თსუ-ს "მაღლივ კორპუსთან" ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება გუშინ, თბილისში თსუ-ს მაღლივ კორპუსთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე. ახალგაზრდებს, რომლებიც კამპანია „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში, ფლაერებს არიგებდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
„შინ ევროპისკენ“ კამპანიის თავს დაესხნენ გორში, თელავსა და ხონშიც.
მოქალაქეებთან შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
თელავის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარმომადგენლებს, რომლებიც მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდნენ, პარტიების, "ქართული ოცნებისა" და „კონსერვატიული მოძრაობის", ასევე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დახვდნენ.
მოგვიანებით სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" წევრები მუზეუმიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე სკვერში შეიკრიბნენ და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. მათი განცხადებით, წინააღმდეგობა "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი კამპანიაა და მას ევროპულ კურსთან საერთო არაფერი აქვს.
დღის ბოლოს ინციდენტებზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს.
ასევე ნახეთ გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ესროლეს ასევე ნახეთ "შვებას არ აძლევთ ხელისუფლებას" - ხონში 3 ივლისის აქციაზე ფლაერების დარიგება გააპროტესტესვატო წერეთლის თქმით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
„ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი, მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევებს დაგიწყებს, თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. მერე სანამ აზრზე მოვედი, მეორემ მომიქნია ხელი. ორივე მომხვდა“, - თქვა წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში და დაამატა, - „ელჩი პირადად ვნახე. ბოდიშებს მიხდიდა. პირადად მოვთხოვე, რომ გაასაჯაროონ კადრები".
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“.
ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა თავად ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, მომხდარი ვატო წერეთლის მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო. „მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა“.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ სამი ადამიანის დაკავების ორდერი გასცა
30 ივნისს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავებას სასამართლო ითხოვს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს იმის დროს ომის დანაშაულის ფაქტებზე.
ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის განცხადებაში წერია, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ეთნიკურ ქართველად აღქმული სამოქალაქო პირები დაკავებულ იქნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული პირები შემდგომში დაპატიმრებულ იქნენ, ექვემდებარებოდნენ არასათანადო მოპყრობას და იმყოფებოდნენ მძიმე პირობებში ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში (ე.წ. „იზოლატორში“ ან „კაპეზეში“). მოგვიანებით კი მოხდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მათი ზეწოლის იარაღად გამოყენება პატიმართა და ტყვეთა გაცვლის დროს. გაცვლის შედეგად, დაპატიმრებული პირები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამხრეთი ოსეთი“.
ჯო ბაიდენი: "ჩვენ იმდენ დახმარებას აღმოვუჩენთ უკრაინას, რამდენიც საჭირო იქნება"
უახლოეს დღეებში ვაშინგტონი გამოაცხადებს უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარებას, რომელიც შეიარაღების, მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადრიდში ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ იმდენ დახმარებას აღმოვუჩენთ უკრაინას, რამდენიც მისთვის იქნება საჭირო", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის მაღალ ფასს გადაიხდის და ომი უკრაინის დამარცხებით არ დასრულდება.
უსინათლოთა პროტესტი - რატომ შიმშილობენ უსინათლოთა კავშირში?
1 ივლისს მესამე დღე ხდება, რაც უსინათლოთა კავშირის სამი წევრი ბოჭორმის 23 ნომერში, უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის სამდივნოში შიმშილობს. გიორგი ენუქიძე, ლელა და ცირა ვეფხვაძეები სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების აღდგენას მოითხოვენ.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, სავარაუდოდ, უკანონოდ გასხვისებული ქონების თაობაზე დროულ და ეფექტიან გამოძიებას. მოშიმშილეების მესამე მოთხოვნა უსინათლოთა კავშირის წესდების ცვლილებაა, რომელიც თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება.
პროტესტის უკიდურეს ფორმას გიორგიმ, ლელამ და ცირამ მას შემდეგ მიმართეს, რაც 29 ივნისს ჩაიშალა უსინათლოთა კავშირში დანიშნული ყრილობა, სადაც კავშირის წევრები ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვდნენ.
გიორგი ენუქიძე უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილეა. ის უსინათლოთა კავშირის იმ 13 თანამშრომელს შორისაა, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
დეტალები უსინათლოთა პროტესტისა და მათი მოთხოვნების შესახებ წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
საირხის განძი ყუთებში, ბალიჭის სარკოფაგი ფიცრულში - რატომ ქრებიან ექსპონატები გამოფენებიდან?
თბილისში, ჯანაშიას მუზეუმში არქეოლოგიური საგანძურის გამოფენის ორი ვიტრინა ნახევრად ცარიელია. 2022 წლის მარტში საირხის ოქროს ნივთები ექსპოზიციიდან ჩამოხსნეს, ყუთებში ჩააწყვეს და ხელოვნების მუზეუმის შენობაში გადაიტანეს. ნახევრად ცარიელ ვიტრინებში ჯერაც წერია ინფორმაცია იმ არტეფაქტებზე, რაც აქ წლების განმავლობაში იყო გამოფენილი. მარტშივე დაიშალა კიდევ ერთი ექსპოზიცია ახლად გახსნილ ბოლნისის მუზეუმში. აქედან ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაბრუნდა ქვის სარკოფაგი და ხის დედაბოძი. ექსპოზიცია იქაც არაფრით შეუვსიათ და დამთვალიერებლებს ცარიელი ადგილები ხვდება.
მიზეზი “ყველა გატანილი ექსპონატის” იმ მუზეუმის ფონდში დაბრუნებაა, რომელსაც ეს ნივთები “აწერია”. კულტურის მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა საჯარო განცხადებებში, რომ კულტურული საგანძური მუზეუმს უნდა დაუბრუნდეს.
“არაერთი წლის განმავლობაში, ექსპონატის მუზეუმში დაუბრუნებლობა მისი დაკარგვის რეალურ საფრთხეს ქმნის. ჩვენ კი, კანონი პირდაპირ გვავალებს ამ ექსპონატებზე ზრუნვასა და მათი მომავალი თაობებისათვის გადაცემას“, - თქვა თეა წულუკიანმა 2021 წლის 9 დეკემბერს.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნიდან, მისი გენერალური დირექტორის მტკიცებით, იქიდან არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა, მინისტრი მაინც ხშირად ლაპარაკობს “მუზეუმის გამოშიგვნაზე”. მისი განცხადებებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მუზეუმებში ექსპონატების დაბრუნებით “გამოშიგვნის” პროცესი ჩერდება.
მუზეუმებიდან ექსპონატების გადაცემა გამოფენებისთვის მიღებული პრაქტიკაა. სწორედ ამგვარი თანამშრომლობის შედეგად მოხვდა 2019 წელს ბრიტანეთის მუზეუმში დაცული მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით 4 თვით ეროვნული მუზეუმის გამოფენაზე.
წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.
კოკო როინიშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და რეჟისორია. დღეს ის მეგობრებთან ერთად ახალ თეატრს აშენებს. „ქალაქის თეატრი“ ერქმევა ახალ სახელოვნებო სივრცეს, რომელმაც, როგორც ჩვენი გმირი ამბობს, მაყურებელი უნდა გამოაცოცხლოს... და შეიძლება გააბრაზოს კიდეც.
კოკო ამბობს, რომ ყოველთვის გრძნობდა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ცნობილი მსახიობის, გია როინიშვილის და მომღერლის, თამარ ჭოხონელიძის შვილია. გვიამბობს დედაზე, რომელმაც უამრავი თაყვანისმცემელი მოიმდურა მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობაზე.
როგორ დაიცვეს მაშინ შვილებმა დედა? რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მომღერალმა, რომელსაც ამის შემდეგ ტაძარში გალობაც კი აუკრძალეს?