საქართველოში მყოფი პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილე მალგორჟატა გოშიევსკა ამბობს, რომ არ შეუშვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. ამის შესახებ მან განაცხადა კლინიკა "ვივამედის" წინ, სადაც მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდაა გადაყვანილი.
"მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავიეცკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ არის, რომ პატიმრობაში იყოს და დაისაჯოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მე მგონი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება პატიმრობაში ქართული სასამართლოს მისჯილი ბრალდებით.
თუ სახელმწიფო და მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, მაშინ რა უნდა ქნას უბრალო, ჩვეულებრივმა ადამიანმა", - თქვა პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილემ.
მან კლინიკა "ვივამედთან" ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლონეთმა არაერთხელ გამოხატა მზაობა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.
პენიტენციურ სამსახურის პრესსამსახურში ამ ეტაპზე რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
მალგორჟატა გოშიევსკამ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზეც დღეს, 17 ივნისის დილით, მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვაში.
"საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფს, რომ ჩაეტარებინათ სამედიცინო კვლევა. ასევე, შეუძლებელია ჰუმანიტარული დახმარების კუთხით მიიღოს მკურნალობა საზღვარგარეთ. ეს ბარბაროსობაა, რასაც საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან.
ძვირფასო ქალბატონებო და და ბატონებო, ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი. არ შევეგუოთ ამას", - თქვა მალგორჟატა გოშიევსკამ.
ასევე ნახეთ პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილე სააკაშვილზე: მსოფლიოს თვალწინ იღუპება, არ შევეგუოთ ამასსაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპატიმროში შიმშილობის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკურნალობის კურსს გადის კლინიკა "ვივამედში. ოჯახი და გუნდი ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანის ნებართვას ითხოვენ, მთავრობა კი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის ქვეყანაში სექტემბრის ბოლო რიცხვებში, თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. მას ორ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 6-წლიანი პატიმრობა.
2018 წელს მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში და 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. ბოლო, მესამე საქმე, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის მუხლით აღიძრა.
მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.