- რისკენ მიუთითებს „ქართული ოცნების“ ახალი, და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მესიჯები და ქმედებები?
- რა მოითხოვეს „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და როგორ უპასუხებს მათ ხელისუფლება?
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს გამართული ხალხმრავალი, მშვიდობიანი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ბაკურიანში დაგეგმილი“ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ - „სირცხვილიამ“ დაიწყო, მაგრამ „ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული“.
„აქციის მონაწილეები არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს იმისთვის, რომ ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა. მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს“, - თქვა კობახიძემ 21 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დაახასიათა ასევე ნახეთ კალაძის თქმით, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა: "ხალხი ყველაფერს ხედავს, ხვდება"
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 21 ივნისს თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ბაკურიანში დაგეგმილი“ რევოლუციური სცენარი წყალში იმიტომ ჩაეყარა, რომ 20 ივნისის აქციაზე ბევრი ხალხი, და მათ შორის - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც მივიდნენ.
ასევე ნახეთ “შეგეშალა, ჩემო ძმაო” - რა ვნახე და მოვისმინე "შინ, ევროპაში"საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, დეპუტატებმა ბექა დავითულიანმა და ირაკლი ზარქუამ თქვეს, რომ 20 ივნისს, აქციაზე მათი მეგობრებიც გავიდნენ.
„განსხვავებული მრწამსის, განსხვავებული მსოფლმხედველობის [აქცია]... მათ შორის - ჩემი მეგობრებიც, უამრავი ადამიანი იყო, რომლებიც ერთიანად, მშვიდობიანად, ევროინტეგრაციის გზის მხარდამჭერები იყვნენ“, - თქვა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე.
მან ახალგაზრდებს („სირცხვილიას“ წარმომადგენლებს) მადლობაც გადაუხადა იმის გამო, რომ 20 ივნისს პარტიულ ლიდერებს ტრიბუნაზე ასვლის საშუალება არ მისცეს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ამ აქციის არა წამყვანი ძალა, არამედ პარტია „ცდილობდა, რომ ეს აქცია თავისზე გაეფორმებინა“ - თქვა ზარქუამ.
ასევე ნახეთ გუშინ ვიხილე პროევროპული არჩევანის ღირსეული და მშვიდობიანი გამოხატვა - ჰარცელიასევე ნახეთ ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია - მიშელი
„ქართული ოცნება“ არ უარყოფს, რომ აქციაზე ბევრი ხალხი იყო და ხალხი იქ ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად მივიდა.
„ბოლოს და ბოლოს, იქნებ ჩამოყალიბდეთ, გუშინ საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი თუ „ნაციონალური მოძრაობის“?... ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში“. გუშინ ამბობდით, რომ „ნაცების“ აქცია არისო, მერე ზოგმა ისიც თქვა, რუსების აქცია არისო. რომ დაინახეთ ასიათასობით ადამიანი გამოსული, ახლა აღარ იცით, რა ქნათ და ჩვენია ეს ხალხი, ჩვენი მხარდამჭერებიც იქ იყვნენო...", ასე მიმართა 21 ივნისს „ქართულ ოცნებას“ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
„ქართული ოცნების“ მესიჯები არეული და დაბნეული ეჩვენათ პარლამენტს მიღმაც.
EECMD-ს ხელმძღვანელსა და „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელ ლევან ცუცქირიძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებაში“ „არ იციან რა თქვან“ და „ვერ ჩამოყალიბდნენ, რადგან ქუჩაში ხალხის მართლაც შთამბეჭდავი რაოდენობა გამოვიდა“.
რატომ გამოვიდა ბევრი ხალხი?
„იმიტომ, რომ ფუნდამენტურ პრობლემას წააწყდა ხალხი. ისტორიულ მიჯნაზეა ქვეყანა და ხელისუფლებამ მოახდინა საბოტაჟი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღების წინააღმდეგ - ჯერჯერობით წარმატებით. ეს არის ისტორიული ეტაპი, რომლისთვისაც პოლიტიკური პარტიები კი არა, საქართველოს საუკეთესო თაობები იღვწოდნენ და საუკეთესო მამულიშვილები ეწირებოდნენ ამ იდეას და უცბად, ხალხი ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ გააფუჭა ეს ისტორიული საქმე - ევროპარლამენტარების ლანძღვით, ევროკავშირის შეთანხმებების დარღვევითა და არასაკმარისი დიპლომატიური ურთიერთობებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან ცუცქირიძე.
ის ვერ ხედავს მონდომებას, რომ ხელისუფლება რაიმეს შეცვლას ცდილობდეს იმისთვის, რომ 6 თვეში (როდესაც ევროკომისიამ პირობების შესრულებას უნდა გადახედოს) მაინც მოხერხდეს უკრაინისა და მოლდოვის პოზიციებთან გათანაბრება.
„თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, ხელისუფლებას შეეძლო, რომ აქამდეც გაეკეთებინა... მგონია, რომ თავისით არაფერს გააკეთებენ. უნდა დაინახონ, რომ სხვა გამოსავალი არა აქვთ... ხელისუფლებას უნდა უთხრას ხალხმა - ან ეს საქმე გააკეთოს, ანდა წავიდეს და ამ საქმეს გააკეთებს სხვა ვინმე... ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა ჩააფლავოს რომელიმე ხელისუფლებამ?!“, - გვეუბნება ცუცქირიძე.
„ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 21 ივნისს თქვა, რომ 20 ივნისის აქციაზე ბევრი ხალხი იყო, თუმცა საქართველოში „არის 3 მილიონი ადამიანი და მეტი, რომელიც მხარს უჭერს ევროპას“ და „ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%“.
და რას სთავაზობს "ოცნება" 85%-ს?
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ევროკავშირში და რომ 24 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაიწყება ევროკომისიის მიერ წამოყენებული პირობების შესრულება.
21 ივნისს, „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა ისიც, რომ ახლა საჭიროა „არა დაუმორჩილებლობა“, არამედ შეთანხმება, რადგან „ევროპა საქართველოს მომავალია“.
ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებადუპასუხოდ დარჩა შეკითხვები - კონკრეტულად როდის უნდა დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ პირობებზე და რატომ არ შეიძლებოდა, რომ ეს მუშაობა უკვე დაწყებული ყოფილიყო?!
„რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გვერდში დადგომოდით ხალხს? ... მთელი მსოფლიო განცვიფრებული და აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის ნებით, რომ ისინი არიან ევროპელები და სურთ ევროპულ ოჯახში დაბრუნება... რითი დაეხმარა მათ ხელისუფლება?! [17 ივნისიდან] 24-მდე ხომ იყო ერთი კვირა. თქვენ ხომ შეგეძლოთ გადაგედგათ რამდენიმე ნაბიჯი და კიდევ დარჩენილი, თუნდაც, 1%-იანი შანსი გამოგეყენებინათ [რომ იქნებ ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ შეცვალოს ევროკომისიის გადაწყვეტილება]“, - მიმართა უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.
დეოლიგარქიზაციაზე
21 ივნისს, ხალხმრავალი აქციის მეორე დღეს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელსაც ოპონენტები უმთავრეს რეკომენდაციად მიიჩნევენ; მაგრამ „ოცნება“ წინასწარვე აცხადებს, რომ ოლიგარქად არ ჩაითვლება ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროპარლამენტის რეზოლუციაში სწორედ ოლიგარქად არის მოხსენიებული.
„ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის“, - ასე მიმართა ოპონენტებს 21 ივნისს ირაკლი კობახიძემ და დააკონკრეტა, რომ, უკრაინის მსგავსი კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ოლიგარქების სიაში მოხვდებიან: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი.
ასევე ნახეთ დეოლიგარქიზაცია - საშვი ევროკავშირში? რა ხდება უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში ასევე ნახეთ თამარ კორძაია: მოლდოვამ გადააგდო ოლიგარქი, უკრაინამ - კანონი მიიღო, ჩვენ - გვყავსდემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი გვეუბნება, რომ მასშტაბური აქციის ფონზე, ხელისუფლება ცვლილებების აუცილებლობას ხვდება, მაგრამ „მან არ იცის, რა უნდა შეცვალოს“, რადგან ყველაფერი „ერთი კაცის [ბიძინა ივანიშვილის] ნებაზეა“ და „დიდი ალბათობით, ვერც შეძლებენ რეალური რეფორმების გატარებას“.
„ეს ის საკითხებია, რომელთა წინააღმდეგაც ხელისუფლება წლების განმავლობაში ხისტად გამოდიოდა. მეეჭვება, რომ, მაგალითად, იმავე სასამართლოს კლანის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას... ბევრს არა აქვს ნდობა და არ სჯერა, რომ ხელისუფლება, რომც თქვას, დაპირებას შეასრულებს. ბევრჯერ იყო, რომ მას დაპირება არ შეუსრულებია - სრულად პროპორციულ არჩევნებთან თუ "შარლ მიშელის შეთანხმებასთან" დაკავშირებით“, - ამბობს ნანუაშვილი. მისი ვარაუდით, საქმე ბოლოს რიგგარეშე არჩევნებამდე მივა.
ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილი 12 პირობის შესრულებას არც საპარლამენტო ოპოზიციაში მოელიან. როგორც „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა 21 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, „[ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი] ამ პუნქტების შინაარსი მხოლოდ ერთია, რომ - "ქართულმა ოცნებამ" უნდა დათმოს ძალაუფლება... და ამიტომ ილუზია არა მაქვს“.
რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ მაქსიმუმ 6 თვეში სრულად გამოჩნდება, რომ „ევროინტეგრაცია გაჩერდა“ და დადგება „ალტერნატივის საჭიროება“.
ასევე ნახეთ დეპუტატი ზილფიმიანი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების ინიციატივით მიმართავს