რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოში კი 20-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომლებიც თავს რუსულ დიასპორას უწოდებენ.
- არიან თუ არა ისინი რუსეთის "რბილი ძალის" ინსტრუმენტები საქართველოში?
"საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირმა" 20 ივნისს საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად რუსი ახალგაზრდებისთვის სემინარი დაიწყო სახელწოდებით "ახალგაზრდა სამართალმცოდნეები". შეხვედრაზე ჟურნალისტების გამოჩენისა და სემინარით დაინტერესების შემდეგ, მონაწილეებმა სასტუმრო დატოვეს. იმ დღეს სემინარი შეჩერდა, თუმცა გაგრძელდა დარჩენილი ორი დღე.
რა განიხილებოდა სემინარზე?
დღის წესრიგით სემინარი ეთნიკური უმცირესობების დაცვაზე მსჯელობით დაიწყო. ასევე, პროგრამის ერთ-ერთი თემა იყო "დიდი სამამულო ომის ფალსიფიცირებისა და ისტორიის გამრუდების მცდელობები".
ეს ნაწილი ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორს, გულბაათ რცხილაძეს მიჰყავდა. ევრაზიის ინსტიტუტი 2009 წელს გულბაათ რცხილაძემ და გიორგი ვეკუამ დააფუძნეს. IDFI-ის 2015 წლის კვლევის მიხედვით, "ევრაზიის ინსტიტუტის" მიერ დაფუძნებულია "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი" და "სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის".
ონლაინმედია სოვამ, რომელმაც სემინარზე დასწრება შეძლო, დაწერა, რომ ახალგაზრდებს ისტორიული მოვლენების კრემლისტურ ინტერპრეტაციას აცნობდნენ. "მთელი ლექციის განმავლობაში "ევრაზიის ფონდის" დირექტორი საუბრობდა საბჭოთა კავშირის დამსახურებაზე როგორც საქართველოს, ისე სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალი სხვა რესპუბლიკების გადარჩენაში", - წერს სოვა.
"მე ვამბობ, რომ შეიქმნა ანტიჰიტლერული კოალიცია, რომელშიც საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ შედიოდა. შემდეგ ეს კოალიცია დიდი ხნის განმავლობაში იზრდებოდა. ეს იყო 3 წამყვანი ძალა და საბჭოთა კავშირის წვლილი აღმოსავლეთის ფრონტზე, რომელიც ჩვენთვის იყო დიდი სამამულო ომი, გერმანიის დამარცხებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, ეს ვთქვი. შემდეგ ვამბობ: არ დაიჯეროთ, ბავშვებო, თუ საქართველოში ვრცელდება აზრი, რომელიც ამბობს, რომ თუ საბჭოთა კავშირს წაეგო ომი და ნაცისტურ გერმანიას გაემარჯვა, ეს საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა. ფაშიზმი დავგმე... იქ იყო [საუბარი], რომ ჩვენ უნდა შევინახოთ ხსოვნა ჩვენს გმირ წინაპრებზე, რომ ის მონუმენტი, რომელიც ვაკის პარკშია [უცნობი ჯარისკაცის საფლავი], შენარჩუნდეს როგორც ხსოვნა ჩვენს დიდ წინაპრებზე და არ უნდა განვადიდოთ ფაშიზმი", - უთხრა ევრაზიის ფონდის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ რადიო თავისუფლებას.
"უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდის" მიერ დაფინანსებული სემინარის მონაწილეებს რუსეთის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი პროგრამით სარგებლობისა და რუსეთის უნივერსიტეტებში უფასოდ ჩარცხვის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
ასევე ნახეთ პუტინის ჩუმი და ხმამაღალი მხარდამჭერები რუსეთში, საქართველოშირას წარმოადგენს "რუს ახალგაზრდათა კავშირი"
"რუს ახალგაზრდათა კავშირი" რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელია ალექსანდრ ბეჟენცევი, ამავე დროს "რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს" აღმასრულებელი მდივანი და "საქართველოს რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი". "სამართლებრივი დაცვის ცენტრს" "საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი" აფინანსებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მუშაობა 2012 წლის 1 იანვარს დაიწყო. ფონდის დამფუძნებლები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სააგენტო "როსსოტრუდნიჩესტვო".
"საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირი" რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად არის "რუსული სამყაროს" პარტნიორები საქართველოში და არიან პირდაპირი გამტარებლები რუსული რბილი ძალის. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი სპიკერი იყო გულბაათ რცხილაძე - ევრაზიული კავშირის ხელმძღვანელი, რომელიც ანტიდასავლური და კრემლისტური გზავნილებით გამოირჩევა. რცხილაძე დიდი ხნის განმავლობაში უწევდა ადვოკატირებას, რომ საქართველოში უკვდავი პოლკის მარში ჩატარებულიყო. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ფაქტების განსხვავებული ინტერპრეტაცია, ისტორიის გადაწერა და კონკრეტული აქტორების როლის გაზვიადება მოხდეს. მაგალითად, ფაშიზმის გამარჯვებაზე დასავლელი პარტნიორების როლის დაკნინება და ისე წარმოჩენა ხდება, თითქოს ამ ყველაფერში რუსეთი და საბჭოთა კავშირი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი ძალა, რომელმაც ამ შემთხვევაში წარმატებას მიაღწია", - ამბობს მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი სანდრო გიგაური.
მიუხედავად იმისა, რომ თავად უარყოფენ, მკვლევარს მიაჩნია, რომ მსგავს შეკრებებზე ანტიდასავლური და პრორუსული მესიჯები ისმის.
"საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის" მიერ ორგანიზებული "ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი" თბილისში 2018 წელსაც "გორჩაკოვის ფონდის" მხარდაჭერით უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა.
მაშინ "საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირში" თქვეს, რომ ფორუმის მომზადების პროცესში "ორგანიზატორების მიმართ არამოტივირებულ აგრესიას წააწყდნენ ცალკეული პირებისა და მედიის მხრიდან, რაც ღონისძიების ჩაშლისკენ იყო მიმართული". იგივე ორგანიზაცია ირწმუნებოდა, რომ მაშინ სოციალურ ქსელებში ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებოდნენ.
"გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბრძანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი კი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვია.
ასევე ნახეთ რუსეთის "ნათელი მომავალი" საქართველოსთან - რას ნიშნავს ეს დღესრას წარმოადგენს "რუსული კლუბი"?
"რუსული კლუბი" ოფიციალურად საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირია. საქართველოში ეს ორგანიზაცია 2003 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ სვენტიცკია, რომელიც გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური დირექტორია. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა კლუბს საქმიანობის მიზნებში უწერია.
"რუსული კლუბი" ყოველთვიურ ჟურნალსაც გამოსცემს, რომლის ერთ-ერთ სპონსორად ფონდ "რუსული სამყაროსა" და ვითიბი ბანკის გარდა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი "ქართუც" იყო მითითებული. "რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს" ერთ-ერთი სპონსორიც "რუსული კლუბია".
ისინი თეატრალურ და რუსულ-ქართულ საერთაშორისო ფესტივალებს ძირითადად ურეკში, შეკვეთილსა და გრიგოლეთში მართავენ.
ასევე ნახეთ „რუსკი კლუბი“: დიახ, ფონდი „ქართუ“, წლებია, გვეხმარებარას საქმიანობს "რუსსკი მირ" [რუსული სამყარო]?
ფონდი "რუსული სამყარო" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანების საფუძველზე 2007 წელს შეიქმნა. ფონდის ვებსაიტზე წერია, რომ ორგანიზაციის მიზანი "თანამედროვე მსოფლიოში რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაა". მის მმართველობით რგოლებში რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, დამფუძნებლებლად კი მითითებულია: რუსეთის საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
MDF-ის კვლევის თანახმად, "რუსული სამყაროს" პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში ძირითადად კრემლის ისეთი პოლიტიკური პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, როგორიცაა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით რუსული "უკვდავი პოლკის" ქართული "დანაყოფის" მსვლელობა, "გეორგიევსკის ლენტების" დარიგება სხვადასხვა ქალაქში, "აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან გათავისუფლებასთან" დაკავშირებული ღონისძიებები და სხვა.
ამასთან, ფონდ "რუსული სამყაროს" საგანმანათლებლო-კულტურული აქტივობები ძირითადად რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობას, რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების ორგანიზებას, კულტურული და ლიტერატურული საღამოებისა და კონფერენციების ორგანიზებას, ჟურნალ-გაზეთების გამოცემასა და სხვა ღონისძიებებს აერთიანებს.
მაგალითად, რუსი სცენარისტების გაერთიანებამ "რუსული სამყაროს" მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელსაც "რუსები და ქართველები ჰქვია". ევგენი კოჟოკინის დოკუმენტური ფილმი ერთმორწმუნეობაზე აქცენტირებით იწყება. ფილმში ასევე საუბარია, რომ საქართველოში ახლა არ არის ბევრი რუსი, რომლებიც ბიზნესში, პოლიტიკაში ან მედიაში ჩანან. ფილმის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსები ძირითადად ძეგლებზე, წიგნებსა და ისტორიულ ადგილებში "შემორჩნენ", ერთეული გამონაკლისები კი ხელოვნებაში მოღვაწე რუსები არიან.
"რბილი ძალა კონკრეტული ტაქტიკით მოქმედებს, რომ კონკრეტული ან ქვეყანა, ან ფაქტი აუდიტორიისთვის მომხიბვლელად და სასურველად წარმოაჩინოს. ცდილობს, რომ ერთი მხრივ დააკნინოს სხვა ალტერნატივა, რაც არსებობს და იმის დაკნინების ხარჯზე სხვა ალტერნატივა შესთავაზოს. ზოგადად, რუსული პროპაგანდა და რუსული რბილი ძალა, პირველ რიგში, საზოგადოებაში შიშებს თესავს და მერე ამ შიშების კულტივირებას, ინსტრუმენტალიზაციას ახდენს. თუნდაც ის მტკიცება, რომ დასავლეთი, მაგალითად, ლგბტ დღის წესრიგის გამტარებელია და საქართველოსთვის ლგბტ დღის წესრიგის თავს მოხვევას ისახავს მიზნად და ამ დროს შემოგვთავაზოს ალტერნატივა რუსეთის სახით", - ამბობს სანდრო გიგაური.
ასევე ნახეთ თბილისში ჩაიშალა "საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის" მიერ ორგანიზებული სემინარიჩვენი მრავალი მცდელობის მიუხედავად, ალექსანდრ ბეჟენცევი რადიო თავისუფლებასთან კონტაქტზე არ გამოვიდა. თუმცა 20 ივნისს, სემინარის ჩაშლის დღეს მან გვითხრა, რომ სემინარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აფინანსებდა და არც პროპაგანდას ეწეოდნენ.
"გვაფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაცია "უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდი", ვინ აფინანსებს ამ ფონდს, არ ვიცი, ალბათ, სახელმწიფო, არ აქვს მნიშვნელობა. არავითარი პოლიტიკური საკითხები აქ არ დასმულა. უნდა გველაპარაკა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე, უპირატესად ევროპულ სტანდარტებზე. ასევე, ჩვენი დიასპორის მდგომარეობაზე, არავითარ პოლიტიკაზე ლაპარაკი არ ყოფილა", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.