მმართველი პარტიის თავმჯდომარე აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც, მისი განცხადებით, არ თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს ირიბი სანქციები. ირაკლი კობახიძის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს კარგად უნდა ესმოდეს ის, რაზეც რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის ადვოკატმა სანქციებთან დაკავშირებით ილაპარაკა.
"სალომე ზურაბიშვილმა აბსურდი უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადება პირველად არა მმართველმა პარტიამ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა. როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს, ეს რას ნიშნავს, საზოგადოებას კარგად ესმის და წესით, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე რატომ ცდილობს ის ირიბი სანქციების თემის დაკნინებას, გაუგებარია და ამაზე მსჯელობაც საზოგადოებისთვის მიგვინდვია", - თქვა კობახიძემ.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის სალომე ზურაბიშვილივით გულუბრყვილო და არ ჰგონია, რომ მისი სანქცირების საკითხი ევროპარლამენტის რეზოლუციაში "ქართლი ოცნების" უმოქმედობის გამო მოხვდა.
"ირიბი სანქცია რეზოლუციამდეც იყო. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ირიბი სანქციები მის წინააღმდეგ მანამდეც მოქმედებდა, ეს უბრალოდ აისახა რეზოლუციაში ლობისტების მეშვეობით. ასევე, როცა ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილს ეს ირიბი სანქციები ვერ შეაშინებს, ეს კარგად უნდა გაიაზროს როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ასევე თითოეულმა მოქალაქემ.
ეს მართლაც ასეა - ვერავითარი ირიბი ან პირდაპირი სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებს და ვერ გახდება მისთვის მოტივაცია ხელისუფლებას მიუბრუნდეს, შემოვიდეს პოლიტიკაში და აიძულოს ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. ამას ვერ ეღირსება ვერავინ! - მათ შორის, პირველ რიგში, ისინი, ვინც აწესებს პირდაპირ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თუ მოითხოვს ამ სანქციების დაწესებას", - აღნიშნა კობახიძემ.
გუშინ, 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ბრიუსელში ჩასულს დახვდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე "გაფუჭებული საქმე", რომელიც სხვადასხვა კუთხით გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთად პრეზიდენტმა ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხის ჩაწერა დაასახელა.
"ევროპარლამენტის რეზოლუციაში ["გაფუჭებული საქმე"] ყველაზე ნათლად იმ ნაწილში გამოჩნდა, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში და ეს ეხებოდა ევროპარლამენტის ყველა პარტიას", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის გზავნილები და მისი ადრესატები9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციაიმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ დროისათვის შეზღუდვები არ მოქმედებს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ 4 მარტიდან იგი ფაქტობრივი სანქციების პირობებში იმყოფება.
"4 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. 24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები", - თქვა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა.
ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: 4 მარტიდან ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში