"ქართული ოცნების" მხარდამჭერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივი კორპუსის" შესასვლელთან მდგარ სტუდენტებს, რომლებიც 3 ივლისის აქციაზე სხვა სტუდენტებს იწვევენ, ბუკლეტების დარიგებაში ხელს უშლიან. ისმოდა გინებაც და იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.
"მე მხარდამჭერი ვარ. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და ვიქნები ყოველთვის. გამოცდა მქონდა, გეტყვით ახლა... "ქართული ოცნების" მხარდამჭერს არ მაქვს პროტესტის უფლება, რას მეუბნები, ბიჭო?.. ჩემს პროტესტს გამოვხატავ, შენ რომ მიდგახარ და 3 ივლისს აქციას მიტარებ, პროტესტის უფლება არ მაქვს? არ მომწონს, აი, ამას რომ არიგებ [ბუკლეტებს]", - თქვა ნიკოლოზ მელიქიშვილმა, რომელიც მედიას "ქართული ოცნების" მხარდამჭერად გაეცნო. მან აღნიშნა, რომ საქართველოში არ არის კორუფცია და დაცულია სიტყვის თავისუფლება.
ნიკოლოზ მელიქიშვილის მსგავსად, უნივერსიტეტის ეზოში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას ხელს უშლიდნენ სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც ჟურნალისტებს თავს თსუს სტუდენტებად აცნობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ დღეს უნივერსიტეტში გამოცდის ჩასაბარებლად მივიდნენ.
უნივერსიტეტის შესასვლელთანაა პოლიციაც - ამ დრომდე არავინ არის დაკავებული.
გუშინ, 29 ივნისს, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
ასევე ნახეთ ოპოზიციის ლიდერებს რეგიონებში შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე კი, მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.
ასევე ნახეთ მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“, მთავარი მოთხოვნა: გადადგეს ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა