Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო გეგმავს გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება და "პრაქტიკული დახმარება" აღმოუჩინოს საფრთხის ქვეშ მყოფ საქართველოს და სხვა ქვეყნებს


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს საღამოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში უკრაინის, საქართველოს, შვედეთისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდებიან.

"ეს შეხვედრა შესაძლებლობას მისცემს მინისტრ რეზნიკოვს (უკრაინის თავდაცვის მინისტრს), რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია იმაზე, რაც სასწრაფოდ ესაჭიროება უკრაინას. მოკავშირეები მზად არიან მიაწოდონ უკრაინას ტექნიკა, რომელიც აუცილებელია მისი გამარჯვებისთვის, მათ შორის მძიმე შეიარაღება და შორი რადიუსის მოქმედების სისტემები. ჩვენ ასევე განვიხილავთ პრაქტიკულ დახმარებას სხვა, საფრთხის წინაშე მდგარი პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 15 ივნისს, ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიფინგზე დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს სამიტზე ელოდებიან იმ ფორმატში, რომელშიც იგი უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

"მოუთმენლად ველი, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე ნატოს ლიდერებს მიმართავს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ოთხშაბათის შეხვედრაზე ალიანსის თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ასევე კარს მომდგარი სამიტის დღის წესრიგზე. ნატოს სამიტი, რომელსაც სტოლტენბერგმა "ისტორიული და გარდამტეხი" უწოდა, 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართება.

XS
SM
MD
LG