Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ამბობს, რომ თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს


თეა კატუკია, საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი
თეა კატუკია, საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია ამბობს, რომ თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს. ხელისუფლების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე მან "ფეისბუკზე" დაწერა.

თეა კატუკიას თქმით, განცხადება გადადგომის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრს 1 მაისს გაუგზავნა, 1 ივლისიდან კი გათავისუფლებულად ითვლება.

"გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა", - წერს საქართველოს ყოფილი ელჩი.

თანამდებობის დატოვების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში, ის საუბრობს შექმნილ პრობლემებზე და საქართველოს ევროინტეგრაციაზეც.

"პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია...

დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ", - აღნიშნავს ის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თეა კატუკიას ფეისბუკპოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში უპასუხა. უწყება აღნიშნავს, რომ უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით საფრანგეთის სელჩოში მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებაა საჭირო.

"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად თეა კატუკია 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც 2019 წელს გამოუცხადა ელჩის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენით.

მასალა განახლდა საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროდან პასუხის მიღების შემდეგ [განახლების დრო: 1 ივლისი, 14:15].

XS
SM
MD
LG