რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრემენჩუკზე სარაკეტო დარტყმა აღიარა

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის ნანგრევები. 2022 წლის 28 ივნისი

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა 27 ივნისს, პოლტავის რაიონის ქალაქ კრემენჩუკზე განხორციელებული საავიაციო იერიში, რომლის სამიზნეს წარმოადგენდა კრემენჩუკის "საგზაო მანქანების ქარხანა", სადაც რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებიდან მიღებული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები ინახება.

"ზეზუსტი დარტყმის შედეგად განადგურებულია დონბასში უკრაინის ჯარებისთვის გასაგზავნად საწყობის ტერიტორიაზე კონცენტრირებული დასავლური წარმოების იარაღის საბრძოლო მასალა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ "ტელეგრამის" არხით გავრცელებულ ცნობაში.

რაც შეეხება კრემენჩუკის სავაჭროს ცენტში მომხდარ ხანძარსა და აფეთქებას, რუსეთის სამხედრო უწყების ვერსიით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი დასავლური საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია.

ოფიციალურ ცნობაში არაფერია ნათქვამი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვაზე და არ არის გამოთქმული მწუხარება.

უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის მერმა 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 27 ივნისს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

ასევე ნახეთ უკრაინის ქალაქ კრემენჩუკში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა


28 ივნისის დილის მონაცემებით, დაიღუპა 18 ადამიანი. 36 დაკარგულად ითვლება. სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმას ტერაქტი უწოდა. ზელენსკის განცხადებით, ეს იყო არა შეცდომა, არამედ რუსეთის მიერ გათვლილი ქმედება.