ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი არა

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა.

"შეთანხმება. ევროპულმა საბჭომ ახლახანს გადაწყვიტა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისა და მოლდოვისთვის. ისტორიული მომენტი. დღევანდელი დღით აღინიშნება აუუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირისკენ თქვენს გზაზე. ვულოცავთ ვოლოდიმირ ზელენსკის და მაია სანდუს და უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთად ყოფნაშია." - წერს შარლ მიშელი ტვიტერზე.

ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას მას შემდეგ შეძლებს, რაც ევროკომისიის რეზოლუციაში გაწერილ პირობებს შეასრულებს.

ასევე ნახეთ შარლ მიშელი: ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭოს


17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საბუთში ნათქვამი იყო, რომ კომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

2021 წლის მაისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში მოაწერეს ხელი მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ძალისხმევის გაერთიანებას. 2021 წლის ივლისში, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თანდასწრებით, საქართველოში, პეტრას ციხეზე მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას და დაადასტურეს, რომ სამ ქვეყანას აერთიანებს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.

ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

17 ივნისს, საქართველო აღმოჩნდა „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.

"ქართული ოცნების" მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რადგან ვალდებულებები მათზე მეტად აქვს შესრულებული და ოპოზიციის ნაწილს, კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესთა წინააღმდეგ მუშაობაში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება ომმა განაპირობა.

ოპოზიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბრალს სდებს ევროპული კურსიდან გადახვევასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში.