აქცია "შინ ევროპისკენ", რომელიც გუშინ 3 ივლისს თბილისში, პარლამენტის წინ დაიწყო, მისგან რამდენიმე ასეულ მეტრში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს, 4 ივლისს, დასრულდა. შეკრების დასრულების შესახებ რამდენიმე ათასიდან ადგილზე დარჩენილ რამდენიმე ადამიანს უთხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.
"მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობას და ღარიბაშვილს, სამაგიეროდ მათ ნაცვლად ვხედავთ ბევრ პოლიციელს - ვიყავით 100-ნი, იყო 500 პოლიციელი. ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ხოლმე და მაქსიმალურად შევაწუხოთ მთავრობა... დავიშალოთ, დღეს ვერ შედგა მთავრობის სხდომა", - თქვა მან.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ღამე გაათენა საქართველოს პარლამენტთან 3 ივლისს გამართული ხალხმრავალი აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფმა. ისინი მთავრობის სხდომის ჩატარებას და მთავრობის წევრების მისვლას ელოდნენ შეძახილებითა და სტვენით.
ასევე ნახეთ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები პროტესტს ხმაურით გამოხატავენმთავრობის სხდომა, რომელიც ყოველ ორშაბათს დილის საათებში იმართება ხოლმე, დღეს ჯერჯერობით არ ჩატარებულა. ამ დროისათვის ისევ არ არის ცნობილი, შეიკრიბებიან თუ არა დღეს მინისტრები. მედიის ინფორმაციით, შენობაში უკვე შესულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" მონაწილეები მოითხოვენ, რომ გადადგნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა, რადგან ვერ უზრუნველყვეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეასრულებს. მოძრაობამ მთავრობის გადადგომა პირველად მოითხოვა 24 ივნისს, პარლამენტთან გამართულ ხალხმრავალ აქციაზე და "ქართულ ოცნებას" ვადა 3 ივლისამდე მისცა.
ასევე ნახეთ „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარმოადგინასაპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ფარსად მიიჩნევენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად "ქართული ოცნების" მიერ 1 ივლისს გამოქვეყნებულ გეგმას. "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა 3 ივლისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ საზოგადოებამ მმართველი პარტიის "მოსატყუებელი კბილი უკვე ამოიღო". ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პუნქტების შესასრულებლად, 3 ივლისს გეგმა წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
ასევე ნახეთ არასამთავრობოებმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინეს24 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.