ელენე ხოშტარია პასუხობს "იმედს", რუსეთიდან ოჯახის წევრისთვის ფულის ჩარიცხვაზე

ელენე ხოშტარია, პარტია "დროას" დამფუძნებელი

ოპოზიციური პარტია "დროას" ლიდერი პასუხობს ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთიდან მისი ოჯახის წევრისთვის ფულის ჩარიცხვის შესახებ. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მამამისი, გოგი ხოშტარია აღნიშნულ თანხას ჰონორარის სახით იღებს.

"მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია", - წერს ხოშტარია "ფეისბუკზე".

დილის საინფორმაციო გამოშვება "ტელეიმედმა" დღეს, 16 ივნისს, ელენე ხოშტარიას შემოსავლების შესახებ ინფორმაციით დაიწყო. "ქრონიკის" წამყვანმა, კერძოდ, თქვა:

"ელენე ხოშტარია უმძიმეს სკანდალში ეხვევა. "ქრონიკისთვის" ცნობილი ხდება, რომ მისი ოჯახის წევრის ანგარიშზე პერიოდულად საკმაოდ სოლიდური თანხა ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე. გადარიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც".

ასევე ნახეთ ხოშტარია ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ასახელებს და მათ სანქცირებას ითხოვს

ამ ინფორმაციის მაყურებლისთვის მიწოდებისას საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა აღნიშნა ისიც, რომ ხოშტარიამ "იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა, მისი თქმით, რუსული კავშირების გამო.

"ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა "იმედი". მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან...

არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს", - თქვა ხოშტარიამ.

10 ივნისს "დროას" ლიდერმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც დაასახელა "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები და მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. ამ ჩამონათვალში მოხვდა ირაკლი რუხაძეც, "იმედის" მფლობელი.

"ის, გარდა იმისა, რომ ბევრ ჩრდილოვან კორუფციულ გარიგებაშია, ღიად ფლობს პროპაგანდისტულ მედიებს, როგორიც არის "იმედი", "მაესტრო" და GDS - ამგვარად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში და ღიად ამბობს, რომ საქართველო არ უნდა ასრულებდეს საერთაშორისო სანქციებს", - თქვა ხოშტარიამ რუხაძეზე.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია