მაკრონის იდეა და სტოლტენბერგის დაპირება მოახლოებული სამიტების წინ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 2019 წელი

ბრიუსელის სამიტამდე  8 დღით ადრე, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ ვის მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის  სტატუსს ევროპული საბჭო. იქნებიან ეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა -  ე.წ. ასოცირებული ტრიო - სამივე ერთად? გამოარჩევენ საქართველოს? რას იტყვიან სტატუსის მომლოდინე ბალკანეთის ქვეყნებზე?

თებერვლის ბოლოს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ არა მარტო ტრიოს გაუჩინა შანსი, არამედ კიდევ უფრო ინტენსიური გახადა მოწოდებები მონტენეგროს, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და კოსოვოს ბლოკში სრულად გაწევრიანებისკენ ან რაიმე ალტერნატივის გამონახვისკენ.

ასევე ნახეთ შოლცი: გერმანიის მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება

ევროკომისია რეკომენდაციებს 17 ივნისს გამოაქვეყნებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, მომავალ კვირაში, 24-25 ივნისის სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ.

სამიტამდე დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების“ შექმნის იდეა წამოაყენა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით მაკრონის წინადადება სამიტზე 23 ივნისის დღის წესრიგის პროექტში არის შეტანილი.

“აღნიშული გაერთიანება არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივა და არ შეცვლის ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს. არამედ დაეხმარება გაწევრიანების მსურველ ევროპულ ქვეყნებს, რათა გაწევრიანებამდე განამტკიცონ წევრ სახელმწიფოებთან პოლიტიკური კავშირები, მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრაში თანამდევი მონაწილეობით და, აუცილებლობის შემთხვევაში, ევროკავშირის შიდა ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაციის მხრივ“, - წერია საფრანგეთის მიერ წარდგენილ წინადადებაში, რომლის ტექსტიც რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიურომ მოიპოვა.

„გაუჭირდება მაკრონს მაგ იდეის გატანა. ძალიან სკეპტიკურად უყურებს ამ იდეას პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და სხვებიც. ადრეც იყო მსგავსი მცდელობა და დაიბლოკა. ვნახოთ, აქვს თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტს ამჟამად დამატებითი ბერკეტი. თანაც გადაწყვეტილებას კონსენსუსი სჭირდება. სამიტის მერე პრეზიდენტობას ჩეხეთი გადაიბარებს, რომელიც ამ იდეით აღფრთოვანებული არ არის“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერება აქტიური მსჯელობის საგანია ნატოს შტაბბინაში, სადაც 15 ივნისს ალიანსის თავდაცვის მინისტრები უკრაინისათვის საჭირო შეიარაღების გადაცემაზე მსჯელობდნენ.

„რამშტაინის შეხვედრა“ - დახმარება უკრაინისა და საფრთხის ქვეშ მყოფი საქართველოსთვის

ნატოს მინისტერიალზე ბრიუსელში მოკავშირე ქვეყნებმა მიიწვიეს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, რათა, როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსის სამხედრო ლიდერებს მისგან მიეღოთ ინფორმაცია, თუ რა შეიარაღება ესაჭიროება რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ უკრაინას.

„მოკავშირეები მზად არიან მიაწოდონ უკრაინას ტექნიკა, რომელიც აუცილებელია მისი გამარჯვებისთვის, მათ შორის, მძიმე შეიარაღება და შორი რადიუსის მოქმედების სისტემები. ჩვენ ასევე განვიხილავთ პრაქტიკულ დახმარებას სხვა, საფრთხის წინაშე მდგარი პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 15 ივნისს, ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალიანსის გენერალური მდივნის თანახმად, თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, 15 ივნისს, საღამოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, შვედეთისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებს ხვდებიან.

შეკითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ საქართველოსთვის ნატოს მადრიდის სამიტზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოსთვის დახმარება დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„ვფიქრობ, რომ უკრაინაში სასტიკი შეჭრის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნატოს მოკავშირეებმა გააძლიერონ თავიანთი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე დაუცველები არიან. რა თქმა უნდა, საქართველოც ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. რუსეთი საქართველოს გარკვეულ ადგილებში უკვე შეიჭრა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს. ველოდები, რომ მოკავშირეები პრაქტიკული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან, რათა გაიზარდოს საქართველოს უნარი, წინ აღუდგეს რუსეთის ინტერვენციას“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მედიასთან კომენტარში არ დაუზუსტებია რა პრაქტიკულ დახმარებას საჭიროებს და რას მოითხოვს დამატებით სააართველო

„დღეს პირველად მე დავესწრები ე.წ. რამშტაინის შეხვედრას, სადაც არის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი. საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ იარაღით ვერ ეხმარება უკრაინას, არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაინც მიიწვიეს აღნიშნულ ფორმატში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ფინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და ვისაუბრეთ ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ ხედავენ სხვადასხვა ქვეყნები რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებს. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ყველა ამოცანა იქნება გადაჭრილი“, - თქვა ბურჭულაძემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელი მინისტერიალის ფორმატში ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. ამ შეხვედრების მთავარი საკითხია საქართველოსთვის ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსის განხილვა.

„თავდაცვის მინისტრებმა ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღგვითქვეს. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ბუნებრივად თუ ხელოვნურად შეექმნა საქართველოს ამ გზაზე, შედეგი გარდაუვალია“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საქართველო და უკრაინა 14 წელია ელოდებიან ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას. ნატოს ბუქარესტის სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის დასაწყისში გაიმართა, ორმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ არაერთი დაპირების მიუხედავად ვერ მიიღო MAP-ი.

უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა იმის გამო, რომ 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკრაინას MAP-ი დაუბლოკეს და ამით რუსეთს მისცეს საფუძველი ეფიქრა, რომ უკრაინა მისი გავლენის სფეროში რჩებოდა.

კანცლერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მერკელმა პირველი დიდი ინტერვიუ 7 ივნისს მისცა გერმანელ მწერალს და ჟურნალისტს, ალექსანდერ ოზანგს.

მერკელის თანახმად, დარწმუნებული იყო, რომ პუტინი ნატოს გაფართოებას არ დაუშვებდა და ომის გამოცხადებად ჩათვლიდა. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ისიც განაცხადა, რომ 2008 წელს, უკრაინაში დიდი პოლიტიკური განხეთქილება იყო და ქვეყანას არ ჰქონდა მყარი დემოკრატია და სტაბილურობა.

ასევე ნახეთ მერკელმა ახსნა, რატომ დაუბლოკა საქართველოს და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა

ანგელა მერკელმა დაგმო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა და განაცხადა, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მერკელის თქმით, პუტინის სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება მიმართულია დასავლური დემოკრატიული მოდელის წინააღმდეგ და სურს გაანადგუროს ევროპა და ევროკავშირი, რადგან მასში ხედავს პირველ საფეხურს ნატოსკენ.

„მოტყუებას ჩვენ არ გადავყლაპავთ“

ივნისის ბოლოს ევროკომისიისა და ნატოს სამიტი ერთიმეორის მიყოლებით დაგეგმილ ორივე უმაღლესი დონის შეხვედრაზე მთავარი თემა იქნება რუსეთ-უკრაინის ომი და ამ ფონზე ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე მდგარი ამოცანები.

„საერთოდ ევროპის ინტეგრაციის პროცესი, დღეს საგრძნობლად პოლიტიზებული გახდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც რუსეთის აგრესიამ, რუსეთის 2014 წლის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აღადგინა ნატოს არსებობის აზრი, ისევე რუსეთის ამჟამინდელმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ არსებითად გაზარდა ევროკავშირის წონა, რისი უარყოფაც არ შეიძლება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა 15 ივნისის ბრიფინგზე დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ალიანსის სამიტზე ელოდებიან იმ ფორმატში, რომელშიც იგი უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

ასევე ნახეთ ნატო გეგმავს გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება და "პრაქტიკული დახმარება" აღმოუჩინოს საფრთხის ქვეშ მყოფ საქართველოს და სხვა ქვეყნებს

11 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა კიევში მყოფ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს პირდაპირ უთხრა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, მთელი ევროპული პროექტის მომავალი იქნება დამოკიდებული.

„ახლა დგინდება, როგორი იქნება ერთიანი ევროპის მომავალი და იქნება თუ არა საერთოდ ეს მომავალი. ევროკავშირის დადებითი პასუხი უკრაინის წევრობის განაცხადზე ასევე შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე, აქვს თუ არა ევროპულ პროექტს საერთოდ მომავალი“, - განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ასევე ნახეთ ზელენსკი-ფონ დერ ლაიენს: უკრაინის განაცხადზე ევროკავშირის პასუხი განსაზღვრავს, აქვს თუ არა მომავალი ევროპულ პროექტს

მოსალოდნელია, რომ 17 ივნისს კომისია ევროკავშირის წევრებს ურჩევს, უკრაინას მიანიჭონ ბლოკში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იმ პირობით, რომ ქვეყანა პატივს სცემს კანონის უზენაესობას და აქტიურად შეებრძოლება კორუფციას. ამის შესახებ Bloomberg-ის წყაროები იუწყებიან.

გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს ბლოკის ყველა, 27 წევრმა ქვეყანამ. თუ პასუხი დადებითი იქნება, უკრაინას მოუწევს რეფორმების გატარება, რათა შეასრულოს ევროკავშირის ყველა წესი და სტანდარტი. ამ პროცესს შეიძლება ათ წელზე მეტი დასჭირდეს.

ასევე ნახეთ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, გამოდის "პოლიტიკური გაერთიანების" იდეით მსურველი ქვეყნებისთვის

მაგრამ კიევში პრინციპულად არიან განწყობილნი. უკრაინის ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან უთანასწორო ომში ყოველდღე დაახლოებით 100 ჯარისკაცს კარგავს, ევროკავშირს კი არ სთხოვს, არამედ მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ“, - განაცხადა კულებამ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ახალი “ევროპული პოლოტიკური გაერთიანების” იდეის კომენტირებისას

ასევე ნახეთ ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ: კულება უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე შესაძლო უარზე

კიევში დარწმუნებული არიან, რომ ემანუელ მაკრონის ავტორიტეტისა და გავლენის მიუხედავად, მისი ინიციატივა განხილვის სტადიას ვერ გასცდება.

„ვფიქრობ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების საკითხის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება - ეს ორი სხვადასხვა რამ არის. იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ უკრაინის ამჟამინდელი პოლიტიკური ადვოკატები, საეჭვოა, დათანხმდნენ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და, შესაბამისად, უკრაინის ისეთ ვითარებაში ჩაყენებას, როდესაც არავინ იცის, თუ როდის ეღირსება ის ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსს. მეორე მხრივ, ცხადია, რომ მაკრონს პატივს სცემენ, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერს. მაგრამ ბევრი იქნება დამოკიდებული საფრანგეთში არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე. თუ ვინ შექმნის კოალიციას, როგორი იქნება ეს კოალიცია და ემუქრება თუ არა მაკრონს, მემარცხენეების ალიანსის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ (ჟან-ლუკ) მელანშონთან თანაარსებობა“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომლის განცხადებებმაც ცოტა ხნის წინ კიევში უკმაყოფილება გამოიწვია, ოთხშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „რაღაც მომენტში“ უკრაინის პრეზიდენტს და ამ ქვეყნის სხვა წარმომადგენლებს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წასვლა მოუწევთ.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შევაჩეროთ რუსეთის სამხედრო ძალები, დავეხმარებით უკრაინას, მის არმიას და ხელს შევუწყობთ მოლაპარაკებების გაგრძელებას“, - განაცხადა მაკრონმა რუმინეთის საზღვაო ქალაქ კონსტანცაში განლაგებულ ნატოს სამხედრო ბაზაზე სტუმრობის დროს.

უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა მაკრონის ადრინდელ ნათქვამს, რომ შეუძლებელია რუსეთის „დამცირება“.

„საფრანგეთმა პირველივე დღიდანვე განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია“, - აღნიშნა მაკრონმა, როდესაც მას შეეკითხნენ რუსეთის თაობაზე მის ამ განცხადებებზე და დასძინა: „მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო: ჩვენ არ ვეომებით რუსეთს. უკრაინის პრეზიდენტსა და მის მოხელეებს მოუწევთ რუსეთთან მოლაპარაკებები“.

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში მაკრონი მოლდოვასაც ეწვევა. მანამდე არაერთი მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ 16 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად, კიევში ჩავა. მაკრონმა ეს ცნობა არც დაადასტურა და არც უარყო, ხოლო კიევში საფრანგეთის პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტი ელისეს სასახლის მიერ ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.