გენერალი ზალუჟნი: ოკუპანტებმა ზმეინი დატოვეს, რადგან ვერ გაუძლეს უკრაინის არმიის დარტყმებს

კუნძულ ზმეინის სატელიტური ფოტო. 2022 წლის მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დატოვეს, რადგან ვერ გაუძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს.

გენერალი ზალუჟნი მადლობას უხდის ოდესის ოლქის დამცველებს, რომლებმაც მაქსიმალურ ზომებს მიმართეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის გასათავისუფლებლად. გენერალი განსაკუთრებულ მადლობას უხდის უკრაინული წარმოების თვითმავალი ჰაუბიცის, „ბოგდან“-ის მწარმოებლებს. გენშტაბის უფროსის განცხადებით, კუნძულის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ „ბოგდან“-მა შეასრულა. ზალუჟნი შესაბამისი საშუალებების მიწოდებისთვის მადლობას უხდის უცხოელ პარტნიორებსაც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც შეიცავს უკრაინელი სამხედროების მიერ ზმეინიზე, რუსი სამხედროების პოზიციებზე განხორციელებული შეტევების კადრებსაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გამოაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის კუნძულ ზმეინიზე „დაასრულეს დასახული ამოცანების შესრულება“ და იქ მყოფმა გარნიზონმა კუნძული დატოვა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა ამას უწოდა „კეთილი ნების ნაბიჯი“, რომლითაც „მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენეს, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს არ უშლის გაეროს ძალისხმევას, უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასატანად ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებისთვის“.

ასევე ნახეთ რუსეთი აცხადებს, რომ "კეთილი ნების" ნიშნად დატოვა უკრაინის კუნძული ზმეინი

ბოლო ხანს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზმეინიზე იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების პოზიციებზე, მათ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და სხვა ტექნიკაზე. 22 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ შეიარაღებული ძალების ოპერაცია გაგრძელდებოდა ზმეინის გათავისუფლებამდე.

დღეს, 30 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში ჩატარდა ოპერაციის კიდევ ერთი წარმატებული ეტაპი, რომლის შედეგად, მოწინააღმდეგემ ორი კატერით, "სასწრაფოდ განახორციელა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია".

რუსეთის სამხედრო ძალებმა შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი, რომელიც ოდესის ოლქში შედის, უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს.