საგარეო უწყება უკმაყოფილოა საფრანგეთში ელჩის მუშაობით, რომელმაც წასვლის მიზეზად ზეწოლა დაასახელა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა საფრანგეთში ელჩის მუშაობით, რომელმაც გადადგომის მიზეზად ზეწოლა დაასახელა. ამის თაობაზე საუბარია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თეა კატუკიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობას დღეიდან, 1 ივლისიდან, ტოვებს.

"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებაა საჭირო.

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ "ფეისბუკზე" დაწერა, რომ 1 ივლისიდან თანამდებობას ტოვებს. მიზეზად მან ზეწოლა დაასახელა.

"გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა", - აღნიშნავდა საქართველოს ყოფილი ელჩი.

ასევე ნახეთ საფრანგეთში საქართველოს ელჩი ამბობს, რომ თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს

საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად, თეა კატუკია 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა.