პაპუაშვილის შეფასებით, აქციის „შინ ევროპისკენ" მიზანია ხელისუფლების შეცვლის პირდაპირი მოწოდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ის აცხადებს, რომ შეკრების მიზანი ხელისუფლების შეცვლისკენ პირდაპირი მოწოდებაა.

„ამ აქციის მიზანი რაც არის, ვხედავთ - პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის და ა.შ. როგორც პოლიტიკოსების, ასევე, სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლების განცხადებებიც იყო, რომ უნდა გავყაროთ, უნდა გავაგდოთ და ა.შ. მგონი, სოციალურ ქსელს ყველა თვალყურს ვადევნებთ. ევროპა და ევროპული კომისია თავის რეკომენდაციებში ამბობს, რომ იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატობის სტატუსი მიენიჭოს, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ დეპოლარიზაცია მოახდინოს. ამ პოლარიზაციის ნაწილი, სამწუხაროდ, არის მედიაც და სამოქალაქო სექტორის ნაწილიც. აქციის მონაწილეები ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებენ - აღვივებენ პროცესს“, - თქვა პარლამენტის სპიკერმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ევროკომისიის დასკვნას ოპოზიცია პოლარიზაციისთვის იყენებს.

„ამ შემთხვევაშიც ევროპული კომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური პოზიცია, რასაც ჩვენ ველოდით. ჩვენ გვქონდა პროგნოზები ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. თავიდანვე მარტივი სცენარი იყო მოაზრებული. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც იქნება დღეს, დღევანდელ აქციაზე და ამის საბოლოო წერტილი არის, რა თქმა უნდა, ომი, რასაც ისინი ნატრულობენ საქართველოში. თუმცა, ვერც არეულობის სცენარი და ვერც ომის სცენარი ვერ იქნება წარმატებული, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, - აღნიშნა კობახიძემ.

დღეს, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე, გაიმართება ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიამ" დაგეგმა.

რამდენიმე დღის წინ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია

17 ივნისს კი, ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ასევე ნახეთ ევროკომისია: საქართველოს პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებით

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ასევე ნახეთ სარჯველაძე: პრიმიტიულად ნურავინ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს ფული აქვს, ოლიგარქია
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯი სააკაშვილის დაჭერით უკვე გადაიდგა

ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი, ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.