მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ზოგმა გადაწყვიტა, ჯავრი რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე ეყარა. რომ იკითხავდნენ, აქა და აქ როგორ მივიდეო, სულ სხვა მხარეს მიასწავლიდნენ ხოლმე. რუსთაველის კაფეში თუ მიდიოდა, სადმე ელიას მთაზე გაუშვებდნენ, თუ საბურთალოზე - ორთაჭალაში.
ეს რატომ გამახსენდა, რამდენიმე თვის წინ თბილისში ტრანსპორტის მარშრუტები თავისი ნომრებიანად ისე შეცვალეს, ხალხი დილით სამსახურს ვერ აგნებდა, საღამოს - სახლს. გზააბნეულების დასახმარებლად თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ (TTC) ნავიგატორი შექმნა. მასში შეტანილია თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები, განრიგები, რუკები და საერთოდ ყველაფერი, რამაც ადამიანი ერთი პუნქტიდან მეორემდე უნდა მიიყვანოს. მაგრამ როგორ მუშაობს ეს აპლიკაცია სინამდვილეში? აი, ზუსტად ისე, როგორც რუსეთზე გაბრაზებული ქართველი - სადაც არაფერი გესაქმება, ზუსტად იქ გაგზავნის.
პირველი პრობლემა, რომელიც აპლიკაციის ტელეფონში ჩამოწერის შემდეგ გექმნება, მისი გაცნობაა. ინფორმაციის დიდი ნაწილი წვრილი შრიფტით არის დაწერილი და არ დიდდება. ანუ ასაკოვანი ხალხი, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე ხშირი მომხმარებლები არიან, უსათვალოდ ვერაფერს გაიგებენ. გაძეძგილ ავტობუსში სათვალის ამოღება კი ცალკე დისკომფორტია. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსამდე მიაღწიე.
შეიძლება ვერ მიაღწიო? კი, შეიძლება! როდესაც ნავიგატორით მგზავრობას გეგმავ, პირველი პრობლემა ზუსტად ისაა, რომ ვერ ხვდები, როგორ მიუთითო პროგრამაში ის მისამართი, სადაც მისვლა გინდა.
გადავწყვიტე, აპლიკაციის ვარგისიანობა შემემოწმებინა, ერთ-ორ ადგილას მისი გამოყენებით ვცადე მისვლა. ჯერ მარტივი მარშრუტი ავირჩიე - პოლიტკოვსკაიას ქუჩა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„შეიყვანეთ გაჩერების სახელი და ID“, - დამიწერა პროგრამამ. აქ პირველად გავიგე, რომ ავტობუსის გაჩერებას შეიძლება რამე ერქვას და ნომერიც ჰქონდეს. რა თქმა უნდა, არც ერთი ვიცოდი, არც მეორე. გადავწყვიტე, უბრალოდ თსუ შემეყვანა, არ „ამოაგდო“, მერე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვცადე - ახლაც არაფერი, მერე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აქ ჯავახიშვილის ქუჩა შემომთავაზა, რექტორის სახელი და გვარი აღარ მიცდია...
მოკლედ, რადგან უნივერსიტეტი აპლიკაციაში ვერ ვიპოვე, უბრალოდ ჭავჭავაძის გამზირი N1 მივუთითე, უფრო სწორად #1, იქ ასე იყო შეტანილი (დღემდე ვერ გამიგია, რატომ წერენ დიეზს იქ, სადაც ნომერი უნდა ეწეროს). მოძებნა! აქვე უნდა ვთქვა, რომ ჭავჭავაძის გამზირის N2 რომ ჩაწერო, აპლიკაციას რეაქცია არ ექნება. მას მხოლოდ იმ მისამართის მოძებნა შეუძლია, რომელიც უკვე პროგრამაში არის შეტანილი, ასეთი კი, რა თქმა უნდა, ცოტაა.
მოკლედ, მარშრუტი დამიგეგმა. შემოთავაზებულ ავტობუსში ჩავჯექი და დანიშნულების ადგილას მივედი, თუმცა პროგრამაში მითითებულ დროზე 5 წუთით გვიან. ავტობუსში მჯდომმა კიდევ ერთხელ გავიაზრე, როგორი მოუწყობელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტურისტებისთვის, გაჩერებებს ინგლისურად არ აცხადებენ, როგორ უნდა მიხვდე, ან სად ხარ და ან სად მიდიხარ?!
მეორე დავალება - ვაზისუბნის მე-5 მიკროში მივეყვანე - აპლიკაციისთვის უფრო რთული გამოდგა: შემომთავაზა რუსთაველის მეტროში ჩავსულიყავი, ვარკეთილში ამოვსულიყავი და იქ კვაჭანტირაძის და ყაუხჩიშვილის ქუჩებს დავდგომოდი. თან გზადაგზა ასეთი ქართულით მარიგებდა: „წადი Track დაახლოებით 44 მეტრი“, „მარჯვნივ roud დაახლოებით 182 მეტრი“...
ვარკეთილის მეტროს ესკალატორს რომ გამოსცდები, რამდენიმე ამოსასვლელი გხვდება, გვირაბებში ძველმანების ბაზრობით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მეტროსადგურების უმეტესობას ასევე რამდენიმე ამოსასვლელი აქვს, აპლიკაცია არ გიზუსტებს, შენ რომლისკენ უნდა გაეშურო (მოგვიანებით იგივე დაემართა მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტშიც“). ამიტომ აქ გზის გაგნება ისევ მამაპაპური მეთოდით ვცადე, გამვლელების გამოკითხვით. უკვე მიწისზევით კი, აპლიკაციას რომ გავყევი, კვაჭანტირაძის ქუჩის ნაცვლად ვიღაცის საშაურმეში აღმოვჩნდი.
ამის შემდეგ ისევ კითხვა-კითხვით მივაგენი გაჩერებას, სადაც აპლიკაციის დაპირებული სამარშრუტო ტაქსი უნდა მოსულიყო. დაახლოებით 20 წუთი ველოდე, მაგრამ არც გზაზე გამოჩნდა რამე, არც იმ დაფაზე, სადაც ტრანსპორტის განრიგი იწერება.
აპლიკაცია გამოვრთე და სანამ მართლა დავიკარგებოდი, შინ დავბრუნდი. ვაზისუბნის მე-5 მიკრო მე იმ დღეს თვალითაც არ მინახავს.