"ამ მთავრობისგან ასეთ კრიტიკულ პერიოდში აბსოლუტურად ყველაფერს ველოდები და ყველაფრისთვისაც მზად ვარ", - უპასუხებს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია თავისუფლების კითხვას: შეიძლება თუ არა, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს ან, მაგალითად, გამოკითხვაზე დაიბაროს.
"არის, რა თქმა უნდა, სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ეწევა ის [ელენე ხოშტარია] რეზიდენტულ საქმიანობას", - თქვა დღეს, 17 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "დროას" ლიდერსა და ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე შეურიგებელ ოპონენტზე.
"ძალიან მარტივად უნდა დავსვათ კითხვა. პირველ რიგში, რატომ იღებდა რუსულ ფულს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მისთვის არის გულისამრევი ყველაფერი რუსული… მეორე, უნდა დავინტერესდეთ, რაიმე კავშირი ხომ არ აქვს, მაგალითად, იგივე 20 ივნისის აქციასთან, ვგულისხმობ როგორც წინა 20 ივნისის აქციას, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ 20 ივნისის აქციას… საინტერესოა ეს ყველაფერი და ამით უნდა დაინტერესდეს ყველა…" - თქვა ირაკლი კობაძიძემ.
ჯერ კიდევ 5 დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა "სირცხვილიას" მიერ დაგეგმილ 20 ივნისის აქციაზე წინასწარ თქვა, რომ ეს შეკრება მშვიდობიანი არ იქნება და ძალის გამოყენების მზადყოფნაც გამოთქვა.
"...უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია - თითქოს, ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით... მე მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრებო, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას. ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების უფლებას და სტაბილურობას", - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.
ელენე ხოშტარიას, უფრო ზუსტად კი, მისი მამის, ხელოვნებათმცოდნის და 1990-91 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის გოგი ხოშტარიას შემოსავლების წარმომავლობა საჯარო განხილვისა და პოლიტიკური თავდასხმის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ამ თემას რეპორტაჟი მიუძღვნა ტელეკომპანია "იმედმა".
"ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე [რუსეთიდან] პერიოდულად საკმაოდ სოლიდური თანხა ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე. გადარიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც", - ამბობდა ჟურნალისტი.
ამას წინ უძღოდა 10 ივნისს "დროას" ლიდერის ბრიფინგი, სადაც ხოშტარიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები დაასახელა და რუსული კავშირის გამო მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. ამ ჩამონათვალში მოხვდა "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძეც.
ასევე ნახეთ ხოშტარია ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ასახელებს და მათ სანქცირებას ითხოვს
პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ მალევე დაადასტურა, რომ გოგი ხოშტარია 25 წელია, რაც ჰონორარს მართლაც იღებს სპექტაკლებიდან, რომლებიც სანქტ-პეტერბურგის მარიას ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე იდგმება.
"25 წელია, მამაჩემი, ანუ ჩემი ოჯახი, ცხოვრობს იმ მემკვიდრეობით, რომელიც ამ ოჯახს სულიკო ვირსალაძისგან ხვდა წილად. მამაჩემი არის მისი მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები იდგმება მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან, რაც არის ღია. პროპაგანდის მეშვეობით მოუნდათ ამ ტყუილის თქმა, თითქოს [ეს] კგბ-ს ფულია და, რაც მთავარია, ამას აკავშირებენ 20 ივნისთან. ეს არის მათი პოლიტიკური ამოცანა", - ამბობს ელენე ხოშტარია თავისუფლებასთან.
მისივე თქმით, რუსეთის საავტორო ორგანიზაციასთან კონტაქტი ოჯახმა უკრაინის ომის დაწყებამდე გაწყვიტა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში განმარტავენ, რომ რადგან პოლიტიკოსის ოჯახის წევრის შემოსავლის რაოდენობისა და წყაროს შესახებ ინფორმაციამ მედიაში გაჟონა, ისინი მოკლუბულნი არიან შესაძლებლობას, გამოიკვლიონ, როგორ გახდა ხელმისაწვდომი პოლიტიკოსის მამის, გოგი ხოშტარიას პერსონალური მონაცემები.
საჯარო სამსახურში ყოფნისას პოლიტიკოსს სხვადასხვა დროს რამდენჯერმე აქვს შევსებული დეკლარაცია, თუმცა არცერთ მათგანში არ აქვს მითითებული, რომ ის მამასთან ერთად ცხოვრობს და, შესაბამისად, გასაჯაროებული არ აქვს მისი ქონება და შემოსავლები.
ჰონორარი და ბანკის ამონაწერი, კანონით დაცული ინფორმაციაა. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, ბანკის ამონაწერის მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია, ჰონორარის ოდენობა კი - კონფიდენციალური. ამ ინფორმაციის გამჟღავნება მხოლოდ მხარეთა თანხმობითაა შესაძლებელი.