Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოებმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინეს


არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ბრიფინგი
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ბრიფინგი

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და მედიას წარუდგინეს.

პოლიტიკური პოლარიზება

  • 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობა უნდა დაიკავონ ოპოზიციის წევრებმა. გარდა ამის, ერთ-ერთი მუდმივი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი უნდა იყო.

საარჩევნო კანონმდებლობა

  • პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღოს არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და პროფესიული წევრები დაინიშნონ პარლამენტის ორი მესამედის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იქნას პოლიტიკური დეპოლარიზაცია და ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.

მართლმსაჯულების რეფორმა

  • მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ორმაგი 2/3-ის საფუძველზე (ამ პრინციპის მიხედვით, გადაწყვეტილება საჭიროებს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობას). გარდა ამისა, უნდა გამოირიცხოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დანიშვნა, ამისთვის საჭირო იქნება მაღალი კვორუმის დაწესება (დეპუტატების 3/5-ის მხარდაჭერა);
  • პარლამენტმა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები;
  • შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ყველა ბოლოდროინდელი დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები;
  • გენერალური პროკურორი პარლამენტის სული შემადგენლობის 3/5-მა უნდა დანიშნოს.

კორუფციასთან ბრძოლა

  • უნდა შეიქმნას იმ ტიპის ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც შეითავსებს იმ ფუნქციებს, რომლებიც ახლა გაფანტულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საჯარო სამსახურის ბიუროში.
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს და აუცილებელი უნდა იყოს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსენსუსი. შესაძლებელია აირჩიოს პარლამენტის სული შემადგენლობის 3/5-მა.

დეოლიგარქიზაცია

  • 12-პუნქტიანი ჩამონათვალის დანარჩენი 11 პუნქტის შესრულება ავტომატურად გამოიწვევს ამ პირობის შესრულებას.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა პრაქტიკაში უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც საკანონმდებლო ბაზა აძლევთ.

მედიის თავისუფლება

  • ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებები და სასამართლო პროცესები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად არის მიჩნეული.
  • ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს გამოძიება მედიის წარმომადგენლების მასიური ფარული მიყურადება/თვალთვალის საქმეებზე.

მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა

  • სრულყოფილად იქნას გამოძიებული 2021 წლის 5 ივლისს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ორგანიზატორები პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი.

გენდერული თანასწორობა

  • სქესობრივი დანაშაულები, მათ შორის გაუპატიურების მუხლი, სტამბულის კონვენციასთან თანხვედრაში იყოს;
  • დამტკიცდეს გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის ახალი სამოქმედო გეგმა;
  • სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის გაუქმდეს "მსხვერპლის სტატუსის" მოთხოვნის აუცილებლობა.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე

  • ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი უფრო ეფექტური გახდეს.

ქართულ სასამართლოებში სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინება

  • საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის გაიდლაინების მიღება, რომელიც მოითხოვს ECHR პრაქტიკის პროაქტიულ გამოყენებას.

სახალხო დამცველის არჩევა

  • კანდიდატის შეთანხმება უნდა მოხდეს მრავალპარტიული კონსულტაციების გზით.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთი ვალდებულების შესრულება მყისიერად არის შესაძლებელი, ვალდებულებების შესრულების მაქსიმალურ ვადად კი 3 თვეა მიჩნეული.

1 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარმოადგინა. მმართველ პარტიას სხვადასხვა ვალდებულების შესასრულებლად სხვადასხვა ვადა აქვს მითითებული, მათ შორის ზოგიერთ პუნქტზე, დეკემბრის თვე, როცა რეკომენდაციების შესასრულებლად მოცემული დრო იწურება.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ

24 ივნისს მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა და მორიგი აქცია დააანონსა.

XS
SM
MD
LG