ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა დღეს, 21 ივნისს, მედიასთან საუბარში შეაფასა თბილისში 20 ივნისს გამართული ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია. მისი თქმით, აქციაზე მისულ ადამიანებს სურთ, ევროკავშირის მხრიდან მიცემული შესაძლებლობით ისარგებლონ.
„მე გუშინ ვნახე დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი გამოხატვა საქართველოს პროევროპული არჩევანისა. გვერდზე რომ გადავდო პოლიტიკური ხასიათის კომენტარები, რომლებზეც კომენტარებს არ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ, როგორც ყოველთვის, აღვნიშნავ, რომ აუცილებელია კანონიერ და მშვიდობიან ფარგლებში დარჩენა, გუშინ მე მოვუსმინე ბევრ, ბევრ ჩვეულებრივ ქართველს, რომლებიც გარეთ გამოვიდნენ და ისურვეს, რომ საქართველომ გამოიყენოს მომენტი და მიიღოს შესაძლებლობები, რომლებიც მას ახლა მიეცა ევროკავშირის მხრიდან და წინ გადადგას სწორი ნაბიჯები იმისათვის, რომ დე ფაქტოდ და რეალურად წინ წაწიოს საქართველოს ევროპული გეგმა. თუ ნებას მომცემთ, გავიხსენებ, თუ რა თქვა კომისიამ გასულ პარასკევს. ეს იყო ევროპული პერსპექტივის გახსნა უკრაინისათვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის. ეს, არ უნდა შეგვეშალოს, არის ძალიან მკაფიო „დიახ“ ევროკომისიის მხრიდან, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის მომავალი წევრი. გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ პრეზიდენტ მიშელს, რომელსაც ამ ქვეყანაში კარგად იცნობენ. ის ასევე ხაზს უსვამდა, რომ სწორედ ახლაა დრო იმის აღსანიშნავად, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს ძლიერი გზავნილებია. ამავე დროს, როგორც ვიცით, მოსაზრება საქართველოსთან დაკავშირებით ნაკლებად სახარბიელო იყო, ვიდრე მოსაზრებები უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით. ეს ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ ახლა უნდა გადაიდგას მტკიცე ნაბიჯები წინ, ამ მისწრაფებების საჩვენებლად. ამისთვის ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალი ევროკომისიისგან, რომელშიც ნათქვამია, თუ რა მოთხოვნები არსებობს საქართველოს მიმართ წინ წასაწევად. იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ვნახავთ, მივლენ თუ არა წევრი სახელმწიფოები ევროპის საბჭოში იმავე დასკვნამდე, როგორც ევროკომისია. ამის შემდეგ გზავნილი ძალიან მკაფიო იქნება - საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია. დროა, გულმოდგინე შრომისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად, გეგმის წინ წასაწევად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
გუშინ, 20 ივნისს, თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დაახასიათააქციის დაანონსების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ეს პარტიული შეკრება იქნებოდა. მათ შორის, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო.
აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობის დაწყებამდე, წაიკითხეს მანიფესტი, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, 2022 წლის 24 ივნისს, ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება.
შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, "ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე". მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას.