სააკაშვილის განცხადებით, ევროპამ საქართველოს „დეოლიგარქიზაციისთვის" დრო წლის ბოლომდე მისცა

ფოტო არქივიდან: საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება დღეს, 20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას. ის აცხადებს, რომ ევროპამ საქართველოს „დეოლიგარქიზაციისთვის" დრო წლის ბოლომდე მისცა.

„მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამებრძოლს და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით. ყველა, ვინც მოგვიწოდებს დაველოდოთ რაიმე წყალობას, ვინმეს იძულებას, პრაქტიკულად გვთხოვს მორიგ ჯერზე მოვიტყუოთ თავი.

ჩვენი ევროპული მომავლის ბედი ჩვენს ხელშია. ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე. იმისთვის, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, ოლიგარქს მთავრობის სახით, მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამოეცალოს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე, გაიმართება ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიამ" დაგეგმა.

ასევე ნახეთ პაპუაშვილის შეფასებით, აქციის „შინ ევროპისკენ" მიზანია ხელისუფლების შეცვლის პირდაპირი მოწოდება

რამდენიმე დღის წინ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია

17 ივნისს კი, ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ასევე ნახეთ ევროკომისია: საქართველოს პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებით

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ასევე ნახეთ სარჯველაძე: პრიმიტიულად ნურავინ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს ფული აქვს, ოლიგარქია
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯი სააკაშვილის დაჭერით უკვე გადაიდგა

ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი, ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.