„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 14 ივნისს გაკეთებულ გაცხადებებს. მათ შორის - პრეზიდენტის მოსაზრებას ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან და იმ სანქციებისადმი მიმართებასთან დაკავშირებით, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა უკრაინაში წარმოებული ომის გამო.
„რაც შეეხება უკრაინის, სანქციებისა და "მეორე ფრონტის" თემას, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა, ქართველი ქალებიცა და ბავშვებიც უნდა იხოცებოდეს, ეს არის დანილოვის ცნობილი ციტატა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არც მიგვაჩნია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: რომ არა ჩვენი ხელისუფლება, დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლიმისი თქმით, ორი კვირის წინ, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეულ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დებატების დროს, ოპოზიციამ ერთმანეთისგან ვერ გაარჩია სანქციები და სანქციებისგან გვერდის ავლის მექანიზმები. „ის, რაზეც მაშინ ოპოზიციას სამართლიანად დასცინეს, ახლა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა“,- განაცხადა კობახიძემ.
„საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მეორე ფრონტის" თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ციტატა: "მეორე ფრონტის რისკის საფრთხე არ არსებობს". ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში არა ნატოს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კარგად მოიკითხოს. არაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მათი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად. სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს, საბედნიეროდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის გზავნილები და მისი ადრესატები
საქართველოს პრეზიდენტმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებას უსაყვედურა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე გამოხატული პოზიციის გამო. გარდა ამისა, მან „მეორე ფრონტის“ თემას მოგონილი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-იდან და ევროპიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა მეორე ფრონტის შესახებ.