"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ დღეს ქვეყნის ხელისუფლება არ ზრუნავს ხალხსა და ქვეყნის მომავალზე. ამ სიტყვებით მიმართა მან 20 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ რამდენიმე ათას ადამიანს, რომლებიც მონაწილეობენ აქციაში - "შინ ევროპისკენ."
"ქართველი ხალხის ხელშია ქვეყნის მომავალი! ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრები. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ გვყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც არ იზრუნებს ჩვენზე, არ იზრუნებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე, არ იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის ნაწილი. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი მთავრობა გვყავს...
შეიძლება ვიღაცამ გითხრათ: კიდევ ერთხელ დაგვშალეს და შემდეგ კიდევ ერთხელ შეგვკრებენ და ამას აზრი არ აქვს. არა, მეგობრებო, ამას აქვს ძალიან დიდი აზრი - მთავრობას ეშინია ხალხის. მთავრობა ზუსტად ამიტომ ცდილობს, რომ დაგვანაწევროს, ერთმანეთი შეგვაძულოს, რომ არ გავერთიანდეთ და არ ვთხოვოთ, რომ ჩვენ უნდა დავუახლოვდეთ 6 თვეში ევროპას...
უნდა ვანახოთ ყველას, მათ შორის რუსეთს, რომ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა", - თქვა ეკა გიგაურმა.
ასევე ნახეთ გიორგი ქადაგიძე: უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლებასამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს. დღეს, 20 ივნისს, აქცია „გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე იმართება. მისი მიზანი ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა.
ხალხის სიმრავლის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრება.