პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების სანქცირებას ითხოვს. საქართველოზე ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ, იგი პარტნიორ ქვეყნებს მიმართავს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეეხოს მასთან დაკავშირებულ ბიზნესმენებსაც.
"ჩვენ კარგად ვიცით, რომ ოლიგარქიული მმართველობა დგას გარკვეულ საყრდენებზე. ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი ოლიგარქიული პირამიდა არსებობს, რომელთა სანქცირებაც იქნება მნიშვნელოვანი. მინდა საზოგადოებას გავაცნო იმ ბიზნესოლიგარქიული ადამიანების სია, რომელთა სანქცირებაზეც ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას თქმით, სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდნენ:
- დავით ხიდაშელი - "ღიად კრემლთან დაკავშირებული; ვლადიმირ ევტუშენკოვის მარჯვენა ხელი; რომელიც მონაწილეობდა ბევრ პრორუსულ სპეცოპერაციაში და რომელიც დღეს სარგებლობს საქართველოში ეკონომიკური შეღავათებით";
- უჩა მამაცაშვილი - "ის არის, პრაქტიკულად, საქართველოში არაფორმალური მმართველი ეკონომიკის, ფლობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და არის სანკტ-პეტებურგის ყოფილი მერის პარტნიორი, რომელიც ასევე არის სანქცირებული";
- ვანო ჩხარტიშვილი - "გარდა იმისა, რომ მონაწილეობდა არაერთ კორუფციულ გარიგებაში, მაგალითად თამბაქოს სფეროში, მისი ღია და ოფიციალური მმართველია "როსნეფტი", რომელიც ფლობს 49 პროცენტს ფოთის ნავთობ ტერმინალში";
- ოთარ ფარცხალაძე - "მაფიოზი, რომელიც იყო პროკურორი. მას შემდეგ, რაც მოუწიათ მისი გადაყენება რჩება პროკურატურის და ფინანსური პოლიციის მაკონტროლებლად. ასევე, არის კორუფციულ ბიზნეს გარიგებაში";
- ირაკლი რუხაძე - "ის, გარდა იმისა, რომ ბევრ ჩრდილოვან კორუფციულ გარიგებაშია, ღიად ფლობს პროპაგანდისტულ მედიებს, როგორიც არის "იმედი", "მაესტრო" და GDS - ამგვარად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში და ღიად ამბობს, რომ საქართველო არ უნდა ასრულებდეს საერთაშორისო სანქციებს".
"ეს არის ნაწილი იმ პატარა ოლიგარქებისა, რომლებზეც დგას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა. ამ ადამიანების სამხელი მასალები გვაქვს, შევაგროვებთ მასალებს და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს იმისთვის, რომ მოვარღვიოთ ჩვენი ქვეყნის მთავარი დაბრკოლება", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ დროისათვის შეზღუდვები არ მოქმედებს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ 4 მარტიდან იგი ფაქტობრივი სანქციების პირობებში იმყოფება.
"4 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. 24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები", - თქვა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა.