპოროჟიის ატომური სადგურისგან, რომელიც ასევე აიღეს. როდესაც მიზეზს ეკითხებოდნენ, რუსი ჯარისკაცები უპასუხებდნენ, რომ იქ ფაშისტებსა და ნაციონალისტებს ეძებდნენ.

„აქ არაფერი უკრაინული აღარ დარჩა, რასაც გვინდა იმას ავიღებთ და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო, ასე გვიპასუხეს“, - ამბობს ვლადიმირ ფალშოვნიკი.

ალექსანდრ სკირტა ჩერნობილში სისუფთავესა და წესრიგზე აგებს პასუხს. ის ამბობს, რომ ჯარისკაცებმა ელექტროსადგური გაძარცვეს კიდეც: „ყველაფერი წაიღეს: კომპიუტერები, მონიტორები, ინსტრუმენტები, მასალები, ფოცხები, ფიწლები“...

რუსულმა ჯარმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მაშინ დატოვა, როცა 31 მარტს ჯარი კიევის ოლქიდან დონბასში გადაისროლეს.