საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიციირებული თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებული ვერსიით მიიღო ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 24 ივნისს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძვლად დასახელებულია ბათუმში, მრავალბინიანი ავარიული შენობების დემონტაჟის აუცილებლობა და დეველოპერული კომპანიების მონაწილეობით, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით მათი შეცვლა. ამ ეტაპზე საუბარია 118 ავარიულ სახლზე.
განსხვავებით კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიისგან, რომელსაც მოწინააღმდეგეები ჰყავდა როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში, ისე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში, ბათუმის მერი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს და პროცესში ჩართული იქნებიან მერიის სათათბირო ორგანო და საკრებულო. მერი ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების მიზნით, საკრებულოს მიმართავს, თუ პროექტს ექნება სათათბირო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაცია.
მთავრობის მიერ ინიციირებული თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა ცვლილების შეტანას კანონშიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ავარიული სახლის რომელიმე მცხოვრები არ დათანხმდებოდა კორპუსის დანგრევას, საკუთრებას კანონის ძალით ჩამოართმევდნენ. პარლამენტში გამოთქმული უარყოფითი პოზიციების გამო, მთავრობამ ეს ცვლილება საერთოდ გაიწვია.
ნიშნავს თუ არა თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით გაუმჯობესებული ვარიანტის მიღება იმას, რომ პოტენციური საფრთხეები აღკვეთილია?
ასევე ნახეთ „ბულვარის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა“აბსოლუტური ქაოსი და უკანონობა აღარ იქნება, მაგრამ...
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ბათუმის მერს ეძლეოდა უფლება, ერთპიროვნულად გადაეწყვიტა სამშენებლო პროექტის მასშტაბი და გაეზარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (K2), რასაც სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევდნენ და ცვლილებას კანონის ჩარჩოებიდან გასვლად აფასებდნენ. პარლამენტის მიერ მიღებული საბოლოო ვარიანტით, მერს ჯერ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაცია, შემდეგ კი, საკრებულოს თანხმობა დასჭირდება.
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, პროფესორ გია რამიშვილის შეფასებით, განსხვავებით თავდაპირველი ვარიანტისგან, რომელიც ფაქტობრივად, კანონის გაუქმების ტოლფასი იყო, საბოლოო რედაქცია მართალია, ტოვებს რეგულაციის ნაწილს, თუმცა ბევრი რამ მაინც ბუნდოვანია: „ხელაღებით ყველა რეგულაციაზე უარს აღარ ამბობენ. მინიმალურ რეგულაციებს და ჩარჩოებს ტოვებენ. აბსოლუტური ქაოსი და უკანონობა არ იქნება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. პირველი ვერსია ქადაგებდა აბსოლუტურ უკანონობას, რადგან ქალაქის მერი ამბობდა, მე მაქვს პრობლემა და რომ მოვხსნა ეს პრობლემა, კანონები გამიუქმეთ. ანუ კანონს გარეთ გადიოდა. ახლა რა ჩარჩოებს უწესებენ, ეს არის დასადგენი. ამ დეტალებშია ყველაზე მთავარი“.
ასევე ნახეთ ბათუმი - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო ქალაქი, თუ ანტისოციალური საქმიანობის ადგილირატომ იწვევს უნდობლობას სათათბირო საბჭო ჯერ კიდევ მის შექმნამდე
არქიტექტორი გია რამიშვილი 4 წლის განმავლობაში იყო ბათუმის მერის მრჩეველი და როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, მას მხოლოდ ერთხელ შეხვდა და რჩევაც მხოლოდ ერთხელ ჰკითხეს. გია რამიშვილი მიიჩნევს, რომ სათათბირო ორგანო ნაკლებად იმუშავებს, რადგან ბათუმს გამოცდილი აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არსებული სხვადასხვა სათათბირო საბჭოს თუ მიწვეული მრჩევლების მუშაობის პრაქტიკა ბოლო 20 წლის განმავლობაში:
„რეალურად საკითხს ვერ წყვეტენ, იმიტომ, რომ ფორმალურად ხდება საბჭოების მოწვევა. ასევე, გააჩნია დაკომპლექტების წესს და იმას, თუ რამდენად ჩართავენ პროფესიონალებს, ექნებათ თუ არა ნდობა და რამდენად ექვემდებარებიან გავლენებს“.
არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ნათია აფხაზავა ამბობს, რომ ბათუმის მერიასა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული თუ აჭარის მთავრობის ინიციატივით შექმნილი საბჭოები დაკომპლექტებულია მხოლოდ საჯარო მოხელეებით და ინტერესთა კონფლიქტის მქონე პირებით და არა დარგის სპეციალისტებით. ამ საბჭოებს არაერთხელ მიუღიათ ქალაქის სწორი ურბანული განვითარების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ხშირად გამოუწვევია საპროტესტო აქციები და სასამართლო დავებიც.
ნათია აფხაზავას თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ახალ სათათბირო საბჭოში იქნებიან ექსპერტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ახლა საბრძოლველი გვაქვს, რომ საკრებულომ მიიღოს ისეთი წესი, რომ უფრო მეტი გარანტია იყოს მონაწილეობის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნათია აფხაზავამ. მისი შეფასებით, კანონპროექტშივე უნდა ყოფილიყო ჩადებული საბჭოს შემადგენლობის და კვოტების პრინციპი იმგვარად, რომ უმრავლესობაში დარგის ექსპერტები ყოფილიყვნენ.
ბათუმში აქვთ გამოცდილებაც, როცა საბჭოში ზოგიერთი წევრის ყოფნა ხელისუფლებისთვის არასასურველი ხდება. 2021 წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს განახლებულ შემადგენლობაში ვეღარ მოხვდნენ კულტურული მემკვიდრეობის დამცველი საზოგადოების, „ბათომის“ წარმომადგენლები ნინო ინაიშვილი და შოთა გუჯაბიძე, რომლებიც საბჭოში ყოფნისას ეწინააღმდეგებოდნენ ბათუმის ძველ ბულვარში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას.
ასევე ნახეთ ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში სახლების მშენებლობის განზრახვას უარყოფს - რატომ არ სჯერათ მისი?პოტენციური უმართავი ქაოსის და კორუფციის რისკი
საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, არქეოლოგი ნინო ინაიშვილი პარლამენტის მიერ 24 ივნისს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში საფრთხეს ხედავს და ბათუმში ქაოსური განაშენიანების მხრივ არსებული ისედაც მძიმე ვითარების გაუარესებას მოელის. ნინო ინაიშვილი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბათუმს არ გააჩნია დამცავი ზონა და გენერალური გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია:
„გაგიგიათ, რომ ამ ცვლილებების განხილვა ყოფილიყოს ქალაქში? ან გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს, ან ვინმე სპეციალისტს ჰკითხეს? არა! არც ვიცით, ვინ იყო ამაში ჩართული და ნაჩქარევად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მივიღებთ უფრო დიდ საშინელებას, ქაოსს, რომლის მართვა შემდეგ იქნება შეუძლებელი. რატომ არ შეიძლება, რომ კარგად, სწორად და კანონიერად გაკეთდეს ყველაფერი?! რატომ შექმნეს ასეთი ფორს-მაჟორი? ფულის კეთების საშუალებაა. აქ ვხედავ ძალიან დიდ კორუფციულ რისკებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ინაიშვილმა.
საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგება ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული დაცვის ზონა, რადგან ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი ძველი ბათუმია და, როგორც ნინო ინაიშვილი ამბობს, „ისტორიული განაშენიანების ზონაში ქვას ქვაზე არ დატოვებენ“.