ხელისუფლების მხარდამჭერები, ზოგან კი ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები შეხვედრების ჩაშლას და მოძრაობის წევრების დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
რა ხდებოდა დღეს იქ, სადაც სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ? რადიო თავისუფლებამ ამბები საქართველოს მასშტაბით შეაგროვა.
თბილისი
როცა სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები დედაენის ბაღში სტუდენტებს ხვდებოდნენ, ერთ-ერთმა დამსწრე ქალმა სიტყვა ითხოვა. თუმცა კითხვის დასმის ნაცვლად, მან იმის კრიტიკა დაიწყო, რასაც "ფორბსის" რედაქტორი და აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი ევროინტეგრაციაზე ამბობდა. როცა მასთან ერთად კიდევ ერთმა ქალმა ხელისუფლების დაცვა და ოპოზიციის კრიტიკა დაიწყო, დაცვა მათსა და შეხვედრის მონაწილეებს შორის ჩადგა.
"ომის პარტიას სურს არეულობა", "კანდიდატობა ვერ მივიღეთ გეოგრაფიული მდებარეობის გამო", "ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არაა, ოლიგარქი მამუკა ხაზარაძეა", - ამ ფრაზებს იმეორებდა შეხვედრაზე მისული რამდენიმე ადამიანი.
ჟურნალისტს კითხვაზე: "ვინმემ დაგავალათ აქ მოსვლა?", ქალმა უპასუხა: "ბაღში ვიჯექი, შემომესმა ჩხუბი [და ამიტომ მოვედი]... კითხვა მაქვს იმ ახალგაზრდასთან, რატომ არის ამ მთავრობით უკმაყოფილო, ვითომ იმ მოტივით, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი... ხომ მოგვცეს გონივრული ვადა? გავაკეთებთ, გავაკეთებთ... ხომ უნდა აცალო მთავრობას, ადამიანო?! ასოცირება შემოიღეს, ვიზალიბერალიზაცია შემოიღეს, მართალია, კანდიდატობა ვერ მივიღეთ გეოგრაფიული მდებარეობის გულისთვის, ვითომ, ომი რომ გაგვეჩაღებინა, როგორც ამ ახალგაზრდებს უნდათ, კარგი იქნებოდა?! კულუარულად რომ დაძვრებოდნენ [ოპოზიციონერები], საქმე გააფუჭეს, ახლა გამოვიდნენ პარტიოტები?!"
ქალებს მალევე შეხვედრის ჩაშლის მომხრე კაცებიც შეუერთდნენ, რომლებიც უმეტესწილად იგინებოდნენ.
"ბიძინას ფული აქვსო, რომ იძახით, საქართველოში იშოვა?.. არ არის, ძმაო [ოლიგარქი]", - თქვა ერთ-ერთმა კაცმა, რომლის აზრი გვერდიდან მეორემ გააგრძელა: "ხაზარაძე ნაკლები ოლიგარქია, ხალხი რომ გაასახლა?"
იქ მისულ 15-მდე ადამიანს აქტივისტებისა და სტუდენტებისგან კერძო დაცვის სამსახური და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები ყოფდნენ. ხმაურის და აყალმაყალის მიუხედავად, შეხვედრა არ ჩაიშალა.
მანამდე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივი კორპუსის" შესასვლელთან მდგარ სტუდენტებს შეუშალეს ხელი 3 ივლისის აქციაზე მისაწვევი ბუკლეტების დარიგებაში.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და ვიქნები ყოველთვის..."ქართული ოცნების" მხარდამჭერს არ მაქვს პროტესტის უფლება... ჩემს პროტესტს გამოვხატავ, შენ რომ მიდგახარ და 3 ივლისს აქციას მიტარებ, პროტესტის უფლება არ მაქვს? არ მომწონს, აი, ამას რომ არიგებ [ბუკლეტებს]", - უთხრა ერთ-ერთ აქტივისტს კაცმა, რომელიც ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერად გაეცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნივერსიტეტთან მომხდარ ძალადობის საქმეზე გამოძიება საღამოს დაიწყო. უწყება მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს.
ზუგდიდი
ინციდენტი მოხდა ზუგდიდშიც. დადიანების ეზოში შეკრებილ მოქალაქეებთან და მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წევრებთან "ქართული ოცნების" აქტივისტები მივიდნენ. შეკრებილებს უყვიროდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყვნენ მართული, რასაც სიტყვიერი და ფიზკური დაპირისპირება მოჰყვა.
მოძრაობის წევრმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ თქვა, რომ დღეს მმართველ გუნდთან აფილირებულმა ადამიანებმა შეხვედრის ჩაშლა არაერთხელ სცადეს.
"ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვხვდებით მოსახლეობას და თან გვახლდა ის ხალხი, ვინც ცდილობდა შეხლა-შემოხლის მოწყობას, რაც დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. მოძრაობამ უკვე გაავრცელა განცხადება და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე მმართველ პარტიას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად", - განაცხადა არჩილ თოდუამ.
მიუხედავად დაპირისპირებებისა, ხელისუფლების ოპონენტებმა ზუგდიდში დაგეგმილი შეხვედრები მაინც ჩაატარეს.
მეორე დღეა, რაც მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლები ზუგდიდში შეხვედრებს მართავენ. მოქალაქეებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები, მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, მასწავლებელი ლადო აფხაზავა და "ფორმულა კრეატივის" დამფუძნებელი ირაკლი საღინაძე ხვდებიან.
ისინი მათ 3 ივლისს, თბილისში დაგეგმილი აქციის წინ, ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე ესაუბრებიან.
გორი
გორის ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, პარტია "ლელოს" ლიდერს, პოლიტიკოს ბადრი ჯაფარიძეს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის, განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელმა, ვოვა ჯანეზაშვილმა მწვანილი ესროლა. ჯანეზაშვილი პოლიციამ ადგილიდან განარიდა.
გორში ჯაფარიძე თანაგუნდელებთან - ფიქრია ჩიხრაძესთან, ლევან სამუშიასთან, საბა ბუაძესა და ლანა გალდავასთან ერთად ჩავიდა. აქაც, პოლიტიკოსებმა მოქალაქეები 3 ივლისის აქციაზე მიიწვიეს.
ხონი
ხონში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ხელისუფლების მხარდამჭერები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ფლაერების დარიგებისას.
"არ აცლით და რაფერ გააკეთებს? არ შვებით. შვებას არ აძლევთ ხელისუფლებას"; "თქვენ ხართ პოლიტიკური პარტია - ასრულებთ "ნაციონალური მოძრაობის" დავალებას"; "სამოქალაქო საზოგადოება ვართ ჩვენ, თქვენ ცოტა აცდენილები ხართ", - ეუბნებოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოქალაქეები, რომლებიც მათ ფლაერების დარიგებაში უშლიდნენ ხელს.
იმერეთში მოსახლეობასთან შესახვედრად დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე და ტელეწამყვანი ირაკლი ვახტანგიშვილი იყვნენ ჩასული.
თელავი
ჩხუბი იყო დღეს თელავის ისტორიულ მუზეუმთან. მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდნენ, პარტიების, "ქართული ოცნებისა" და პრორუსული "კონსერვატიული მოძრაობის" წევრები დახვდნენ.
მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლები მუზეუმში არ შეუშვეს. მუზეუმი ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე, გალავანს შიგნით მდებარეობს.
მოძრაობის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობდნენ "ქართული ოცნებიდან" თელავის საკრებულოს წევრები - ლევან კოჭლოშვილი და ალექსანდრე შათირიშვილი.
კოჭლოშვილს საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია.
მისი თქმით, პროტესტის მიზეზი „ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეფეზე გაკეთებული დამამცირებელი განცხადებაა, რითაც კახელებს და სრულიად ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენეს“.
"თქვენი მხარდამჭერი ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას და თქვენ გინდათ ახლა მუზეუმში შესვლა? მითხარით, რომ გმობთ ბერძენიშვილის გამოსვლას, რატომ არ ამბობთ? თქვენი კურსი არის ამორალური. იტყუებით და გაიძახით, რომ ხელისუფლებას საქართველოს ევროკავშირში შესვლა არ უნდა", - მიმართა კოჭლოშვილმა ალექსი პეტრიაშვილს, მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომადგენელს.
ალექსანდრე შათირიშვილი თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ისიც მეფე ერეკლეს სასახლის ჭიშკართან იდგა და მოძრაობის წევრებს მუზეუმში შესვლის უფლება არ მისცა.
„ეს ხელისუფლება ჩვენ არჩეული გვყავს და რატომ გვიზღუდავთ?... მილიონმა კაცმა მივეცით ხმა. ევროკავშირში მეც მინდა, რომ შევიდეთ, მაგრამ რითი? მთავრობა გადავაყენოთ და ასე?" - მიმართა შათირიშვილმა მწერალ ლაშა ბუღაძეს.
მოგვიანებით, სახალხო მოძრაობის წევრები მუზეუმიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე სკვერში შეიკრიბნენ და მოსახლეობის ნაწილს შეხვდნენ.
ასევე ნახეთ პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არ უნდა უკვირდეს, რომ მოქალაქეები უპირისპირდებიანგუშინ, 29 ივნისს, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.
3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე კი, მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან მოძრაობის მოთხოვნებს: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.