ბიძინას ჟელე

ირაკლი ღარიბაშვილი - ხისტი და დესტრუქციული პარლამენტის ტრიბუნასთან, ორიოდ დღეში კი, იგივე ირაკლი ღარიბაშვილი - მშვიდი და კონსტრუქციული კრიტიკულ მედიასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამგვარი კონტრასტულობა სრულად ასახავს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი „ქართული ოცნების“ ბუნებას, მის როგორც შინაარსს, ასევე გარეგან, მექანიკურ თვისებებს.

სიჭრელე, ამბივალენტურობა, ეკლექტიკურობა და ელასტიკურობა - „ქართული ოცნების“ ყველაზე თვალშისაცემი, ერთგვარად საფირმო, ბრენდული ნიშანია. 10 წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პარტიების კოალიციას „ქართულ ოცნებას“ ქმნიდა, ეს სიჭრელე და ეკლექტიკურობა ერთმანეთთან დაუკავშირებელი, შეიძლება ითქვას, ერთმანეთის გამომრიცხავი პოლიტიკური იდეოლოგების სინთეზში გამოიხატა.

ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო კოალიციის წევრი?

ამ კითხვის პასუხი, ფაქტობრივად კი, კოალიციის ფორმულა, თავად ივანიშვილმა ჩამოაყალიბა:

შუა უნდა გაიკრიფოს... ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ - სააკაშვილს. ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება“.

სწორედ ამ ფორმულით შეიძინეს ერთი სხეული კონსერვატორებმა და ლიბერალებმა, ტრადიციონალისტებმა და მწვანეებმა, სოციალ-დემოკრატებმა და ევროპელმა-დემოკრატებმა, მონარქისტებმა და ანარქისტებმა, რუსეთუმეებმა და მედასავლეთეებმა, ქსენოფობებმა და კოსმოპოლიტებმა...

ამგვარი, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან შეუთავსებელი პარტიებისა და მსოფლმხედველობების გაერთიანებით, ივანიშვილმა კოალიციის სუბიექტთა პარციალური რეიტინგები შეკრება და, შესაბამისად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება შეძლო. კოალიცია უკვე იყო ადრეული მაგნიტური ჟელე - იგივე პრეტყლარწი (წინარე ტყლარწი), რომელიც, სიჭრელის გარდა, ასევე წარმატებით იტანდა როგორც ძველი კომპონენტების დაკარგვას, ასევე ახლების დამატებას, თუმცა ნამდვილი, კლასიკური ტყლარწი (jelly clay თუ slime toy) ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის დაშლისა და პარტია „ქართული ოცნების“ გაძლიერების შემდეგ შექმნა.

რა არსებითი განსხვავებაა დღევანდელ და პრეტყლარწს შორის?

პრეტყლარწი ორგანული ნივთიერებების - პარტიებისგან შედგებოდა (სიცოცხლის ნიშნებით და სათანადო წინააღმდეგობის უნარით), მაშინ როცა დღევანდელი ტყლარწი „არაორგანული ნივთიერებების“ - უძალო, უავტორიტეტო, მორჩილი და, ხშირ შემთხვევაში უბიოგრაფიო, შემთხვევითი პოლიტიკური არსებების ნაერთია, ისევე, როგორც jelly clay თუ slime toy შედგება მექანიკურად ერთმანეთში გადაზელილი თხევადი წებოსგან, ლოსიონისგან, ჭურჭლის სარეცხი ჟელესგან, საღებავისგან, სარეცხი სითხისგან, კბილის პასტისგან, წყლისგან, სახამებლისგან და ა.შ.

მაგნიტური ჟელეს ბუნება ასეთია: თუ მიაწვები, შეიჭყლიტება; თუ ზეწოლას შეამცირებ, ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება; თუ გამოქაჩავ - მაქსიმალურად გამოიწელება, ძნელად მოწყდება ნაწილი მთელს, მაგრამ თუ მოწყდება, არც ეგ იქნება პრობლემა, რადგან იოლად შეივსება დანაკლისი ახალი კომპონენტებით.

განა, „ქართული ოცნების“ ბუნებაც ასეთი არ არის?

  • სხვა რით აიხსნება გავრილოვის ღამეს „ოცნების“ ჯერ მედგარი გაჯიუტება, აქციის მონაწილეების დასახიჩრება, შემდეგ კი დათმობა: პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება, მაგრამ ზეწოლის შემცირების შემდეგ კვლავ ძველ მდგომარეობაში დაბრუნება - პროპორციულის უკან წაღება, კობახიძის კი მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე აღზევება?
  • 2018 წელს საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ჯერ გადადგომა და ორი წლის შემდეგ მისი გენერალურ პროკურორად დაბრუნება?
  • შარლ მიშელის დოკუმენტზე ჯერ ხელის მოწერა, შემდეგ კი ხელმოწერის გაუქმება?
  • დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმის ჯერ ჯიუტად არგამოძიება, შემდეგ კი დამნაშავეების დასჯა?
  • „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირთა გაშვებისა თუ გადადგომის ნულოვანი ეფექტი? „ქართულმა ოცნებამ“ იოლად შეივსო თავისი ძირძველი წევრების ეკა ბესელიას, თამარ ჩუგოშვილის, გედევან ფოფხაძის და სხვათა დემარშები; „ქართულ ოცნებას“ საგრძნობი კვალი ვერ დაამჩნია ვერც პრეზიდენტ მარგველაშვილის „ხასიათის გამოვლინებამ“ და ვერც პრემიერ-მინისტრების მოხსნამ თუ გადადგომამ, - ბიძინა ივანიშვილმა იოლად ჩაანაცვლა თითოეული მათგანი სხვა, მსგავსი თვისების მქონე „კომპონენტებით“.

ტყლარწის კიდევ ერთი თვისება, რომელიც ასევე უდავოდ აქვს „ქართულ ოცნებას“, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაწელვის უნარია, რაც ბევრ გამოუცდელ დამკვირვებელს აბნევს და ორიენტაციას უკარგავს, რადგან, მყარი სხეულისგან განსხვავებით, ამ სათამაშო, და ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ჟელეს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მომართულებით მოძრაობა: მაგალითად, შექმნას დასავლეთისკენ გაწელვის იმიტაცია, მაგრამ, სინამდვილეში, ჩრდილოეთისკენ წავიდეს...

ყველა ეს თვისება უკვე გამოვლენილი აქვს „ქართულ ოცნებას“, 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილის შერბილებული ტონი და კონსტრუქციული ქცევა მიანიშნებს, რომ ამ თვისებებს „ქართული ოცნება“ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში კიდევ არაერთხელ გამოავლენს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის საოცნებო სტატუსის ვერმიღებით გამოწვეული პროტესტის მუხტი და ენერგია.

როგორც უნდა იყოს, არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ საკუთრივ ტყლარწთან თამაში, თუ ბრძოლა არსებით შედეგს გამოიღებს - ის შეიკუმშება, გაიწელება, შეიძლება მნიშვნელოვანი ნაწილიც კი დაკარგოს (მაგალითად, გადადგეს საგარეო საქმეთა მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი), მაგრამ ტყლარწი მაინც ტყლარწად დარჩება, რადგან თავისთავად სათამაშოსთან ბრძოლა აზრს მოკლებულია, მთავარი ხომ ისაა, თუ ვის უჭირავს ხელში სათამაშო ჟელე და ვინ ზრუნავს მასში ახალ-ახალი კომპონენტების - გვარ-სახელების მქონე წებოების, სარეცხი ჟელეების, საღებავების, სარეცხი სითხეების, კბილის პასტებისა და ლოსიონების დამატებაზე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.